|
|
"სარბიელი"
თურქეთი კი მომეწონა, მაგრამ ამერზე ვფიქრობ - დიმიტრი ტატანაშვილი: ჯერ აქ და მერე იქ კოტე კეკელია
შაბათის "სარბიელში" გამცნეთ, "ამერის" თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი თურქეთში რომ იყო მიწვეული. იქაურმა "ქაისერისფორმა" ქართველ ფეხბურთელს თვალი დაადგა და გასაცნობად და შესამოწმებლად რამდენიმე დღით თავისთან წაყვანა ითხოვა. ამ შეთავაზების წინააღმდეგ არც თბილისელები წავიდნენ, ტატანაშვილი ქაისერში გაუშვეს და ჩემპიონატის მე-20 ტურში ცხინვალის "სპარტაკთან" თამაშის გამოტოვების უფლებაც მისცეს. თბილისში დაბრუნებულ ტატანაშვილს კი ჩვენც შევეხმიანეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ...- როგორ მოხდა თურქებთან შენი დაკავშირება. - პირადად მე არავისთან მილაპარაკია. ურთიერთობა კლუბებს ჰქონდათ. "ამერში" მითხრეს, რომ "ქაისერისფორიდან" იყო შემოთავაზება და რამდენიმე დღით მიშვებდნენ. - შენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა "ქაისერმა". - ძალიან კარგი გუნდია. ახლა თურქეთის სუპერლიგაში მეხუთე ადგილზეა და ბოლო სამი სეზონი უეფას თასზეც თამაშობს. გამართული ინფრასტრუქტურა აქვთ, ხარისხიანი მოედნები, ბაზა... პიროვნულადაც ნორმალური ურთიერთობა მქონდა ყველასთან, ბიჭები მეგობრულად შემხვდნენ... გუნდთან უფრო ახლოს რომ ვყოფილიყავი, ბაზაზე ცხოვრება ვარჩიე. თავიდან მკითხეს, ბაზაზე ცხოვრება გირჩევნია თუ სასტუმროშიო. ერთადერთი, ენის პრობლემა მქონდა, მაგრამ "ქაისერში" ბულგარეთის ნაკრების მეკარე ივანკოვი თამაშობს და ის მითარგმნიდა რუსულად. - როგორ ფიქრობ, შენ როგორი შთაბეჭდილება მოახდინე თურქებზე. - ვფიქრობ, კარგი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხუთი დღის მერე, როცა უკან უნდა დავბრუნებულიყავი, მწვრთნელმა მითხრა, ერთი კვირა კიდევ დარჩიო. ცუდი შთაბეჭდილება რომ დამეტოვებინა, ცხადია, დარჩენას აღარც შემომთავაზებდნენ. - რამდენად მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან "ქაისერში". - ოთხი-ხუთი ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. საკუთარ თავს რომ შევადარო, ზოგიერთები ფიზიკურად მჯობნიდნენ, სხვა კომპონენტებში კი არავის არაფრით ჩამოვუვარდებოდი, მე ასე მგონია... - რაიმე ისეთი ვარჯიშები ჰქონდათ, რაც შენთვის სიახლე იყო. - არა, არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ვარჯიშები აქვთ. - ახსენე, ერთი კვირით დარჩენა კიდევ შემომთავაზესო... - დიახ, მაგრამ შეთანხმებას ხომ ვერ დავარღვევდი, თან ამ კვირაში "ამერს" ორი უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს: ჯერ თასზე "ბორჯომთან", მერე კი ჩემპიონატში "დინამოსთან". - კარიერის თურქეთში გაგრძელების პერსპექტივას როგორ აფასებ. - როგორც გითხარი, "ქაისერი" მომეწონა, ვნახოთ, კლუბები როგორ მოილაპარაკებენ. ჯერჯერობით კი, "ამერის" თამაშებზე ვფიქრობ...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |