|
|
"სარბიელი"
ცხრა გოლი კალდერონზე
სლავა გასპაროვი
31-ე ტური პამპლონური მატჩით დაიწყო, სადაც იქაურმა "ოსასუნამ" დიდი ტერიტორიული თუ სათამაშო უპირატესობა ვერ გამოიყენა და მოსაგები მატჩი წააგო. "უელვას" იშვიათ შეტევათაგან პირველივე გოლით დასრულდა: სინამა-პონგოლი მეურვეს გაექცა და მეკარე რიკარდოს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა. პალმა დე მალიორკას "ონო ესტადიზე" კი ქულები ჩემპიონატის ლიდერმა დაკარგა. ბოლო ათწლეულია, "მალიორკა" "რეალისთვის" ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ მიიჩნევა და ბალეარელებმა ეს სტატუსი ამ ჯერზეც დაადასტურეს. მართალია, პირველი ტაიმის მიწურულს სნეიდერმა მადრიდელები დააწინაურა, მაგრამ 66-ე წუთზე სამეფო გუნდს სერხიო რამოსი გაუძევეს და კუნძულელებმა ეს უპირატესობა გამოიყენეს - 6 წუთში ბორხა ვალერომ კასილიასს შანსი არ დაუტოვა. დედაქალაქურ "ვისენტე კალდერონზე" კვირას შეკრებილი პუბლიკა ესპანეთისთვის მეტად უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა - ლა ლიგას ტურნირი ევროპაში უხვგოლიანობით არ გამოირჩევა და ერთბაშად ცხრა გოლის მნახველი მაყურებელი შინ კმაყოფილი დაბრუნდებოდა. ბუნებრივიცაა: "ატლეტიკომ" უნაი ემერის "ალმერია" 6:3 დაამარცხა და ცხრილის მე-4 საფეხურზე გამაგრდა (პარალელურად გამართულ მატჩში "რასინგმა" შინ "დეპორთან" 1:3 დათმო და "მელეიბეებს" 3 ქულით ჩამორჩება). მადრიდული მატჩის დებიუტში მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა - თამაში ხეირიანად გახურებულიც არ იყო, როცა ანტონიო ლოპესმა ანგარიში გახსნა, ხოლო მადრიდელთა მომდევნო შეტევის ჩაშლიშას "ალმერიას" მცველმა რუბენ პულიდომ თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია. შედეგი - წითელი ბარათი და პენალტი, რომელიც მეორე გოლად დიეგო ფორლანმა აქცია. ეს მეექვსე წუთამდე მომხდარი ამბებია, მაგრამ ყოვლად მოულოდნელი რამ მომდევნო 12 წუთში მოხდა: კაცნაკლულმა ალმერიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. მომდევნო აფეთქება 34-37-ე წუთებზე მოხდა: ჯერ სიმაომ დააწინაურა მასპინძლები, შემდეგ კი ნეგრედომ ანგარიში 3:3 გახადა. კიდევ სამ წუთში კი ხუანიტომ მეორე გაფრთხილება მიიღო და მისმა გაძევებამ ლომებივით მებრძოლი სტუმრები წელში გატეხა: ტაიმის ბოლო წამებზე სიმაომ თავისი მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში დუბლი მისმა ნორჩმა თანაგუნდელმა სერხიო აგერომაც შეასრულა. ზემოთ "რასინგი" ვახსენეთ და სანტანდერელები ხისკოს საუცხოო ფორმამ იმსხვერპლა - "დეპორტივოს" ამ ფორვარდმა დუბლი მიითვალა, ბოლო ორ მატჩში პირადი საგოლე ანგარიში სულაც ხუთი გოლით გაამდიდრა და თავისი გუნდი გასავარდნ ზონას მთელი 7 ქულით დააშორა. ამასობაში, "რასინგს" "სევილია" წამოეწია, რომელმაც მეტად პრინციპულ მატჩში ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ვილიარეალი" 2:0 დაამარცხა, გოლები კი, ცხადია, ლუიშ ფაბიანომ და ფრედერიკ კანუტემ გაიტანეს, ბრაზილიელისთვის ეს იყო 23-ე სეზონური, ხოლო მალელისთვის - მე-12... "ესპანიოლი" კი თავისი ინჩადის გაწბილებას განაგრძობს: ბარსელონელებმა ბოლო 9 მატჩში მე-7 მარცხი განიცადეს და მესამე ადგილიდან მეშვიდემდე დაქვეითდნენ. მართალია, "ესპანიოლს" საუეფასთასო ზონაში მოხვედრის შანსი ჯერაც აქვს, მაგრამ მისი გამოყენებისთვის ქულების მოპოვებაა საჭირო, რაც ამ გუნდს აღარ გამოსდის. "ვალენსიამ" კი პრიმერადივიზიონი სულაც ფეხებზე დაიკიდა - "ღამურები" მურსიაშიც დამარცხდნენ და თავს იმით იმართლებენ, ჩვენი ერთადერთი მიზანი სამეფო თასის მოგება არისო. ამასობაში კი, რონალდ კუმანის გუნდი სახიფათო ზონას 6-ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა... რაც შეეხება "მურსიას", ამ გუნდმა ხავიერ კლემენტეს მოსვლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. "სიუდად დე ვალენსიაზე" შეკრებილ 10-ათასიან ფანობაც თავისი "ლევანტეს" 22-ე მარცხის გადატანა მოუხდა. ვალენსიელები "ვალიადოლიდთან" 0:3 დამარცხდნენ და სეგუნდას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. მათი ოფიციალური დაქვეითება ორი კვირის საქმეა, ხოლო ჩვენ კი იმას მოგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის 74-ე წუთზე, როცა "ბულდოგები" 2:0-ს იგებდნენ, ჯოვანი დე ბიაზიმ ფრანგი მატიე ბერსონის ნაცვლად თამაშში შოთა არველაძე ჩართო. ახალგამოჯანმრთელებული ქართველი ვეტერანი თავის გუნდს ვერაფრით შეეწია, ხოლო ბოლო წუთებზე "ლევანტეს" კარში მესამე გოლიც გავიდა. ასეთივე ანგარიში სარაგოსაშიც დაფიქსირდა - გასული სეზონის მეექვსეადგილოსანი არაგონელები "ბეტისთან" საშინაო შეხვედრაში შერცხვნენ და გასავარდნი ქვედა დივიზიონის მიმართულებით არნახული სისწრაფით მიექანებიან. ტურის დასკვნით მატჩს "კამპ ნოუმ" უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ესპანური საკლუბო ფებურთის დღევანდელი ელჩები შეხვდნენ - ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეოცნებე "ბარსელონა" და უეფას თასის ერთ-ერთ ფავორიტად ქცეული "ხეტაფე", რომელიც ამავდროულად სამეფო თასის ფინალშიცაა გასული. საკუთრივ მატჩზე კი არც არაფერია სათქმელი - 0:0 და "ბარსამ" "რეალთან" ჩამორჩენის შემცირების შანსი უკვე მერამდენედ გაფლანგა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |