"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

მასამ კრიტიკა გადაწონა

კახა ლომაძე

"ფერარის" ბრაზილიელი მრბოლის ფელიპე მასას გამარჯვებით დასრულდა წლევანდელი საპირველფორმულო ჩემპიონატის მესამე, ბაჰრეინული ეტაპი.

არაბეთის უდაბნოში მასამ ზედიზედ მეორედ იმარჯვა და კრიტიკოსები თუ არ დაადუმა, ცოტა ხნით გააჩუმა მაინც - სეზონის სასტარტო ორი ეტაპი, ავსტრალიასა და მალაიზიაში, ბრაზილიელმა ხომ ორი უხეში შეცდომითა და უქულოდ დაასრულა.

ამის შემდეგ იყო, ლაპარაკი რომ აგორდა, მასას "ფერარიში" აღარ გააჩერებენო, რაზედაც ფელიპემ ბრაზილიაში ბრწყინვალე, უშეცდომო რბოლით უპასუხა და ისევ ჩაერთო საჩემპიონო დავაში.

მასამ ჯერ კიდევ პარასკევს, თავისუფალი პრაქტიკისას აჩვენა საუკეთესო დრო და წესით, თითქოს შაბათს გამართული კვალიფიკაციაც უნდა მოეგო, მეორე სესიისას დღის აბსოლუტურად საუკეთესო დროც აჩვენა, მაგრამ გადამწყვეტ, მესამე სერიაში "იქც-ზაუბერის" პოლონელმა მრბოლმა რობერტ კუბიცამ თითქოსდა წარმოუდგენელი შეძლო და ისტორიული, კარიერაში პირველი პოული მოიპოვა. მასა კვალიფიკაციაში მეორე იყო, მეორე რიგის ადგილები ლუის ჰემილტონსა და კიმი რაიკონენს ერგოთ, ხოლო მესამე რიგში ჰეიკი კოვალაინენი და ნიკ ჰაიდფელდი განლაგდნენ, ანუ პირველ ექვსეულში მხოლოდ სამი გუნდის - "იქც-ზაუბერის", "ფერარისა" და მაკლარენის" მრბოლები მოხვდნენ.

მასამ კვალიფიკაცია წააგო, მაგრამ სტარტი მოიგო და თავიდანვე რომ დაწინაურდა, პიტ-სტოპებზე შესვლას თუ არ ჩავთვლით, აღარც აღარავის დაუთმო პირველობა. კუბიცამ თავიდან მეორე ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ შემდეგ რაიკონენის შეტევას ვეღარ გაუძლო, მესამეზე ჩაიწია და ეს პოზიცია კი ბოლომდე აღარავის დაუთმო.

სტარტი ჰემილტონს ჩაუვარდა. ინგლისელის მანქანა როგორღაც მძიმედ დაიძრა ადგილიდან, მესამე პოზიციიდან, ერთბაშად მეცხრეზე ჩავარდა და შემდეგ, როდესაც მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა, ლუისი უკანიდან შეეტაკა ძველ თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს, "მაკლარენი" დააზიანა, ბოქსებში იძულებით მოუწია შესვლა და უკან დაბრუნებული მე-18 ადგილზე აღმოჩნდა. ასე რომ, თითქმის 300 კილომეტრი, ჰემილტონი ამ ჭაობიდან ამოსვლას ცდილობდა, თუმცა ამაოდ - რამდენიმე ეფექტური გასწრების მიუხედავად, მე-14 ადგილს ვერ აცდა და უქულოდ დარჩა.

მასა კომფორტულად მივიდა ფინიშთან. რაიკონენი მეორე იყო და სეზონში "ფერარის" პირველი დუბლი მივიღეთ. ამათ უკან, ასევე წყვილად, "იქც-ზაუბერის" პილოტები, კუბიცა და ჰაიდფელდი მივიდნენ ფინიშნთან. მაკლარენელი კოვალაინენი მხოლოდ მეხუთე იყო და შედეგად, კონსტრუქტორთა თასზე, ანუ გუნდურ პირველობაში, სამი ეტაპის შემდეგ "იქც-ზაუბერი" დაწინაურდა. ალალიც არის - სამ სრბოლაში სამი პოდიუმი, ორი უსწრაფესი წრე, ერთი პოული - გერმანული სუპერკონცერნი აშკარად ჩაერთო ტოპ-გუნდების, "ფერარისა" და "მაკლარენის" დავაში და ახლა ვერავინ იტყვის, ამ სამი გუნდიდან ვისი გადასწონის.

თანაც, ელიტარულ საჯინიბოთა დავაში ჩართვას "რენოც" აპირებს. ფრანგების იტალიელი შეფი ფლავიო ბრიატორე იმუქრება, ევროპაში რომ დავბრუნდებით, სულ სხვა გუნდი ვიქნებითო.

ევროპა კი, უკვე სამი კვირის სავალზეა - სწორედ სამი კვირის შემდეგ, ანუ 27 აპრილს შედგება სეზონის მეოთხე, ესპანური ეტაპი და როგორც "სამეფო რბოლების" ძველი ქომაგები ამბობენ, ნამდვილი ჩემპიონატი სწორედ ახლა, ევროპაში გახურდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com