"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

ანჩელოტიმ მილანი იპოვა

პაპუნა კედია

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, კარლო ანჩელოტი თავის ფეხბურთელებზე გაბრაზებული გახლდათ, მაგრამ, აი, დადგა ახალი შაბათი და "მილანის" თავკაცმა ისევ "იპოვა" თავისი გუნდი - "შავ-წითლებმა" "კალიარის" მოუგეს.

"როგორც იქნა, თამაში საჭირო ტემპითა და ერთსულოვნებით დავიწყეთ - თქვა ანჩელოტიმ სარდინიელთა 3:1 ძლევის შემდეგ - მართალია, გუნდში რამდენიმე გადაღლილი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ბურთი თავიდანვე ვაკონტროლეთ და ინიციატივა ხელიდან ბოლო წუთამდე აღარ გაგვიშვია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენა გახლდათ. ეს მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია".

"კალიარის" ძლევამ ჩემპიონთა ლიგიდან და კოპა იტალიიდან გავარდნილი "მილანი" სერია ფ-ში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას დაუბრუნა. ანჩელოტის განკარგულებაში დაბრუნდნენ ტრავმამოშუშებული კაკა და ფილიპო ინძაგი. ასევე აღსანიშნავი გახლდათ მილანელთა 4-4-2 განლაგებით თამაში.

ანჩელოტი: "ამ სქემის წყალობით მოედანზე მჭიდროდ ვიყავით განლაგებულნი".

რაც შეეხება კახა კალაძეს, მან ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ტურში "იუვენტუსთან" ვერ ითამაშებს. ამავე შეხვედრაში ანჩელოტი ვერც ალესანდრო ნესტას გამოიყენებს - ისიც დისკვალიფიცირებული იქნება. ალბერტო ჯილარდინოს, ჯენარო გატუზოსა და ჯუზეპე ფავალის ამბავს კი ექიმები აწონ-დაწონიან.

რაც შეეხება "რომას", მან "ჯენოას" მოუგო 3:2, რამაც "ჯალოროსის" თავკაცი ლუჩანო სპალეტი ფრიად გაახარა:

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მებრძოლი სული გვაქვს. მას მერე, რაც მეტოქემ 2:0 გაგვითანაბრა, ჩემმა ბიჭებმა ნერვიულობა კი არ დაიწყეს, ძალ-ღონე მოიკრიბეს და საქმეს ისე მიუდგნენ, გეგონება, ახალი თამაშის ჩასატარებლად გადიოდნენ მოედანზე. გამარჯვებას სავსებით ვიმსახურებდით".

"ინტერმა" ბერგამოში "ატალანტას" 2:0 აჯობა და ცხრილში ოთხქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. "შავ-ლურჯთაგან" გოლები პატრიკ ვიეირამ და 17 წლის მარიო ბალოტელიმ გაიტანეს. კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტი: 83-ე წუთზე მარკო მატერაციმ სიმონე ინძაგის მაისურა ლამის შემოახია, მაგრამ არბიტრმა ინძაგი დააჯარიმა.

მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე, არბიტრის "ჭკუის სწავლებისთვის" კრისტიანო დონიმ წითელი ბარათი მიიღო.

"ფიორენტინამ" "რეჯინას" 2:0 აჯობა, თუმც თქვენს ყურადღებას მაინც სხვა შეხვედრაზე, "კატანიას" მიერ "ნაპოლის" 3:0 ძლევაზე შევაჩერებთ - დაგვეთანხმებით, წარსულში ჩინებულ იტალიელ გოლკიპერს, ვალტერ ძენგას კატანიელთა მწვრთნელის თანამდებობაზე ჩინებული დებიუტი გამოუვიდა. თან მისმა შეგირდებმა მეტოქის კარში გოლების გატანა მე-4 წუთიდანვე დაიწყეს.

ჩინებული რედებიუტი გამოუვიდა ჯიჯი კანისაც - მისმა "ემპოლიმ" სტუმრად დაამარცხა "ტორინო". ამ შეხვედრაში ერთი საინტერესო ეპიზოდი ჰქონდათ მასპინძლებს: დავიდე დი მიკელე კონრშეტევისას ყველას გაცდა, ბოლო მცველსა და მეკარესაც, მაგრამ კარის სივრცემ დააბნია და ვერ შეაგდო.

ტურის გვიან შეხვედრაში კი "პალერმომ" "იუვენტუსი" დაამარცხა - მასპინძელთა ბრაზილიელი ამაურის დუბლს მეორე ტაიმში დუბლითვე ალესანდრო დელ პიერომ უპასუხა, თუმც მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მატია კასანიმ ახლოდან დახვრიტა ბუფონი - 3:2.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com