"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

ლონდონიდან ლონდონამდე: რაც გვინახავს, ისევ ვნახეთ - კინი ქუჩაში კინტაურს არ იცეკვებს

ვაჟა ხუციშვილი

იგივე გუნდები, იმავე სტადიონზე ოთხ დღეში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიშიც გაიმეორეს. "არსენალი" და "ლივერპული" ისევ დაზავდნენ, ოღონდ, ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად სტუმრები დაწინაურდნენ და მასპინძლებმა გაათანაბრეს.

არსენ ვენგერმა ადებაიორი და გლები, რაფაელ ბენიტესმა კი ჯერარდი და ტორესი დაასვენა ლიგის საპასუხო მატჩისთვის. ოთხივე ფეხბურთელი შეცლაზე მეორე ტაიმში შევიდა. "ლივერპულის" მწვრთნელმა ხაბი ალონსო და დირკ კუიტი საერთოდ არ გამოაჩინა.

სტუმრებმა შესვენებამდე სამი მომენტი ვერ გამოიყენეს, მეოთხე ჯერზე კი გაიტანეს. კარისკენ ზურგით მდგომი ბენაიუნის საუცხოო პასით კრაუჩი საჯარიმოში შევიდა და ბურთი დაბალ კუთხეში შეასრიალა.

ამის მერე ნიკლას ბენდტნერს მართებდა გათანაბრება, როცა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ამხელა კაცმა ბურთს ფეხი ბალღივით მიუცაცუნა და რეინასაც მოხელთება არ გასჭირვებია. ბენდტნერმა შეცდომა მეორე ტაიმის დასაწყისში გამოასწორა - ფაბრეგასის ჩაწოდებულზე მცველებს დაასწრო და ახლოდან თავით გაიტანა.

მსაჯობით უკმაყოფილო არსენ ვენგერმა ნამატჩევს განაცხადა:

"ჩემპიონთა ლიგის მატჩში, გლების წაქცევისთვის ასპროცენტიანი პენალტი არ მოგვცეს და ახლაც იგივე გამეორდა. ფაბრეგასის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, პენალტი უეჭველად გვეკუთვნოდა და ეს რომ ასეა, გამეორებაზეც კარგად გამოჩნდა. თამაში კი ძალიან წააგავდა ოთხშაბათისას. თავიდან დაქოქვა გაგვიჭირდა, მაგრამ როცა იშტაზე მოვედით და გავათანაბრეთ, მეტოქე დაცვაში მთელი გუნდით ჩადგა და მეორე გოლის გატანა გაძნელდა. მართალია, ორი ქულა დავკარგეთ და ლიდერებს ისევ ჩამოვრჩებით, მაგრამ საჩემპიონო შანსს კვლავ ვინარჩუნებთ".

"ჩელსის" მოსვენებას არ აძლევს "მანჩესტერს" და ფეხდაფეხ მიჰყვება. "სიტისთან" მატჩი ავრაამ გრანტის გუნდმა დიდიე დროგბას გარეშე მოიგო, რომელიც მწვრთნელმა "ფენერბაჰჩესთვის" შეინახა.

გამარჯვებაში კი სტუმრებს მასპინძელთა კაპიტანი რიჩარდ დანი დაეხმარა, ვინაც მეექვსე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ტაიმის დასაწყისში სალომონ კალუ გავიდა მეკარესთან პირისპირ და სხვაობა ორამდე გაზარდა. "სიტი" ბოლო ექვს ტურში მეოთხედ დამარცხდა.

"ბოლო სამ თვეში მატჩების 80 პროცენტი მოვიგეთ - განაცხადა ავრაამ გრანტმა - აშკარად საჩემპიონო თამაშს ვაჩვენებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ცხრილში კარგა ხანს მესამე-მეოთხე ადგილზე ვიყავით, ახლა კი პირველობის შანსი გაგვიჩნდა. "მანჩესტერიც" კარგად მიდის, მაგრამ ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, არა მგონია, ჩემპიონი ბოლო ტურამდე გაირკვეს.

იანვარში "ჰერენვენიდან" 12 მილიონ გირვანქად ნაყიდ აფონსო ალვეშს "მიდლსბროსთვის" გუშინდლამდე არ გაეტანა, "მანჩესტერთან" კი დუბლი შეასრულა.

ალექს ფერგიუსონის გუნდმა ფრე რუნის გოლით გამოგლიჯა მეტოქეს და ახლა "ჩელსის" სამი ქულითღა უსწრებს. მოკლედ, ბრაზილიელმა მეგოლემ ჩელსელთა საქმე გააკეთა და ჩემპიონატის დასასრულს ინტრიგა გაუმძაფრა.

13 აპრილს "მანჩესტერი" "არსენალს" უმასპინძლებს, 26-ში კი ალბათ საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება: "ჩელსი" - "მანჩესტერი".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com