"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

ივო შუშაკი: ჩამაბარეთ საქართველოს ნაკრები!

კობა ინასარიძე

გახსოვთ 2003 წლის 30 აპრილი. რა დაგვავიწყებს! იმ დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა: რუსეთი 1:0 დაამარცხა. მწვრთნელიც გეხსომებათ - ხორვატი ივო შუშაკი, რომელსაც უმწვრთნელობის პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის გაძღოლა სულ ორი მატჩით ანდო და ერთ-ერთი სწორედ რუსეთთან შეხვედრა იყო.

ამ ერთი კონკრეტული სანაკრებო წარმატების გარდა, ხორვატმა მწვრთნელმა თბილისის "დინამო" შინაურ სარბიელზე ხომ აპირველა და თასი მოაგებინა, იმდროინდელ შეგირდებს თანამეგობრობის ჩემპიონის ტიტულიც მოაპოვებინა... მერე ლამის გაქართველებული ივო შუშაკი ხორვატიაში დაბრუნდა და ერთი პერიოდი იქაურ "ოსიეკს" ხელმძღვანელობდა. დღეს კი შუშაკი უმუშევარია, ახალ წინადადებებს ელის და, შესაძლოა, ერთი ზარი საქართველოდანაც იყოს. ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელის ადგილი ხომ ახლა ისევ თავისუფალია...- ბოლო დროს საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი არ მინახავს, მაგრამ რაც ვნახე, ჩემთვის სამწუხაროდ, ქართველებმა ყველა თამაში წააგეს - გვითხრა გუშინ ივო შუშაკმა - ასეთ დროს კი თავისთავად მწვრთნელის გათავისუფლების საკითხი დგება. ზუსტად არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა და როგორ მოხდა, თუმცა ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლაუს ტოპმიოლერი ნაკრებიდან დაითხოვა.

- ახლა კი ახალი მწვრთნელის დანიშვნის საკითხია მოსაგვარებელი და თქვენ ხომ არ დაკავშირებიათ ვინმე საქართველოდან.

- არა, დღემდე არავინ დამკავშირებია...

- რომ დაგიკავშირდნენ და ნაკრების გაძღოლა შემოგთავაზონ, თქვენი პასუხი როგორი იქნება.

- ადრე, როცა საქართველოში მუშაობა დავამთავრე, წასვლის წინ ვთქვი, რომ საქართველოში, გინდ ნაკრებში, გინდ საკლუბო დონეზე სამუშაოდ სიამოვნებით დავბრუნდებოდი. ეს აზრი არც ახლა შემცვლია. საქართველოში მუშაობის სურვილი დღესაც მაქვს და ფული ჩემთვის მთავარი არ არის.

- ვთქვათ, ფედერაციასა და თქვენ შორის მოლაპარაკება დაიწყო. რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა თუ გექნებათ, რის გარეშეც შეიძლება წინადადებას არ დათანხმდეთ.

- დაახლოებით ვიცი, რა მოთხოვნებიც ჰქონდა კლაუს ტოპმიოლერს, ჩემი პირობები კი ასეთი არ იქნება. მიმაჩნია, რომ ნაკრების მწვრთნელი იმ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს, სადაც მუშაობს და იმავე ცხოვრებით ცხოვრობდეს, როგორითაც ქვეყანა ცხოვრობს. უნდა ჰქონდეს ყველასთან მჭიდრო ურთიერთობა, დაესწროს ჩემპიონატის თამაშებს... ჩემი აუცილებელი მოთხოვნა კი, ცხადია, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ასეთი იქნება - თანაშემწე აუცილებლად ქართველი უნდა მყავდეს.

- თქვენი აზრით, როგორი მწვრთნელი სჭირდება დღეს საქართველოს ნაკრებს.

- ის ძალიან გამოცდილი მწვრთნელი უნდა იყოს და პატარა ქვეყნის ხალხის მენტალიტეტი იცოდეს. ეს უნდა იყოს საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის შერჩევისას აუცილებელი კრიტერიუმი. ამჟამად, როგორც ვიცი, საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და არიან გამოცდილებიც. ახალმა მწვრთნელმა მათი ერთმანეთთან უმტკივნეულოდ შერწყმა უნდა მოახერხოს და ნაკრების ასაკობრივი ფაქტორი დააბალანსოს... საქართველოში იმდენი ნიჭიერი ფეხბურთელია, კარგი მუშაობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, საქართველომ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ან მსოფლიოს, ან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე მთელი სულით და გულით უნდა აკეთონ და კარგი შედეგიც აუცილებლად იქნება. საქართველოში საამისოდ ძალიან ბევრი პირობაა.

- მოკლედ, წინააღმდეგი არ ხართ, საქართველოს ნაკრები ხელმეორედ ჩაიბაროთ...

- უკვე გითხარით, რომ საქართველოში სიამოვნებით ვიმუშავებდი და ადრე ნათქვამს ერთხელაც გავიმეორებ, საქართველო ჩემს მეორე სამშობლოდ მიმაჩნია და როცა კი საშუალება მაქვს, ყოველთვის თქვენკენ მოვიჩქარი ხოლმე. ისე, თუ გახსოვთ, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა პირველად სწორედ ჩემმა გაწვრთნილმა თბილისის "დინამომ" ააფრიალა მოსკოვში. როცა "თანამეგობრობის თასის" ფინალს ვთამაშობდით, სწორედ იმ დღეს იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია და ხუთჯვრიანი დროშა ქვეყნის ოფიციალურ სიმბოლიკადაც მაშინ გამოცხადდა. "დინამომ" ის ფინალი მოიგო და ახალი დროშაც ააფრიალა. იმ წარმატებით ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- მართლაც სასიამოვნო მოგონებაა... როდის გვეწვევით.

- ჯერ არ ვიცი... თუმცა ფეხბურთის ფედერაციიდან თუ დამიკავშირდებიან და მოლაპარაკებას შემომთავაზებენ, მზად ვარ, საქართველოში მეორე დღესვე ჩამოვიდე.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com