|
|
"სარბიელი"
ორი გვარი დავთარში: ბრანკო ივანკოვიჩზე და ჰენრიკ კასპერჩაკზე საქართველო თქვეს ილია ნანობაშვილი
ხორვატი ბრანკო ივანკოვიჩი და პოლონელი ჰენრიკ კასპერჩაკი - როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ ორ მწვრთნელს გულგრილად არ უყურებს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის კანდიდატებად თვლის. შესაძლოა, კანდიდატობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ... ევროპაში ამ ორიდან უფრო მოთხოვნადი მწვრთნელი ივანკოვიჩია, ვისაც გელზენკირხენის "შალკეს" მომავალ თავკაცადაც მიიჩნევენ. ხორვატმა შარშანწინ დატოვა ირანის ნაკრები - მუნდიალ-2006-ის შემდეგ. 54 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 1991 წელს სამშობლოში, "ვარტექსში" დაიწყო და ევროთასებზე საკმაოდ ყოჩაღად ათამაშა გუნდი, 4 წელი იმუშავა ამ იქ და ერთხელ თასების თასის მეოთხედფინალშიც მოხვდა. შემდეგ ისევ ხორვატიულებს, "სეგესტას" და "რიეკას" წვრთნიდა, ხოლო 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიროსლავ ბლაჟევიჩის პირველი თანაშემწე გახლდათ ხორვატიის ნაკრებში. ხორვატები მესამეზე გავიდნენ, ბლაჟევიჩის მეორე თანაშემწე კი, გეცოდინებათ, ქართველთათვის კარგად ნაცნობი ივო შუშაკი იყო. 1999 წელს ივანკოვიჩმა გერმანულ "ჰანოვერში" იმუშავა, 2001-დან კი ირანში წავიდა - იქ ჯერ ბლაჟევიჩის ასისტენტი გახლდათ, მერე კი თავად ჩაიბარა ირანის ნაკრები და 2002 წელს აზიის ჩემპიონი გახადა, 2004-ში მესამეზე გავიდა. ბოლო მუნდიალზე კი მართალია, ივანკოვიჩის გაწვრთნილები ჯგუფში ბოლოზე გავიდნენ, სამივე მატჩში ახლოს იყვნენ თუნდაც ფრესთან. ირანის ნაკრების თავკაცის რანგში ივანკოვიჩმა 56 მატჩში 33-ჯერ მოიგო და 9-ში დამარცხდა, ამ გამარჯვებებს შორის კი გამოსარჩევია უკრაინასთან 1:0 და ბოსნიასთან 5:2. დოქტორმა ივანკოვიჩმა შეძლო და ცივსისხლიანი მეთოდები შეიტანა ირანელებში. მას სპარსთა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად თვლიან. რაც შეეხება 61 წლის კასპერჩაკს, საფეხბურთო კარიერა უფრო შთამბეჭდავი ჰქონდა, პოლონეთის ნაკრების "ოქროს ხანაში" თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახლდათ, 73 კეპი აქვს. კასპერჩაკმა მწვრთნელად მუშაობა ფრანგულ "მეცში" დაიწყო 1978 წელს, იქ 6 წელიწადი ითავკაცა, საფრანგეთის თასი მოიგო და ორჯერ გავიდა ქვეყნის თასის ფინალში. შემდეგ იყო ისევ საფრანგეთი, 1993 წლამდე პოლონელი სპეციალისტი "მამლების" ქვეყანას არ გასცდენია, მერე კი კოტ დივუარის ნაკრები ჩაიბარა, სადაც ერთი წელიწადი გაჩერდა და ტუნისის ნაკრებში გადაბარგდა ოთხი წლით - 1998 წლის მუნდიალზე ტუნისელებმა კი გააღწიეს, მაგრამ იქ ხეირიანი შედეგი ვერ აჩვენეს. კასპერჩაკი საფრანგეთში დაბრუნდა, ცოტა ხანს "ბასტიას" უთავკაცა და მერე ჯერ არაბეთის "ალ-ვასლი", შემდეგ კი მაროკოს ნაკრებს წვრთნიდა, თუმც წარმატებების გარეშე. 2000 წელს ჩინეთის ერთ-ერთ გუნდშიც იყო, საიდანაც მალის მიაშურა და იქაური ნაკრები აფრიკის თასზე მეოთხე ადგილზე გაიყვანა. 2002-2005 წლებში ჰენრიკ კასპერჩაკი პოლონურ "ვისლას" წვრთნიდა და ორჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი. ვის არ ეხსომება მისი "ვისლას" თამაშები ჯერ "ვიტ ჯორჯიასთან", მერე კი "დინამოსთან". 2006 წლიდან კასპერჩაკმა სენეგალის ნაკრები ჩაიბარა და წლეულს თებერვალში მოხსნეს - მისი გაწვრთნილი სენეგალელები აფრიკის თასზე ჯგუფში ჩარჩნენ და მეოთხედფინალს ვერ უწიეს. აქვე ვთქვათ, რომ პოლონელმა მწვრთნელმა ასევე აფრიკის თასზე კოტ დივუარი მესამე, ტუნისი კი მეორეზე გაიყვანა. მოხეტიალე მწვრთნელი - ასე შეიძლება შევაფასოთ კასპერჩაკის მუშაობა. ნაკრებებში ის მხოლოდ აფრიკულებს არჩევდა და ვნახოთ... კიდევ იმას დავამატებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ კვირიდან უფრო აქტიურად შეუდგება მწვრთნელის მოძიებას.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |