"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

ოქრო და ლიცენზია ფინეთში დარჩა

ლექსო მაისურაძე

ფინეთში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ორი დღე ქალებს დაეთმოთ და შაბათს-კვირას უკვე "ანტიკოსები" გავიდნენ ხალიჩაზე. პირველ დღეს ჩვენებიდან ოთხი ფალავანი ჭიდაობდა და აქედან სამს მედლის მოპოვების კარგი შანსიც ჰქონდა, თუმც ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ერთ მედალს დავჯერდით. თანმიმდევრობით მივყვეთ.

55 კგ-ში ირაკლი ჭოჭუამ პირველი წრე გამოტოვა და მერე პოლონელ პაველ კრამარს მოუგო 3:0, 5:0. მეოთხედფინალში ნორვეგიელ ტომას რონინგენს 1:2, 5:1, 2:1 აჯობა. ფინალში გადასასვლელი შეხვედრა კი სომეხ რომან ამოიანთან 6:0, 5:0 დათმო. ჭოჭუამ ბრინჯაოს ფინალი რუმინელ ვირგილ მუნტეანუსთან წააგო 0:6, 2:1, 1:4 და ამ წონაში ჯერაც ულიცენზიოდ ვართ.

66 კგ-ში მუხრან მაჭუტაძემ საწყის წრეში ბერძენ გივგენი ჰენტორეცს 4:0, 1:1 აჯობა, მერე კი მომავალ ჩემპიონ, უკრაინელ არმენ ვარდანიანთან წააგო. დამამშვიდებელში ჩეხი ტომაშ სობეცი და აზერბაიჯანელი ჰასამადინ რაჯაბოვი დაჩაგრა და ბრინჯაოსთვის შეხვედრა რუს რუსლან ბელჩოროვს დაუთმო.

მეტოქეებმა თითო-თითო პერიოდი მოიგეს და გადამწყვეტში გამარჯვება რუსს დარჩა. არადა, მაჭუტაძეს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მან ბელჩაროვის გადატრიალება ვერ შეძლო.

შაბათს ერთადერთი მედალი ბადრი ხასაიამ (84 კგ) დაისაკუთრა, როცა ფინალში გავიდა. სამწუხაროდ, იქ შეხვედრა უბრძოლველად დაუთმო თურქ მსოფლიოს ჩემპიონ ნაზმი ავლუხას, რადგან ნახევარფინალში ტრავმა მიიღო და ჭიდაობის დროს მარჯვენა ხელს საერთოდ ვერ იყენებდა. ბარაქალა მის ვაჟკაცობას, რომ ხელაკრულმაც არ

ისურვა შეხვედრის უბრძოლველად დათმობა და ხალიჩაზე გავიდა, თუმც ტკივილი იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ რამდენიმე წამში თავადვე შეწყვიტა ჭიდაობა. არადა, ბადრი კარგ ფორმაში იყო და რომ არა ტრავმა, თურქის დამარცხება ნამდვილად შეეძლო. ფინალამდე კი სულ გადარბენით მივიდა. პირველ წრეში ნორვეგიელი მატს როლფსენი 6:0, 5:0 მიანგრია და მასპინძელ ტიმო კალიოსაც იგივე დღე აყარა - 5:0, 7:2. მეოთხედფინალში იტალიელი ანდრეა მინგუცი შეიწირა 4:0, 4:3. ფინალში გადასასვლელ ორთაბრძოლაში ძლიერ გერმანელ იან ფამერს დაეჭიდა - 4:1, 1:2, 2:1. ფინალზე კი უკვე მოგიყევით..

კვირას ბერძნულ-რომაულის ბიჭებიდან სამმა იჭიდავა, მედლისთვის კი - მხოლოდ ერთმა. 60 კგ-ში რევაზ ლაშხმა ჩეხ პეტერ სვეჰლას იოლად 3:0, 6:0 კი მოუგო, მაგრამ მერე რუს ალსან აბდულინთან დაძაბულ ჭიდილში დამარცხდა 2:3, 4:2, 1:3. თავის მხრივ, რუსმაც წააგო და ლაშხს ბრძოლის გაგრძელების შანსი მოუსპო.

74 კგ-ში შმაგი გულიაშვილი პირველივე წრეში ხორვატ ნევან ზუგაჯთან დაიჩაგრა. ხორვატსაც ხელი მოეცარა და შმაგი ტურნირს ნაადრევად გამოაკლდა. 96 კგ-ში მთავარი იმედი რამაზ ნოზაძე ჩაუქობდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ნორმალურ ფორმაში შეხვდა და მისგან ყველა ფინალში გასვლას ელოდა. ქართველმა ფალავანმა კარგად დაიწყო, ლატვიელ იგორ კოსტინსს 7:0, 4:2, სომეხ არმენ გეგჰამიანს კი 3:0, 1:1 მოუგო, თუმც ნახევარფინალში რუს ასლანბეკ კიშტოვთან უშანსოდ დამარცხდა - 0:7, 0:5.

ბრინჯაოსთვის ჭიდილში ნოზაძეს ბულგარელმა დანჩევმა დიდი ომი გაუმართა, თუმც უკანასკნელ წამებზე ქართველმა მაინც იძალა და 6:0, 1:2, 2:1 იმარჯვა. ბოლოსკენ რამაზს დაღლა ეტყობოდა და ბევრი, ალბათ ვერც იფიქრებდა რომ იმხელა გოლიათის აყვანას შესძლებდა, მაგრამ ნოზაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალღონე მოიკრიფა და თავისი მაინც გაიტანა.

"ანტიკოსებმა" ფინეთში ლიცენზიის მოპოვება ვერ მოახერხეს და საამისოდ კიდევ ორი სალიცენზიო ტურნირი რჩებად, სადაც დარჩენილ 4 წონაში ჩინეთის საგზურისთვის იბრძოლებენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com