|
|
"სარბიელი"
დადგა დრო...
ნუკრი ლოლაძე
პრინციპულობა და თასის პრინციპი: ვინ გაიტანს თავს.საქართველოს თასის გათამაშებამ ნახევარფინალს უწია და დღეს "ეროვნულზე" პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავენ თბილისის "დინამო" და "ზესტაფონი". ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ჩემპიონატსა და თასზე ისინი თერთმეტჯერ შეხვედრიან ერთმანეთს - დინამოელებმა 3-ჯერ იმარჯვეს, 4-ჯერ ფრეს მიაღწიეს, 4-ში კი დამარცხდნენ. ანუ ურთიერთშეხვედრებში "ზესტაფონს" აქვს დადებითი ბალანსი, რაც, ცხადია, თბილისელებს სულაც არ ეპიტნავებათ. "ზესტაფონი" კი ზედიზედ მეოთხედ მიიწევს ფინალისკენ. წინა სამ გათამაშებაში იმერლები სწორედ ფინალში დამარცხდნენ - პირველად თასი "ლოკომოტივმა" ააცალა ცხვირწინ, ბოლო ორ ფინალში კი "ამერმა" დატოვა ხელცარიელი. თემურ მახარაძის გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ალბათ ვეღარ შეძლებს და მათი მთავარი სამიზნე თასი უნდა იყოს. თავის მხრივ, დუბლის შესრულება ამოუჭრია გულში დუშან უჰრინის სამწყსოს, რომელსაც სხვა არაფრის გაგონება სურს. "დინამოს" ჩეხმა თავკაცმა დუშან უჰრინმა მომავალ თამაშზე გუშინ ეს გვითხრა: "ძალიან რთული მატჩი იქნება. "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩემი გუნდი გამარჯვების მისაღწევად თავს არ დაზოგავს. საერთოდ "დინამოს" მნიშვნელოვანი თამაშების სერია ეწყება: სათასო მატჩები "ზესტაფონთან", ჩემპიონატში კი "ამერთან" და "ვიტ ჯორჯიასთან". ყველა აღნიშნულ შეხვედრაში მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და მხოლოდ მოგებაზე ვითამაშოთ... ...საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არც ერთ ფეხბურთელს არ აწუხებს და "ზესტაფონთან" მატჩისთვის ყველა სერიოზულად ემზადება". მცირე კომენტარი ვთხოვეთ ზესტაფონელთა გოლეადორ ზურაბ იონანიძესაც: "დინამოსთან" თამაში ყოველთვის საინტერესოა - ჩვენ ხომ პრინციპული მეტოქეები ვართ. თბილისში მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა ფრეზეც არ ვიტყვით უარს. კარგი იქნება, თუ გოლს გავიტანთ... ზედიზედ სამჯერ ვიყავით ფინალში და მეოთხედაც უნდა გავიდეთ - დადგა დრო, თასი მოვიგოთ!" ერთიც: დღევანდელ "დინამო" - "ზესტაფონსაც" და ხვალინდელ "ამერი" - "ბორჯომსაც" ტელეკომპანია "მზე" პირდაპირ ეთერში გადასცემს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |