"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

მგელს მათემატიკა არ აინტერესებს

ვაჟა ხუციშვილი

რამდენიმე კვირის წინ მეორე ადგლილიდან ჩამოსრიალებული "შალკე" "ჰანზასთან" მოგებამ ისევ "ბაიერნის" კვალში ჩააყენა, რამაც მწვრთნელი მირკო სლომკა გაახარა: "ამ ადგილისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და კარგია, რომ კონკურენტების წაფორხილებით ვისარგებლეთ".

ცხრილში უჩვეულო ვითარებაა - ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე შვიდ გუნდს მეორე საფეხურის დაკავების მეტნაკლებად თანაბარი შანსი აქვს. ეს საფეხური ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს ნიშნავს და ამ საგზურისთვის დიდი ბრძოლა გაიმართება. ამიტომაც იყო ძვირფასი სლომკასთვის "ჰანზასთან" გამარჯვება.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა სახეირო ვერაფერი შექმნეს, მეორეში კი ჰალილ ალთინთოფმა თავურით ათი მეტრიდან გაიტანა. ამის მერე "ჰანზამაც" იკადრა შეტევა და ერთ ეპიზოდში "შალკე" შტრაიტმა იხსნა - ბურთი კარის ხაზიდან გააძევა. შეცვლაზე შესულ კევინ კურანის კონტრშეტევებზე სამჯერ მართებდა გატანა, მაგრამ ვერ ივარგა.

"ჰამბურგის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია "შტუტგარტმა" შეწყვიტა, რომელიც შარშანდელს იმეორებს: არმინ ფეეს გუნდმა ერთი წლის წინაც ასე "შეუბერა" სეზონის ბოლოს და ჩემპიონი გახდა. ამჯერად "შტუტგარტი" "ბაიერნს" პირველობისთვის ვერ გაეჯიბრება, რადგან გვარიანად ჩამორჩება, მაგრამ მეორე ადგილს კი ალბათ წაეპოტინება.

რაფაელ ვან დერ ვაარტის შორეული დარტყმების გარდა, "ჰამბურგი" ვერაფრით გამოირჩა, ერთხელ კი გერერომ გადაუგდო მეკარეს ბურთი თავზე და კარსაც გადააცილა.

არც "შტუტგარტს" შეუქმნია თავზესაყრელი მომენტები, მაგრამ რობერტო ჰილბერტმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ჰაერშივე რომ მოუქნია ფეხი და პენალტის ნიშნულიდან შეაგდო, გამარჯვებისთვის ესაც საკმარისი გამოდგა.

"მირჩევნია, ერთი მატჩი წავაგო და მეორე მოვიგო, ვიდრე ორივე ფრედ ვითამაშო და ორ ქულაზე მეტი არ გვერგოს" - იხტიბარი არ გაიტეხა "ჰამბურგის" თავკაცმა ჰუუბ სტევენსმა.

ბრემენის "ვერდერს" "დუისბურგთან" შინ წაგების შემდეგ ორჯერადმა ვარჯიშებმა არგო - ბერლინში "ჰერტას" სძლია. ასე შეწყდა "მუსიკოსთა" სამმატჩიანი მოუგებელი სერია და 24 ნოემბრის შემდეგ ეს იყო სტუმრად ბრემენელთა პირველი გამარჯვება.

თავის მხრივ, "ჰერტას" უკვე ხუთი ტურია, არ მოუგია და ბოლო სამში სამჯერვე წააგო.

მარკუს როზენბერგმა პასი ფრიცისგან მიიღო, ახლო ძელთან შიმუნიჩს დაასწრო და დრობნის გაუტანა, ბერლინელმა ლიმამ კი თავურით მალევე გაათანაბრა. 70-ე წუთზე ლიმამ 30 მეტრიდან დასცხო ბურთს და ხარიხა შეაზანზარა, ხოლო ბოროვსკიმ ფრინგსის 50-მეტრიანი პასი შეირგო და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს კარში ბურთის შეგორება არ გასჭირვებია.

მეორე წრის სუკეთესო გუნდმა "ვოლფსბურგმა" ქვემოსაქსონურ დერბიში "ჰანოვერს" მოუგო და მეორე ადგილისგან ხუთი ქულაღა აშორებს. თეირანში დაბადებულმა, გერმანულპასპორტიანმა აშკან დეჯაგამ დუბლი მიითვალა: ანგარიში საჯარიმოს ხაზიდან დარტყმით გახსნა, ბრუგინკმა კი ახლოდან თავით გაათანაბრა.

მეკარესთან პირისპირ გასულმა მარსელინიომ მასპინძლები ისევ დააწინაურა. დეჯაგამ მეორე ტაიმში ლამის კარის ხაზიდან თავით შეაგდო - 3:1, თუმც შტაინერმა სასაცილო გოლით სხვაობა შეამცირა. შტაინერი საჯარიმოში ექვს მეტოქეს შორის გაძვრა და მის დარტყმულს კარის ხაზზე დაუხვდნენ, მაგრამ ბურთმა ისევ ჰანოვერელს მიაკითხა, რომელმაც უპატრონო ბადეში შეაგდო.

"ვოლფსბურგს" სამეულში შესვლის შანსი გაუჩნდა, მაგრამ ფელიქს მაგათმა თქვა: "გუნდისთვის კონკრეტული ამოცანა არ დამისახავს. დარჩენილი ტურების და სავარაუდო ქულების დათვლას არ ვაპირებ. შევეცდებით, ასევე კარგად გავაგრძელოთ და ბოლოს ვნახავთ, რაც გამოვა".

ფრანკფურტში კი სასწაული მოხდა - 9 დეკემბრის შემდეგ "ნიურნბერგმა" პირველად მოიგო, თან სტუმრად "აინტრახტთან", რომელმაც ზედიზედ სამ ტურში იმარჯვა და კარგ ფორმაში იყო.

კვირის ორივე მატჩი კი მასპინძელი გუნდების გამარჯვებით დასრულდა, თანაც ორივე შეხვედრის ბედი ბოლო სამ წუთში გადაწყდა. დროის ამ მონაკვეთში კაცნაკლულმა "ბაიერნმა" "ბოხუმს" მესამე გაუტანა და შვებით ამოისუნთქა, ხოლო "დორტმუნდმა" "ლევერკუზენს" ერთბაშად ორი მიართვა და 3 ქულა გამოგლიჯა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com