"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

ვიტ ჯორჯია მეთოთხმეტეზე ავიდა

ილია ნანობაშვილი 

მცხეთიდან

"ვიტ ჯორჯიამ" ზედიზედ მეთოთხმეტე მატჩი მოიგო ჩემპიონატში და "დინამოს" მოსვენებას არ აძლევს - ერთი გამარჯვების გაწვდენაზეა, რათა ლიდერობა გაუცვალოს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ორ კვირაში მცხეთაში "ვიტ ჯორჯია" - "დინამოა"...

მასპინძლებს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დისკვალიფიცირებული ირაკლი კლიმიაშვილი აკლდათ, მაგრამ დიდი ოფლისდენა არ დასჭირვებიათ იმ "მერანის" წასაქცევად, რომელმიც ლამის ყველა მატჩში ცვლის შემადგენლობას სხვადასხვა მიზეზის გამო.

გუშინ ლაშა ჯანგიძემ, ვლადიმერ გოჩაშვილმა, ბექა ჟღენტმა და ეროვნული ნაკრების მეკარე რევაზ თევდორაძემ არ ითამაშეს.

ერთადერთი, რაც შაბათს "არმაზზე" იყო, ამინდია. ფეხბურთი კი... "მერანი", ასე თუ ისე, ცდილობდა თამაშის გამწვავებას, მაგრამ მაინც ცალკარა გამოვიდა, რაკიღა გრიგოლ ბედიაშვილს ერთხელაც არ დასჭირვებია გადახტომა.

პირველ ტაიმში სულ სამი საგოლე მომენტი შექმნეს ვიტელებმა - გიორგი ბერიაშვილი ორჯერ გავიდა მეკარესთან პირისპირ და ორჯერვე დააყოვნა დარტყმა, ერთხელ მცველი ჩაუხტა ფეხებში, მეორედ კი მერანელთა მეკარეს უნიათოდ უგდებდა ბურთს თავზე და არაფერი გამოუვიდა. სამაგიეროდ, გიგა ბეჭვაიამ გაიტანა: პაატა დათუნაიშვილის კუთხურიდან ჩაწოდებულს თავური შეაგება და 26-ე წუთზე 1:0 გახდა.

მეორე ნახევარი მხოლოდ იმით განსხვავდებოდა პირველისგან, რომ ორი გოლი გავიდა და ესეც "მერანის" დაღლილობას უნდა მივაწეროთ - ბოლო 15 წუთში საერთოდ ვეღარ უწევდნენ წინააღმდეგობას მასპინძლებს.

პაატა დათუნაიშვილმა ლუკა რაზმაძის პასით იხეირა, 15-ოდე მეტრიდან შორეულ კუთხეში დაარტყა და 2:0; ბოლო წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ჯაბა ლიპარტიამ თავით შეაგდო - 3:0.

ამას გარდა, გიორგი დათუნაიშვილმა და ლიპარტიამ (ორჯერ) გაანიავეს კარგი შანსები.

ლიპარტია წინა მატჩების მიმოხილვაშიც შევაქეთ - ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია, შეცვლებზე შედის და ძალიან ამწვავებს თამაშს. გუშინაც, მეორე ტაიმში ვიტელთა ყველაზე ნათელი წერტილი ის გახლდათ.

მეტი რაღა შეიძლება იქვას, "ვიტ ჯორჯიამ" ცალი ფეხით მოიგო და მეთხუთმეტე სვლის მოლოდინშია - მომდევნო ტურში "სპარტაკთან" ითამაშებს გორში, მერე კი ვინძლო, საჩემპიონო ჯახი ელის "დინამოსთან".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com