"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

ნავალოვსკიმ რუსები უკვე გააოცა: არც ერთი სიტყვა რუსულად! "გიორგი გატუზოს" ლეო მესი მოსწონს

მიხეილ ჟორჟოლიანი

მახაჩყალის "ანჟის" ქართული შვიდეულიდან დაღესტნელ გულშემატკივარს გიორგი ნავალოვსკიმ უკვე დაამახსოვრა თავი.

დაბალი, სწრაფი, უტეხი - ასე ახასიათებენ ჟურნალისტები ქართველ ფეხბურთელს და მილანელ ჯენარო გატუზოსაც ამსგავსებენ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნავალოვსკისთან ინტერვიუს აღება გადაწყვიტა, მაგრამ პრობლემები შეექმნა - აღმოჩნდა, რომ გიორგიმ რუსული საერთოდ არ იცის და ჟურნალისტმაც დასახმარებლად ანჟელ ზურაბ არზიანს მიმართა...- როგორც ყველა პატარა ბიჭი, ფეხბურთს ქუჩაში ვთამაშობდი. ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩემმა მეზობელმა ხელი მომკიდა და საფეხბურთო სკოლაში წამიყვანა.

- რამდენი წლის იყავი.

- 8-ის თუ 9-ის, ზუსტად არ მახსოვს. თბილისში ბევრი საფეხბურთო სკოლაა, მე ცნობილ ოცდამეთხუთმეტეში მოვხვდი, სადაც ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე გაზრდილა. არც მიფიქრია, პროფესიონალი ფეხბურთელი თუ გავხდებოდი, ნაკრების მაისურის ჩაცმაზე ხომ არც მიოცნებია... მალე გართობა პროფესიაში გადაიზარდა და "დინამოს" აკადემიაში მოვხვდი. მერე იყო "დინამოს" სარეზერვო გუნდი, "დინამო" და რუსთავის "ოლიმპი".

- ქართული საზომებით "ოლიმპი" მდიდარი კლუბია.

- ერთ-ერთი მდიდარი. შარშან "ოლიმპთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გავხდი. საქართველოში სამი-ოთხი სოლიდური გუნდია, დანარჩენები გაჭირვებით აგრძელებენ არსებობას. ზოგს საკუთარი ბაზა კი არა, ელემენტარული პირობებიც არ აქვს.

- პირველი ხელფასი გახსოვს.

- ეს დაუვიწყარია - 50 დოლარი ავიღე და მეგობრებთან ერთად პირველი ხელფასის აღსანიშნავად წავედი. როცა "დინამოში" გადავედი, მივხვდი, რომ ეს ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო ფეხბურთში, "ანჟიში" გადმოსვლა - მორიგი იღბალი.

- და როგორ მოხვდი მახაჩყალაში.

- საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში ფეხბურთელს ცოტას უხდიან. ვერც ჩემპიონატის დონით დავიკვეხნით. ჯერ კიდევ "დინამოში" თამაშისას გერმანული "კიოლნის" სარეზერვო გუნდში მოხვედრა შემეძლო, თუმც კლუბმა არ გამიშვა. მოგვიანებით "ოლიმპთან" გავაფორმე კონტრაქტი, რომლის ერთ-ერთ პუნქტში ეწერა, რომ სარფიანი წინადადებისას უფასოდ შემეძლო კლუბის დატოვება. ამიტომ მახაჩყალაში გადმოსვლა რომ შემომთავაზეს, არც დავფიქრებულვარ. რუსეთის პირველი დივიზიონის დონე საკმაოდ მაღალია. მოხარული ვარ, რომ "ანჟიში" ვთამაშობ.

- გულშემატკივარი როგორია.

- ძალიან კარგი გულშემატკივარი გვყავს. საქართველოში უფრო ცოტა ხალხი დადის სტადიონზე. აქ ერთ-ერთი თამაშისას გავიგონე, ტრიბუნიდან ვიღაც გატუზოს მეძახდა, თუმც მე ბარსელონელი მესის გულშემატკივარი ვარ.

- ქართველებს ძალიან უყვართ ღვინო და სიმღერა...

- შემიძლია, ხანდახან სამი ჭიქა დავლიო, მეტი არა. რეჟიმის დარღვევა არ მიყვარს. მეგობრების წრეში ვმღერი კიდეც...

ნავალოვსკიმ და არზიანმა იქვე წაუმღერეს ჟურნალისტს ქართული ხალხური სიმღერა...

- ცოლიანი ხარ.

- არა, მაგრამ შეყვარებული მყავს.

- რა ჰქვია.

- სოფო.

თქვენებურად სოფია - ჩაერია საუბარში ინტერვიუს შესწრებული კიდევ ერთი ქართველი ანჟელი რევაზ ბარაბაძე.

- სად გაიცანით ერთმანეთი.

- შარშან მეგობრის დაბადების დღეზე.

- ქორწილის დღე დათქმული გაქვთ.

- კი. პირველი წრის შემდეგ დავქორწინდებით და მახაჩყალაშიც ერთად ჩამოვალთ.

- დიდ ქორწილს აპირებ.

- დაახლოებით 300 კაცს დავპატიჟებ.

- საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკურ ურთიერთობებზე ბევრს საუბრობენ. შენ რას ფიქრობ.

- პოლიტიკის ატანა არ მაქვს, ლაპარაკიც არ მინდა. ერთს გეტყვით: საქართველოში ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის და, რასაც აქ ტელევიზიით ამბობენ, ტყუილია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com