|
|
"სარბიელი"
სერენას ღია სხვებისთვის დაიხურა
კახა ლომაშვილი
კაცები კიბისკეინი. აშშ. ჰარდი საპრიზო 3 770 000 4 ნახევარფინალი რაფაელ ნადალი (2, ესპანეთი) - ტომაშ ბერდიხი (10, ჩეხეთი) 7:6 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (4, რუსეთი) - ენდი როდიკი (6, აშშ) 7:6 6:2 ქალები კიბისკეინი. აშშ. ჰარდი საპრიზო 3 770 000 4 ნახევარფინალი ელენა იანკოვიჩი (4, სერბეთი) - ვერა ზვონარიოვა (19, რუსეთი) 6:1 6:4; სერენა უილიამსი (8, აშშ) - სვეტლანა კუზნეცოვა (3, რუსეთი) 3:6 7:5 6:3 ფინალი უილიამსი - იანკოვიჩი 6:1 5:7 6:3 შეიძლება ეს უკვე მოსაბეზრებელიც ხდება, მაგრამ ისევ როჯერ ფედერერზე საუბრით უნდა დავიწყოთ. მართალია, რაც სეზონი დაიწყო, ლამის მხოლოდ შვეიცარიელის წლევანდელ ჩავარდნაზე და მის გამართლებაზე გვიწევს წერა, მაგრამ მაინც გასაგებია, რატომაცაა ალპელის უხეირო თამაში ასეთი ყურადღების ცენტრში - ბოლოსდაბოლოს, საუბარია თანამედროების საუკეთესო და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მეჩოგნეზე, რომელიც ბოლო ოთხი წელი ერთპიროვნულად პირველობდა საჩოგბურთო სამყაროში და ლამის ყველანაირი არსებული რეკორდი მოხსნა და გააუმჯობესა... როგორც ჩანს, ისევ გადაჭარბებული აღმოჩნდა გასული კვირის შუაწელზე გამოთქმული პროგნოზები, შვეიცარიელი ნელ-ნელა ფორმას იბრუნებსო. უკვე იმდენად ვართ შეჩვეული მის უნაკლო თამაშს და სხვებზე დომინირებას, რომ სეზონის სტარტიდან ჩამოყალიბებულ ახალ რეალობას ვერ ვეჩვევით და ფედერერსაც სიტყვაზე ვუჯერებთ, როცა ამბობს, მალე ძველებურად ვიჩოგნავებო. კიბისკეინში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ალპელი თავს იტუებს. ფაქტი კი ისაა, რომ ფედერერი ის ფედერერი აღარ არის, რაც თუნდაც ერთი წლის წინ იყო. ამის დამადასტურებელ ნათელ მაგალითად ფლორიდაში ალპელის ენდი როდიკისგან დამარცხება იქცა, იმ როდიკისგან, რომელსაც როჯერი წლების განმალობაში სასტიკად ამწარებდა და რომლის ზურგს უკან კარგა ხანია, ქირქილებდნენ, ფედერერთან კორტზე გასვლის მაგივრად პირდაპირ წაგებულად ცნოს თავი, სირცხვილს მაინც გადაურჩებაო. დიახ, შვეიცარიელმა იმ მეჩოგნესთან წააგო, რომელსაც აქამდე პირად შევხედრებში 15:1-ს უგებდა და რომელთანაც 2003 წლის შემდეგ არ წაეგო. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფედერერი ვეღარ იმართლებს თავს - რა უნდა მექნა, როცა საუკეთესო ფორმაშია და კორტზე ყველაფერი გამოსდიოდაო. ეს რომ ასე არ არის, ნიკოლაი დავიდენკომ საქმით დაამტკიცა - რუსმა ყველას დაანახვა, რომ ამერიკელიც საკმაოდ შორის არის იდეალური კონდიციებისგან, როცა ენდი-ბოი ორ სეტში ძალზე დამაჯერებლად დაამარცხა. ასე რომ, ფედერერს ბოლო გასამართელებელი საბუთიც ხელიდან გამოაცალეს და ალბათ დროა, თავის თავს გამოუტყდეს, რომ მისი მარცხებისა და უსაზიზღრესად დაწყებული სეზონის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს. ჩვენ კი კაცთა ნახევარფინალებს მივუბრუნდეთ - ერთი-ორ სიტყვას დავამატებთ დავიდენკო-როდიკის შეხვედრას. აქ ამერიკელმა მხოლოდ პირველ სეტში შეძლო თანაბრად თამაში, მაგრამ ტაიბრეიკზე წააგო და შემდეგ უკუღმა დატრიალებული ჩარხის თავისკენ შემობრუნება ვეღარ შეძლო. დავიდენკო კი პირველი რუსია, კიბისკეინის ფინალს რომ უწია. რუსს ტიტულს რაფაელ ნადალი შეეცილება, რომელმაც ასევე იოლად იხეირა თავის ნახევარფინალში და ტომაშ ბერდიხს კარიერაში მეოთხედ, ჰარდზე კი პირველად მოუგო. ესპანელი იმედოვნებს, რომ მესამე ცდიდან მაინც გამოუვა ფლორიდაში პირველობა - რაფა ხომ უკვე მესამედაა კიბისკეინურ ფინალში, მაგრამ წინა ორი ცდა წარუმატებელი გამოდგა. ჯერ იყო და, 2005 წელს ფაქტობრივად მოგებული შეხვედრა დაუთმო ფედერერს (ორი ქულაღა აცილებდა გამარჯვებას), შარშან კი პირწმინდად დამარცხდა ნოვაკ ჯოკოვიჩთან. თუმც ესპანელი წლეულს აშკარა ფავორიტია, რადგანაც ჯერ ერთი, ჰარდზე თამაშის გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს და თან არც ისეთი გოროზი მეტოქე ჰყავს, როგორებიც ადრე. ქალებმა კი უკვე ითამაშეს ფინალი და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ეს პატივი სერენა უილიამსს ერგო, რომელმაც კიბისკეინში ზედიზედ მეორედ, მთლიანობაში კი მეხუთედ იხეირა. ამ მაჩვენებლით უმცროსი შავდა ლეგენდარულ შტეფი გრაფს გაუტოლდა და ამერიკელმა ამიტომაც იხუმრა ნამატჩევს: "მოდით, ტურნირს "შტეფისა და სერენას ღია პირველობა" დავარქვათ. შტეფის მართლაც დიდ პატივს ვცემ, ის ჩემი ბავშვობის კერპია და მასთან თუნდაც რაიმეთი გატოლება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია". სერენამ დიდებული ტურნირი ითამაშა და სამართლიანადაც იმარჯვა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ამერიკელმა გზად მსოფლიოს პირველ ჩოგან ჟუსტინ ენინს სასტიკად გადაურბინა. უმცროს უილიამსს ყველაზე დაძაბული შეხვედრა ნახევარფინალში ჰქონდა, როცა სვეტლანა კუზნეცოვას ბეწვზე გადაურჩა, მაგრამ იქაც თავისი გაიტანა. იოლი არც ფინალი ყოფილა, თუმც ელენა იანკოვიჩთან შეხვედრაში სერენა თითქმის მთლიანად ფლობდა სიტუაციას და მხოლოდ თავის თავს დააბრალოს, საქმე სამ სეტზე რომ გაეწელა - ამერიკელმა ბლომად შანსები გაატანა ქარს და სერბს კინაღამ მატჩი შემოაბრუნებინა. თუმც უმცროსმა შავდამ ბოლოს და ბოლოს რიგით მეცხრე მატჩ-პოინტი გამოიყენა და საკუთარ წვალებას ბოლო შეხვედრის დაწყებიდან ორსაათნახევრის თავზე მოუღო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |