|
|
"სარბიელი"
ტიმ ლეინი ალყას ამზადებს
ბაჩო სვანიძე
გუშინ საღამოს, როდესაც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და მორაგბეები რუსეთში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ტიმ ლეინს შევეხმიანეთ და ეს სახელდახელო ინტერვიუც ჩამოვართვით... - როდესაც თქვენთვის სასურველი მორაგბეების სიას ადგენდით, მაშინ ალბათ არ გაგითვალისწინებიათ, რომ ფრანგული კლუბები კვლავ არ გამოუშვებდნენ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს... - მე ვიცი, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა საკმაოდ კარგი დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ფრანგულ კლუბებთან და შეთანხმებით პრობლემა აღარ უნდა გვქონოდა. ახლა უკვე აღარ მესმის იმ კლუბების, რომლებმაც შეთანხმება დაარღვიეს და მორაგბეები სანაკრებოდ არ გაათავისუფლეს. იმედია, სამომავლოდ ასეთი რამ აღარ განმეორდება და შემადგენლობის ცვლა დღითიდღე აღარ მოგვიწევს. - თანაც ეს რუსეთთან გვარიან პრობლემებს შეგიქმნით... - რა თქმა უნდა, ასეც იქნება... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავს ვიზღვევ ან პასუხისმგებლობას გავურბივარ. პირიქით, ახლა ორმაგად მოტივირებული ვარ. - თქვენ უკვე იცით, რომ რუსეთთან მატჩი ჩვენთვის თამაშზე მეტია. ამ შემადგენლობით შეგიძლიათ დარწმუნდებით თქვათ, რომ რუსეთს მოვუგებთ და პრაქტიკულად ერთა თასის ჩემპიონები გავხდებით. - ძალიან მინდა და ჩვენი სურვილია წლევანდელი სეზონში ყველა მატჩი მოვიგოთ. ადრეც მითქვამს, რომ ჩემთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე იოლი მატჩი რუსეთთან იქნებოდა, რადგან საამატჩოდ ქართველებს მოტივირება არ სჭირდებათ. ახლაც ამავე აზრზე ვარ, მაგრამ ტაქტიკის თვალსაზრისით ფიქრი მომიწევს. - რუსეთის ნაკრებს კლოდ სორელი წვრთნის, ვინც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო და შერკინებით თამაშს ანიჭებს უპირატესობას... - ესეც ვიცი, მაგრამ ჩვენ ჩვენი ტაქტიკა გვაქვს. უკანახაზით რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშოთ. სხვა საქმეა, ეს როგორ გამოგვივა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან სწორედ ეს ფაქტორი უნდა გამოდგეს კოზირად. - მაგრამ ჯერ მორკინალებმა უნდა მოიპოვონ უპირატესობა, რომ უკანახაზელებმა კომბინაცია გაითამაშონ... - ჩვენ საკმაოდ ძლიერი მორკინალები გვაკლია, მაგრამ ვინც გვყავს, მათი დიდი იმედი მაქვს. ვიცი, რომ კლოდ სორელს შერკინებით თამაში უყვარს და ვეცდებით, თავიდანვე მოვიპოვოთ უპირატესობა. ჩემთვის მთავარია, ანგარიშში ასე ექვსი, შვიდი ქულით დავწინაურდეთ და მერე ბურთს ისეთ ალყას დავარტყამთ, რომ რუსეთი კი არა, კაციშვილი ვერ გაეკარება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |