"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

პირველი მეტობა მგლის ხახაში

სოსო გულუა 

ზუგდიდიდან

მაშ, ასე: ზუგდიდის "მგლებმა" უმაღლეს ლიგაში პირველად გაიფორმა დიდი ანგარიშით მოგება, თუმცა შეხვედრის დასაწყისი ამის არავითარ საფუძველს არ იძლეოდა.

თითქმის ოცი წუთის განმავლობაში მოედანზე ორი თანაბარი სიძლიერის გუნდი იბრძოდა და, მართალია, გორელებმა თავიდანვე დაცვით ტაქტიკას მიმართეს და საკუთარ საჯარიმოში გამაგრდნენ, მაგრამ პირველი შესაძლებლობისთანავე გრძელი პასებით ახორციელებდნენ კონტრშეტევებს და ცდილობდნენ თავდასხმაში ეული გიორგი მიქაძის პასებით მომარაგებას, თუმცა ამას მასპინძელთა დაცვა იოლად უმკლავდებოდა.

პირველი ხიფათი სტუმრების კართან მე-17 წუთზე შეიქმნა, როცა ლერი ხოხონიშვილი ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ კუთხე მეტად მახვილი იყო და მეკარემ მოიგერია.

23-ე წუთზე დავით ქირიას ჩაწოდებულზე მეკარე საკმაოდ შორს გამოვიდა კარიდან და ბურთი მოიგერია. ორ წუთში კი წურწუმიამ დიდებული პასი გაუკეთა გორელთა მცველებისგან მიტოვებულ გიგა ჟვანიას, რომელმაც აუღელვებლად შეაგორა ბურთი ავთანდილ ცერცვაძისგან მარჯვენა კუთხეში.

გორელებმა თითქოს სცადეს მდგომარეობის გამოსწორება და რამდენიმე კონტრიერიში განახორციელეს მასპინძელთა კარისკენ. ჯერ ტლაშაძემ დაარტყა არაზუსტად, შემდეგ მიქაძის სუსტი დარტყმა მოიგერია მეკარემ, მაგრამ ეს იყო და ეს, მეტის გაკეთება ალბათ მათ შესაძლებლობებს აღემატებოდა.

რაც შეეხება მასპინძლებს, ამის შემდეგ თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენეს - შეუსვენებლად უტევდნენ მეტოქეს და რომ იტყვიან, მცველებს კბილებიდან აღვრევინეს ოფლი. ჭკადუამ კარგად გამოიყენა კრასოვსკის პასი და საკმაოდ შორი მანძილიდან ანგარიში გააორმაგა.

ამ ანგარიშით ჩაამთავრეს გუნდებმა პირველი ნახევარი.

როგორც ჩანს, ორბურთიანმა სხვაობამ ფრთები შეასხა მასპინძლებს და მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გრიგალისებური იერიშები მიიტანეს მეტოქეზე. სამი წუთის განმავლობაში ზედიზედ ოთხი კუთხური ჩააწოდეს.

61-ე წუთზე ჭკადუას ძლიერი დარტყმა მოიგერია ცერცვაძემ.

მასპინძლები ისე გაერთნენ შეტევებში, რომ მოწინააღმდეგის საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევა გაეპარათ - 56-ე წუთზე აბრამიშვილ-მიქაძის კომბინაცია კინაღამ გოლით დასრულდა, მაგრამ თავგანწირვით ითამაშა მაჭავარიანმა და განმუხტა მდგომარეობა.

ეს იყო სტუმართა მხრიდან გოლის გატანის ერთადერთი რეალური შანსი მთელი მატჩის განმავლობაში.

ამის შემდეგ ისევ მასპინძლები აქტიურობდნენ.

61-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზამირ ჯანაშიამ გიორგი კრასოვსკის პასით იხეირა.

შემდეგ ზურაბ ექონიას დარტყმა მოიგერია მეკარემ, 68-ე წუთზე კი მაჭავარიანმა ოდნავ ააცილა.

სტუმრებს დაღლა დაეტყოთ და ბედსაც შეურიგდნენ, ძალიან ხშირად უმისამართოდ იგერიებდნენ ბურთს.

78-ე წუთზე ჭკადუა პირისპირ გავიდა ცერცვაძესთან, მაგრამ მისი დარტყმული ასცდა ყველას და ყველაფერს.

87-ე წუთზე "მგლების" კაპიტანმა ზურაბ ექონიამ გაინავარდა მეტოქის საჯარიმოში, უკან მოიტოვა ორი მცველი და ეფექტური გოლი გაიტანა - 4:0.

საბოლოო წერტილი შეხვედრას 90-ე წუთზე მალხაზ კაკაბაძემ დაუსვა და ანგარიში ხუთამდე აიყვანა.

"მგლებმა" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და საკმაოდ განიმტკიცა სატურნირო მდგომარეობა.

მატჩის შემდეგ სტუმართა მწვრთნელთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ.

ბესიკ შეროზია: გუნდი აშკარა პროგრესს განიცდის და ჩვენ ეს დავამტკიცეთ არა მარტო დღევანდელ, არამედ სხვა შეხვედრებშიც. მადლობას ვუხდი ბიჭებს იმისთვის, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ...

...მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა და, ვფიქრობ, გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეს რეალურია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com