|
|
"სარბიელი"
კვანძი კი გაიკვეთება, მაგრამ შედეგი? ნოდარ ებრალიძე
ხარების წინა დღეს დელისის იპოდრომის საკონკურო მოედანზე ჟოკეიკლუბის ღია პირველობის დასკვნითი ასპარეზობა გაიმართა. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც სადღეობო განწყობილება დაუფლებოდა-მეთქი მცირერიცხოვან გულშემატკივრებს (ცხადია, ვგულისხმობ იმ ნაწილს, რომელსაც სერიოზულად აფიქრებს ქართული ცხენოსობის მომავალი, საქართველოს დედაქალაქის ტრადიციული, საუკუნეებში გამოტარებული იპოლოგიური სახე). თავისთავად გაურკვევლობაც დამთრგუნველია: თუ ახალი "იპოდრომის" გადატანა ლისის ტბაზე გადაწყვეტილია და დელისის საკონკურო მოედანი მხოლოდ დროებითი, ხელის მოსანაცვლებელი ადგილია, როგორც შარშან სახელდახელოდ მომზადდა, უკვე ცხენოსნობის მსოფლიო ფედერაციის პროგრამაში დამკვიდრებული, დაბრკოლებათა გადალახვაში "კავკასიის" თასის" საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად, მაშინ ნუთუ ასე მიუღწეველია თვეების მანძილზე რიგიანი ახალი ასპარეზის გამართვა. და თუ ასე არაა - ესე იგი "ჟოკეიკლუბის" თავკაცები არ ტყდებიან, მაგრამ ლისის ტბის პირას კონკურის მოედნის მოწყობა უიმედოდ ეჩვენებათ, რაღაზე აიღეს ხელი შარშანდელი ზაფხულიდანვე ძველი ასპარეზის მოვლა-პატრონობაზე.! ასეთი კითხვები სხვაც ბევრია და იმედი მაქვს, უფრო ვრცლად და დასაბუთებულად გავუზიარო მკითხველს ჩემი ეჭვები. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. ახლა კი მოკლედ, უშუალოდ წლევანდელი პირველი ასპარეზობის შესახებ. არც მხედრებს და, მით უმეტეს ცხენებს, ხომ არავითარი ბრალი არა აქვთ ამ დელისური კვანძის ჩახლართვაში. | კონკური ("სისწრაფე და მართვა") სიმაღლით (100სმ) დაბრკოლებათა გადალახვის "ადვილ" კლასს განეკუთვნებოდა. ამიტომაც 10 მონაწილიდან ექვსმა უჯარიმოდ გადალახა მარშრუტი. ყველაზე სწრაფად კი გიორგი დათუნაშვილმა ("ჟოკეიკლუბი") იარა (52 წმ); შპს "ქართული ცხენის" თავლაში აღზრდილი ნახევრად წმინდა სისხლის 12 წლის ფაშატი "ლამპადა" უკვე შს სამინისტროს ცხენოსანთა ესკადრონის საპატრულო სამსახურში გააგრძელებს ჯაფას. || ადგილი დაიკავა გიორგი აფციაურმა ("გედი", 53 წმ), მესამე იყო ესკადრონის გამოცდილი მხედარი როინ მარგიანი ("ხედი", 54 წმ). საკუთრივ თბილისის იპოდრომის თასზე (ისე, საინტერესოა, მაინც რომელ ცხნეთსარბიელს გულისხმობდნენ.) სიმაღლე 115 სმ იყო. ეს სიმაღლით უკვე "ძნელი", ს კლასია. უჯარიმოდ ჭაბუკი გაგა თოხაძე ("ასპარეზი") და გიორგი სამხარაძე ("ელპერილი") გამოვიდნენ. დამატებით ხტომებში (125 სმ) სამხარაძემ სუფთად გავლით მოუგო თბილისის მე-20 სკოლის მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელსაც ჯერ პირველივე დაბრკოლებაზე გაუოჩნდა ბედაური. მაგრამ შემდეგ მხოლოდ ერთი ბარიერი დააზიანა. ||| ადგილი დაიკავა ვანო ნორაკიძემ ("ეროსი"). ამ ასპარეზობაზე ახალგაზრდა და ძირითადი ცხენები ერთად გამოდიოდნენ. ნორაკიხძეს ახალგაზრდა ცხენების კლასში შარშან, საქართველოში საუკეთესო შედეგები ჰქონდა; ასეთივე წარმატებული იყო შარშანდელი სეზონი შალვა გაჩეჩილაძისთვის ("ასპარეზი"). ამჯერად კი მის ბედაურზე თოხაძე იჯდა, რომელმაც კარგად შეიფერა ეს წინსვლა. საქმე ისაა, რომ "ჟოკეიკლუბმა" რუსეთში შეიძინა ახალი საკონკურო ცხენები (თრაკენული, ბუდიონური და ნაჯვარი ჯიშებისა) და ისინი თავის საუკეთესო მხედრებს გადაუნაწილა. მათ, ალბათ, მალე ვიხილავთ საქმეში, მადლობა ღმერთს, რომ გვყვანან მწვრთნელები, რომლებსაც ამ სახეობის საფერხეების მხედრობისა და მწვრთნელობის დიდი გამოცდილება აქვთ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |