|
|
"სარბიელი"
ესეც მესამე...
ვაჟა ხუციშვილი
"არსენალი" და "ლივერპული" ერთმანეთს შვიდ დღეში მესამედ შეხვდებიან. გასულ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ლონდონში გუნდებმა 1:1 ითამაშეს. შაბათს პრემიერლიგაში "არსენალი" "ლივერპულს" შინ ასეთივე ანგარიშით დაუზავდა, დღეს კი "მეთოფეები" "ენფილდს" ეწვევიან. პრემიერლიგის პირველ წრეში "ლივერპული" - "არსენალი" ასევე 1:1 დასრულდა. ამ სეზონის ტრადიცია თუ არ დაირღვა და დღევანდელი მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა, პენალტები დაინიშნება, პენალტებში კი "ლივერპულს" ევროთასებზე არასოდეს წაუგია. წინა სამ სეზონში "ენფილდზე" მასპინძლებმა "არსენალს" სამივე საჩემრიონატო შეხვედრა მოუგეს: 2:1, 1:0 და 4:1. სამაგიეროდ, შარშან "მეთოფეებმა" "ლივერპული" სტუმრად ლიგისა და ასოციაციის თასზე ორჯერ სძლიეს - 3:1 და 6:3. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ კლუბთან "ლივერპული" ევროთასებზე შინ არ დამარცხებულა: სამჯერ 1:0 მოიგო, ორჯერ კი სტუმარს უგოლოდ დაუზავდა. თავის მხრივ, "არსენალი" პრემიერლიგელს ევროთასზე ერთხელ გადაეყარა - 2003-04 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ჩელსის" დაეჯახა და სტუმრად 1:1 ითამაშა, შინ კი 1:2 წააგო. ჩემპიონატში "არსენალი" მესამეზეა, "ლივერპული" კი მეოთხეზე, მაგრამ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ორმატჩიან დუელში სწორედ ის იმარჯვებს, ვინც მეტოქეზე დაბლაა. ასე იყო 2005 და 2007 წლებში, როცა "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან "ჩელსი" ორჯერ დაიფრინა, ხოლო "ჩელსიმ" "არსენალი" - ზემოხსენებულ მეოთხედფინალში (2003-04). 1979-80 წლების სეზონში "არსენალი" და "ლივერპული" ერთმანეთს 20 დღეში ხუთჯერ ეთამაშნენ. ასოციაციის თასზე პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, რასაც ორი გადათამაშება (ორჯერვე 1:1) მოჰყვა და მეოთხე ცდაზე "მეთოფეებმა" 1:0 იმარჯვეს. ამ მატჩებს შუა კი ჩემპიონატში გუნდებს შორის შეხვედრა... 1:1 დასრულდა. "შაბათს ჩემმა გუნდმა თავდაუზოგავად იბრძოლა და ორ დღეში ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გამოკეთება უნდა მოვასწროთ, რათა "ენფილდზე" მოსაგებად ვითამაშოთ - თქვა არსენ ვენგერმა - ჩვენ საკმაო რესურსები გვაქვს საიმისოდ, რათა ნახევარფინალში გავიდეთ. წინა სეზონთან შედარებით, "არსენალის" პროგრესი აშკარაა. ტიერი ანრის წასვლის გამო ოთხეულში მოხვედრას არ გვიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძვით და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ვართ". ემანუელ ადებაიორი: "ლივერპულის" დამარცხება შეუძლებელი არაა. ხალხი იმასაც ამბობდა, "სან სიროზე" ვერ მოიგებენო, მაგრამ ხომ მოვიგეთ." ფრანსესკ ფაბრეგასი: "ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის კი არა, ინგლისის თასის მატჩებზეც გადასარევი ატმოსფეროა, თუნდაც რომელიმე პატარა კლუბი სტუმრობდეს. ცხადია, "ლივერპული" შინ ფანების მხარდაჭერით საუცხოოდ თამაშობს, მაგრამ "არსენალმა" შარშან დაამტკიცა, რომ ამ სტადიონზე მოგება შეუძლია, როცა მეტოქე ლიგის და ასოციაციის თასზე ორჯერ დაამარცხა". რაფაელ ბენიტესი: "არსენალის" სათამაშო ყაიდა ყველასთვის ნაცნობია - ბურთს აკონტროლებენ და მოკლე პასებით ცდილობენ შეტევას. ჩვენც ვიცით, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ასეთ ტაქტიკას: როგორც ორ წინა მატჩში, კონტრშეტევაზე ვითამაშებთ".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |