|
|
"სარბიელი"
განსაკუთრებული არაფერი: თამაშიც კანტი-კუნტად და გოლიც
მიხეილ ჟორჟოლიანი
ქართველი ლეგიონერები ბოლო დროს ძირითადად აზერბაიჯანში ყოჩაღობენ. ჩვენებურებმა სამეზობლოში ამ უქმეებზეც გაიტანეს სამი გოლი, რასაც რუსეთის ზედა და ქვედა ლიგებში თითო-თითოც დაემატა, ელიტარულ ჩემპიონატებში კი...როგორც იქნა, მოიგო "მილანმა" - 3:1 "კალიარისთან". გამარჯვებაში კახა კალაძემ 90-წუთიანი წვლილი შეიტანა და ამ დროში ყვითელ ბარათსაც გამოჰკრა ხელი. ბლექბერნელ ზურაბ ხიზანიშვილს "ტოტენჰემთან" (1:1) საშინაო მატჩში არ უთამაშია. გერმანიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე აღზევდა "შალკე", რომელმაც 1:0 მოუგო "ჰანზას". ლევან კობიაშვილმა თამაშს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" კი ბოლო წუთზე 0:1 წააგო სტუმრად "არმინიასთან". იაშკა მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა. მეორე ბუნდესლიგაში ბოლო ტურებია, ყოჩაღობს "კარლ ცაისი". იენელებს ამჯერად "პადერბორნი" შემოელახათ - 3:0. გუნდს 90 წუთი ეხმარებოდა ილია კანდელაკი, გიორგი სეთურიძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა, გიორგი ონიანი ტრიბუნაზე. 0:5 შერცხვა "ფრაიბურგი", მაგრამ ეს ყველაფერი ოთარ ხიზანიშვილის გარეშე "მოახერხა". იუნიორთა ლიგაში კი "შალკემ" "დორტმუნდს" 4:1 მოიგო. ლევან ყენიას ანგარიშზე საგოლე პასია. გიორგი შაშიაშვილის "შტურმი" სტუმრად 0:3 დამარცხდა "ზალცბურგთან". ჩვენებურმა სრულად ითამაშა, თუმც გუნდს ვერაფრით დაეხმარა. ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი განუგრავას. მისმა "ბოლესლავმა" კი სტუმრად 2:1 მოუგო "ლიბერეცს". რუსულ პრემიერლიგაში გაიტანა დავით კვირკველიამ, მისმა "რუბინმა" კი შინ 2:1 მოუგო "ტომს" და უდანაკარგოდ ლიდერობს ჩემპიონატს. კვირკველიამ 90 წუთი იბურთავა, ლაშა სალუქვაძე 64-ე წუთზე შეცვალეს, ნუკრი რევიშვილი კი ტრავმის გამო უქმობს. ლევან გვაზავას "ლუჩმა" სტუმრად წააგო "კრილიასთან" (1:2). ვლადივოსტოკელთა ერთადერთი გოლი ჩვენებურის პასით გავიდა. მალხაზ ასათიანი და დავით მუჯირი სათადარიგოთა შორის დარჩნენ, "ლოკომოტივმა" კი მათ გარეშე სტუმრად 2:1 მოუგო "სატურნს". რუსეთის პირველ დივიზიონში "ქართულმა" "ანჟიმ" იმარჯვა. ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცთან" მატჩში ერთადერთი გოლი ვალერი აბრამიძემ გაიტანა. უკრაინაში უკვე წავიდა ის დრო, როდესაც ქართველებს გოლები გაჰქონდათ. ახლა ჩვენებურებს სათამაშო დროის სიმცირეც აწუხებთ. 85 წუთი ითამაშა ჯაბა კანკავამ, "დნიპრომ" კი სტუმრად "მეტალისტთან" წააგო - 0:1. 83 წუთი ითამაშა "ხარკოვის" შემადგენლობაში კახა ალადაშვილმა. ხარკოველებმა სტუმრად 4:1 მოუგეს "ნეფტიანიკთან". დანარჩენი ქართველებიდან ზოგს ტრავმის გამო არ უთამაშია, ზოგიც თადარიგში დარჩა. გიორგი ადამიამ მორიგი აზერბაიჯანული დუბლი მიითვალა. "ნეფთჩიმ" სწორედ მისი წყვილი გოლით მოუგო სტუმრად "მასალის". გაიტანა რომან ახალკაცმაც, თუმც თავისიანები მარცხს ვერ გადაარჩინა - "კარვანი" 1:3 დამარცხდა სტუმრად "ინტერთან". ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო კახა ცხადაძის "სტანდარდმა". ამჯერად შინ 3:0 მოუგო "სიმურგს". და ერთიც: შოთა არველაძემ მეორე მატჩი ჩაატარა ესპანურ პრიმერადივიზიონში - "ლევანტემ" შინ 0:3 წააგო "ვალიადოლიდთან", შოთამ კი ბოლო 15 წუთი ითამაშა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |