"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

კარგი და ცუდი ბიჭები: მსაჯის გაგდებული მწვრთნელმაც გააგდო

მიხეილ ჟორჟოლიანი 

ახალციხიდან

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო - სტადიონზე მყოფებმა პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილ "მესხეთის" მწვრთნელ როინ სუდაძეს.

ყველაზე მეტი პატივისცემა კი მისმა შეგირდმა დავით ინასარიძემ გამოხატა - "ტიგანას" მატჩის წინ უთქვამს, დღეს გოლს გავიტან და ჩემი მასწავლებლის ხსოვნას მივუძღვნიო. ინასარიძემ ორი გაიტანა, თანაც საუკეთესო იყო მოედანზე და ნამატჩევს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ პეტარ სეგრტს ქფტ წა ერუ ქფესრ ათქმევინა.

წუთიერი დუმილი ფეხბურთელებს მთელი პირველი ტაიმი "გაჰყვათ" - ტემპი ხან საშუალო იყო, ხანაც დაბალი.

ახალციხელთა ორი ნახევარმომენტის აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ერთია, 33-ე წუთზე გიორგი ქავთარაძემ შორიდან დაარტყა და ბურთი ხარიხას გაეხახუნა.

მეორე ტაიმში თამაში რადიკალურად შეიცვალა: დასაწყისში დიმიტრი ლეკიშვილმა ხუთიოდ მეტრიდან კარში დარტყმა ვერ მოახერხა, რაზეც ქავთარაძემ ოდნავ არაზუსტი თავურით უპასუხა, პაატა გვირჯიშვილმა კი ურეალურესი მომენტი გააფუჭა - პირისპირ დარჩენილმა არაზუსტად დაარტყა.

53-ე წუთზე გვირჯიშვილმა და ალექსანდრე კოშკაძემ კუთხური გაითამაშეს, ჩაწოდებულს კი საჯარიმოში ინასარიძე დახვდა და ეფექტური გოლი გაიტანა.

ორ წუთში სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ლევან კაკუბავა მოედნიდან მიაბრძანეს. მას უარესი ნამატჩევს დაემართა, მოედნიდან გაგდებული გუნდიდანაც გააგდეს.

ათკაციანმა "ბორჯომმა" მცირე ხნით გაიბრძოლა - ჯერ გივი ჩხეტიანის ჯარიმა მცირე მანძილით ასცდა გიორგი სომხიშვილის კარს, შემდეგ კი მეკარეს მხსნელად თემურ ღონღაძე მოევლინა - მცველმა კამერუნელი დონალდ დერინგის დარტყმა კარის ხაზიდან გამოიტანა.

ეს იყო და ეს, "ბორჯომმა" ბურთი და მოედანი მასპინძლებს დაუთმო.

64-ე წუთზე კოშკაძე-გვირჯიშვილ-სამადაშვილის კომბინაცია ხარიხაზე გარტყმით დასრულდა. მალე იმავე სამადაშვილსა და ღონღაძეს კონსტანტინე სეფიაშვილმა აუღო. 77-ე წუთზე კი გვირჯიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.

მე-80 წუთზე კოშკაძემ მარტო გაჭრა ბორჯომელთა დაცვა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილს თავადაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მიხეილ თაყაძეს გადააწოდა, რომელიც თამაშგარეში იყო.

იმავე წუთზე მეკარესთან პირისპირ გურამ სამადაშვილი დარჩა, კარიდან გამოსული სეფიაშვილი ფეხებით ჩაუხტა, ასხლეტილი ბურთი ინასარიძეს მიუვიდა და მანაც 30 მეტრიდან დაუცველ კარში გადაგზავნა და მოედნიდან ვალმოხდილი გავიდა.

ახალციხეში ფეხბურთს მონატრებული მაყურებელი მესამე გოლს ითხოვდა. თუ კიდევ ერთ გოლს გაიტანდნენ მასპინძლები, ცხრილშიც გადაასწრებენ მეტოქეს. ამის გაკეთება ლეკიშვილს შეეძლო, მაგრამ კოშკაძის პასით პირისპირ დარჩენილმა ბურთი ძალიან წინ გაიგდო და მეკარემ დაასწრო.

პრესკონფერენცია

ვლადიმერ ხაჩიძე: ყურადღება სათასო მატჩზე გვაქვს გადატანილი და დღეს ახალგაზრდები გამოვცადეთ. ფეხბურთელებს რაც შეეძლოთ, იბრძოლეს. კაკუბავამ გუნდი დააღალატა - ეს ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა და პრესკონფერენციაზე მოსვლამდე გუნდიდან გავუშვი.

კობა თედიაშვილი: ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. ვიცოდით, რომ "ბორჯომი" არაფერს დაგვითმობდა. ცოტა მეტიც შეგვეძლო, მაგრამ რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეს კი წარმატებას ვუსურვებ თასზე.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com