"სარბიელი"
# 77
ორშაბათი, 7 აპრილი, 2008 წელი

ვინ არის შემდეგი ?

აგე, ისევ არა გვყავს მწვრთნელი და სამი ამხანაგურიც კარსაა მომდგარი.

ამხანაგურები მსუყედ იყო დანიშნული, ბიჭების მზადყოფნისთვის და გამოცდილებისთვის. გასულ კვირაში რომ ვწერდი სვეტს, მეგონა, რომ კლაუს ტოპმიოლერი ერთხანს მაინც გაატანდა ნაკრების საჭესთან. ვფიქრობდი, ეგრე იოლად წამსვლელი არ ჩანს-თქო. იოლად წავიდა, გარეგნულად მაინც. ჩანს, მოუგვარეს ყველაფერი და თან ხელჩასაჭიდიც არაფერი ჰქონდა, საერთოდ აღარაფერი. ის, რაც იოჰან ბოსკამპს ორ-სამ თვეში შეექმნა ცხადი, ამას ორ წელიწადს ეკვეთებოდა თვალწინ.

ტოპის გარეგნული უარყოფითობა ის იყო, რომ აქ ცხოვრება არ უნდოდა და ბოსკამპივით იღლიაში თონისპურამოჩრილი არ დადიოდა ქუჩაში. უხილავი მინუსები კი ალბათ სხვაც მოეძებნებოდა. ხმოვანი მინუსი ის გახლდათ, რომ კარგა ხანს ამბობდა, საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები ნაკრებისთვის საინტერესო არ არიანო. ბოლოს ისეთ დღეში ჩავარდა, ნაკრებში წვევამდელის ასაკამდელ ბიჭებს იწვევდა, რამაც ერისა და ბერისთვის აუტანელი წაგებები გამოიწვია, თუ შოტლანდიასთან უეცრად ატეხილ კანანადას არ ჩავთვლით. თავის დროზე გაიოზ დარსაძემაც პირტიტველანი მოიყვანა გუნდში და ასევე საშინელი წაგებების შემდეგ გადააყენეს. თუმცა, ალბათ, იქ მხოლოდ წაგებაში არ იყო საქმე, საერთაშორისო გამოცდილების სახელიანი კაცი უნდოდათ.

ასეთი კაცი შეასკდა ქართული ფეხბურთის უცნაურ კლდეს, ვითარცა ტალღა და არც არაფერი. როგორც მოიქცა, ისევე მიიქცა.

ახლა სხვა მოიძებნება. ვინც კი იმ დღეს, რედაქციაში ხუმრობით ჩამოვთვალეთ, მეორე დღეს ყველა სავარაუდო სიაში ვნახე. არ მგონია, დანიელ პასარელა ის იყოს, რაც გვინდა. ენა რომ ესმოდეს ჩვენი, კიდევ ჰო, ეტყოდა ტკბილებს ვარსკვლავებს, მაგრამ ისე რას გააგონებს. ჩვენ იმაზე ვიჯავროთ, კახა კალაძე თმას შეიჭრის თუ ნაკრებში თამაშზე უარს იტყვის. ამის ფუფუნება არ გვაქვს.

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანს კარლოს ალბერტო წვრთნიდა და ყველაზე დასამახსოვრებელი რაც გააკეთა, ისა თქვა, ოუენმა თამაში არ იცისო. თუ ეგეთი ამბები გვინდა, რაზეა ლაპარაკი. მგონი, ნაკრების ფეხბურთელებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება მათი მწვრთნელი. საერთოდ არანაირი. ერთხელ ტოპის ჩამოყვანაზე აზრი მკითხეს, ისე, მეგობრულ საუბარში და რატომღაც ვთქვი, ათი წლის წინ უნდა ჩამოგვეყვანა-თქო. ახლა მგონია, რომ სწორად ვთქვი.

დღეს სხვა რამეა საჭირო. ჩვიდმეტი წლის ბიჭები ნაკრებში გულანთებულნი მოდიან და იქ საბჭოთა საქართველოს ლამაზი ქუჩების სული ხვდებათ. ამ ბავშვებმა არ იციან ათასი ოხრობა, მათ ნაკრები ესახელებათ და ცივ შხაპს კი იღებენ. ეს ასეა და ყველამ იცის. საქართველოს ნაკრები ოქროს ზაპონკები და ოტელ ჰაიათის ლუქსი არ არის, სადაც ქალებს მიყრი, გულშემატკივრები კი მეტრდოტელები არ არიან.

ტოპმიოლერის ძმაზე ისეთი ამბავი იყო ატეხილი, თითქოს მთელი საქართველოს თანამდებობის პირების ძმები უკანასკნელი საუკუნის მანძილზე მხოლოდ იმიტომ არ ცხოვრობდნენ კარგად, რომ თანამდებობის პირების ძმები არიან.

ტოპმიოლერი ვერ ჩაერთო ჩვენს საქმეში. სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ის სრულიად დამარცხდა, პირწმინდად და უკანმოუხედავად. მან არ ჩაყვინთა და ხმლის ქნევა არ დაიწყო. წავიდა თავის გზაზე, წაიღო ის ხელფასი, რომელზეც მისი მოსვლის დღიდან ყველა ლაპარაკობდა, რაში იღებს ამდენ ფულსო. შეუთანხმდნენ, და იღებდა. ყველაფერი მოუგვარეს, მაგრამ მთავარი ვერა: სანაკრებო ვარსკვლავის ნდობა და პატივისცემა ამ კაცმა ვერ მიიღო. რატომ. აბა, რა ვიცი, რატომ. ფეხბურთელები გულახდილობით არ გამოირჩევიან, რომ გიამბონ, რა და როგორ, არც ტოპის გაუგრძელებია სიტყვა.

საქმე ეგ არის, ვინ უნდა იპოვო ისეთი, ნაკრებს რომ დაეტყოს.

კაცი, რომელიც მართლა საჭესთან დადგება.

ბედნიერი გულშემატკივრები ვიქნებოდით, ჩვენს ნაკრებს ტაქტიკა და ვარჯიში რომ ჰყოფნიდეს. მაურინიუ აქ არ მოვა და კრძალვით სხვას ვის შეხედავენ.

თვით ვენგერსაც ძალიან ინტელიგენტური იერი აქვს იმისთვის, თავი რომ დავუხაროთ.

აბა, რა ვიცი.

ვინ არის შემდეგი?



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com