|
|
"სარბიელი"
ხოშტარიამ ავია ააფრინა
ირაკლი პერტაია
...სირენამდე 17 წამით ადრე ვითელმა გიორგი მარხვაშვილმა არც აცია, არც ახცელა და მიუხედავად იმისა, რომ სამქულიანის ნიშნულამდე თავისუფალი სივრცე ჰქონდა, მაინც ესროლა და... 78:78. "ავიამშენის" ბოლო შეტევა მანამდეც მარჯვედ მოთამაშე ირაკლი ხოშტარიამ წამოიწყო, ბურთი კამერუნელ პლასიდე როდუმტას გადააწოდა, რომელიც სამქულიანისა და საჯარიმოს ნიშნულებს შორის იდგა. სხვა დროს 210-სანტიმეტრიანი როდუმტა ასე შორიდან ალბათ არ ესროდა, მაგრამ დრო იწურებოდა და კამერუნელიც ბედს მიენდო. მისი სროლა ასცდა მიზანს, თუმც ფარიდან ასხლეტილი ბურთი ხოშტარიამ მოხსნა და საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ერთი შეხებით ვითელთა კალათში ჩააბრუნა. არა მხოლოდ ამ, გამარჯვების ბურთის ჩაგდებისთვის გახდა ირაკლი ხოშტარია ტურის საუკეთესო მოთამაშე. ის 19 ქულით "ავიატორთაგან" ბომბარდირი იყო და ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, როცა თამაშის ბედი წყდებოდა, თავისი გუნდის შეტევებს ორგანიზებასაც უწევდა და ხშირ შემთხვევაში შედეგიანადაც აგვირგვინებდა. საპლეიოფო ოთხეული თითქმის გარკვეულია, მაგრამ გუნდებს შორის ახლა ადგილების გადანაწილებისთვის მიდის ბრძოლა. "ენერჯი-ინვესტს" პირველობა განაღდებული აქვს, ხოლო "ავიამშენი", "ვითა" და თსუ იმისთვის იბრძვიან, რომ მეოთხე ადგილს, ანუ ნახევარფინალში რუსთაველებს ასცდნენ. "ვითასა" და "ავიამშენის" გუშინდელ დაპირისპირებას გვარიანი დაძაბულობა ამიტომაც ახლდა. ვითელებს რომ მოეგოთ, ამ მოქიშპე 3 გუნდს ქულათა ერთნაირი ოდენობა უგროვდებოდა, მაგრამ ხოშტარიამ არ დაანება და "ავიამშენი" მეორეზე გამაგრდა, ხოლო "ვითა" "არასასურველ" მეოთხე პოზიციაზეა. არადა, ზურაბ ტომარაძის გუნდმა ჩინებულად დაიწყო თამაში და მიუხედავად "ავიატორთა" ტანმაღალი ხუთეულისა, ბოლო მეოთხედამდე არაფერი გასჭირვებია. პლასიდე როდუმტა, ვახტანგ მინაშვილი, რიჩარდ მათიაშვილი - "ავიამშენმა" ამ ორ მეტრს აცილებული კალათბურთელებით დაიწყო თამაში. რასაც "ვითა" ფარქვეშ აგებდა, იმაზე გაცილებით მეტს იმკიდა სწრაფი გარღვევებით და ძირითადად მდევრის როლში ამყოფებდა "ავიამშენს". ლევან მოსეშვილისთვის ცხადი გახდა, რომ ასე თამაშს ვერ მოიგებდა და მოედანზე მყოფთ დაბლები შეაშველა. ბუბა კვიმსაძე და განსაკუთრებით ირაკლი ხოშტარია კარგად ჩაერთვნენ თამაშში და "ავიატორებს" სისწრაფე და მიზანი შემატეს. თან "ვითა" გადაიღალა და ბოლო მეოთხედში ფიზიკურად აშკარად უკეთესად მომზადებულმა მოსეშვილის სამწყსომ იძალა. ამ მატჩამდე არანაკლებ დაძაბული თსუ - "მაკაბი" გაიმართა. სტუდენტებს აშკარა ჩავარდნა აქვთ და გიორგი შერმადინის გარეშე დარჩენილი "მაკაბის" დამარცხებაც ლამის სანატრელი გაუხდათ. ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდს გუშინ ლიდერად ვიქტორ კოღუაშვილი მოევლინა, ვისაც ფარზე ხელს მარჯვედ აშველებდა სოსო შერმადინი. "მაკაბი" 18 ქულით მოგებული მესამე მეოთხედის შემდეგ 71:57 დაწინაურდა და სპორტის სასახლეში მცირე სენსაციის სუნიც დატრიალდა, თუმცა სტუდენტებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და მესამე ადგილზე თავი ძლივძლივობით შეინარჩუნეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |