"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

სამოთხის კარზე კაკუნი

ივანე კობიაშვილი

"ატლანტა" პლეი ოფის კარზე აკაკუნებს და იქიდან ფეხის ხმა ესმის. მალე გაუღებენ და შეუშვებენ, ოღონდ მანამდე კიდევ ხუთი მატჩის ჩათამაშება და საბუთების ოფიციალურად გაფორმება მოუწევს. მაშინ ახდება ატლანტელთა დიდი ხნის ოცნება, ბევრი მათგანი პირველად ითამაშებს პლეი ოფში, მათ შორის ჩვენებური ზაზა ფაჩულია და ყველა მისი თანაგუნდელი ორი გამოცდილი ლიდერის, ჯო ჯონსონისა და მაიკ ბიბის გარდა.

პარასკევს კი ქართველის გუნდმა სამოთხისკენ დაძრულ გზაზე ქვას წამოჰკრა ფეხი - ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ შინ წააგო "ფილადელფიასთან", რომელიც მასზე ოდნავ წინ დგას აღმოსავლელი გუნდების მწკრივში და მასზე ადრეც გაუნადღებია ადგილი პლეი ოფში. ბრძოლა ფიცხელი და თანაბარი გამოვიდა, მაგრამ იგრძნობოდა სტუმართა სულ ოდნავი უპირატესობა. ორი ანდრეს, იგუდალასა და მილერის გუნდმა ბოლო მეოთხედი უკეთ ჩაატარა და მასპინძლებს მარცხით გაუხუნა მოახლოებული საპლეიოფო ეიფორია.

სამაგიეროდ, ატლანტელებმა 24 საათის შემდეგ, ახლა უკვე ფილადელფიაში გამართულ თამაშში აიღეს რევანში. მეორე მატჩში ხუთივე ატლანტელმა დამწყებმა გააკეთა 10 და მეტი ქულა, მთავარი კი ისაა, რომ მათ ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ გამარჯვება - პირველი ტაიმი 11 ქულით მოიგეს და მეორეშიც დამაჯერებლად მიჰყავდათ მატჩი სასურველ დასასრულამდე.

"ატლანტასთვის" შაბათის გამარჯვება სეზონში 36-ე გახლდათ. ამ გუნდს 1998 წლის შემდეგ არ მიუღწევია ასეთი შედეგისთვის.

ამასობაში კი მისმა კონკურენტმა "ნიუ ჯერსიმ" პარასკევს და შაბათს ორი თამაშიდან თითო მოგება-წაგება გამოადნო. კიდევ ერთმა მდევარმა, "ინდიანამ" ერთი შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა, მაგრამ ისიც ოთხი მოგებით ჩამორჩება "ატლანტას" და მისი საპლეიფო შანსიც თეორიულ შლეიფს ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთმა რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი კვირით ადრე შეასრულა გეგმა - გამოავლინა რვა საუკეთესო გუნდი.

დასავლეთში კი პირიქით, სულ უფრო და უფრო იძაბება ბრძოლა. სამმა ლიდერმა - "ნიუ ორლეანმა", "სან ანტონიომ" და "ლეიკერსმა" - პლეი ოფი გაინაღდა. თავს საიმედოდ გრძნობენ "იუტა", "ფინიქსი" და "ჰიუსტონი", ხოლო კიდევ სამს - "დალასს", "დენვერსა" და "გოლდენ სტეიტს" დარჩენილი ორი ადგილისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუჩაღებია.

იდიოტურად წააგო "დენვერმა". კოლორადოელები მასპინძლობდნენ "საკრამენტოს", რომელმაც ადრეულად დაკარგა საპლეიფო სტიმული და თავს აღარ იკლავს. თანაც "დენვერმა" პირველი მეოთხედი 9 ქულით მოიგო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა და მისთვის სრულიად დაუგეგმავი წაგებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ დენვერელმა კარმელო ენტონიმ 47 ქულა გააკეთა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com