"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

გალიანის გეგმები

გიორგი კაკაბაძე

"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კლუბის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. მისი თქმით, "როსოსნერი" მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. იტალიური პრესა კი იუწყება, რომ კლუბის პირველი ახალწვეული მომავალ ზაფხულს, შესაძლოა, "ვესტ ჰემის" 26 წლის ჩრდილოირლანდიელი მცველი ჯორჯ მაკარტნი გახდეს.

"მომავალ სეზონში აუცილებლად უნდა ვცადოთ სკუდეტოს მოგება, ჩვენი მიზანი ეს იქნება. ბოლო ორ სეზონში უფრო ჩემპიონთა ლიგაზე ვიყავით გადართულნი და გარკვეული პრობლემებიც გვქონდა, რის გამოც სერია ფ-ში სათანადოდ ვერ ვთამაშობდით. ოთხეულში მოხვედრას ყველანაირად ვეცდებით და თუ ასე მოხდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც ვიფიქრებთ, მაგრამ თუ სხვა ევროტურნირის საგზური მოვიპოვეთ, ცოტა სხვა ვითარება იქნება. ზაფხულში გვეყოლება ახალწვეულებიც, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ახლა ადრეა" - თქვა გალიანიმ.

პარალელურად, გრძელდება საუბარი "მილანში" რონალდინიოს გადასვლაზე. "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავით ინტერი", "ჩელსი" და სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.

"მის შეძენას ვეცდებით და იმედია, გამოგვივა. ექვსი თვის წინ გეუბნებოდით, მისით "ინტერიც" დაინტერესდება-მეთქი და არ გჯეროდათ. მართალია, რონალდინიოს რთული პერიოდი უდგას, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ 28 წლისაა. მთავარია, ივარჯიშოს და ძველებური შემართება არ დაკარგოს" - განაცხადა "როსონერის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com