"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

მთელი ოჯახი დაპატიჟებულია

ვაჟა ხუციშვილი

ლონდონში დაბადებულმა, "ფენერბაჰჩეს" ფორვარდმა კოლინ ქაზიმ რიჩარდსმა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მერვედფინალში მეტოქედ ინგლისური კლუბი ინატრა. მერვედფინალში არა, მაგრამ ფეხბურთელს მეოთხედფინალში ნატვრა აუხდა და "ფენერი" "ჩელსის" შეხვდა. ერთი კვირის წინ, სტამბოლურ მატჩში "ჩელსი" მასპინძლებს 1:0-ს უგებდა, შეცვლაზე შესულმა ქაზიმ რიჩარდსმა კი გაათანაბრა.

თურქი ფორვარდის ოჯახი ახლა ლონდონში ცხოვრობს და ფეხბურთელმა დღევანდელი მატჩისთვის მათ ბილეთები უყიდა, რაც 2 500 ევრო დაუჯდა. "ამ თამაშს მოუთმენლად ველი - თქვა ქაზიმ რიჩარდსმა - მე ხომ ლონდონში ვარ დაბადებულ-გაზრდილი და "ფენერბაჰჩეს" მაისურით "სტემფორდ ბრიჯზე" თამაში მომიწევდა. ერთბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ "ჩელსი" შინ ძალიან ძლიერია და დიდი ჯაფა დაგვადგება, რომ ეს უპირატესობა შევინარჩუნოთ". სტამბოლში მეორე გოლის გამტანმა "ფენერის" ბრაზილიელმა დეივიდმა კი განაცხადა: "ჩელსის" პატრონი მილიარდერია, მაგრამ ფეხბურთში ფული და სახელები მთავარი არაა. მოედანზე თერთმეტი თერთმეტის წინააღმდეგ ვრჩებით და ის იგებს, ვინც უფრო ძლიერია. ფულით კარგი ფეხბურთელების ყიდვა შეიძლება, კარგი გუნდის გაკეთებას კი სხვა რამ სჭირდება. "სტემფორდ ბრიჯზე" სიკვდილამდე ვიბრძოლებთ".

ყოფილმა ჩელსელმა, ახლა კი "ფენერბაჰჩეს" ფორვარდმა მატეია კეჟმანმა ავრაამ გრანტის გუნდი ასე შეაფასა: "ჩემი აზრით, "ჩელსის" ჟოზე მაურინიუს მკაცრი ხელი აკლია - პორტუგალიელის მწვრთნელობისას უფრო მტკიცე და დისციპლინირებული იყო. თითოეულმა ფეხბურთელმა საქმე ზედმიწევნით იცოდა, ამჟამად კი ფეხბურთელები თითქოს თავის ნებაზე არიან მიშვებულნი და ამით უნდა ვისარგებლოთ".

"ფენერბაჰჩემ" შაბათს ჩემპიონატში "ქაისერისფორი" 2:1 დაამარცხა, ისევე, როგორც "ჩელსისთან" 0:1-ს აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ალექსმა პენალტით გაათანაბრა, შენთურქმა კი 90-ე წუთზე გაიტანა. ზიკომ მეკარე ვოლქან დემირელი არ ათამაშა, "ჩელსისთვის" დაასვენა, ხოლო ედუმ მატჩი მსუბუქი ტრავმის გამო გამოტოვა და დღეს ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნება. "ფენერს" კვლავ დააკლდება რობერტო კარლოსი, რომელიც ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. "მეტოქე უმაღლესი კლასის გუნდია, მაგრამ მათი არ გვეშინია" - თქვა ზიკომ.

"ჩელსის" ჩემპიონთა ლიგაში ორ წელზე მეტია, არ წაუგია. ბოლოს "სტემფორდ ბრიჯზე" "ბარსელონამ" იმარჯვა 2:1, ეს 2006-ის თებერვალში იყო. ამ ორი წლის განმავლობაში ლონდონელებმა შინ ათიდან შვიდი მატჩი მოიგეს და სამი ფრედ დაასრულეს.

"ფენერბაჰჩე" კი ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად სუსტია. ჯგუფურ ეტაპზე ბოლოს 2004-ის ნოემბერში პრაღაში "სპარტას" მოუგო, მას შემდეგ შვიდ გასვლით შეხვედრაში ხუთჯერ დამარცხდა და მეტოქეს ორჯერ დაუზავდა.

"ჩელსი" თურქულ კლუბებს ევროთასზე შინ ორჯერ ეთამაშა - "გალათასარაის" 1:0 სძლია, "ბეშიქთაშთან" კი 0:2 წააგო.

"ფენერბაჰჩე" ინგლისს ექვსჯერ ეწვია, ოთხჯერ დამარცხდა, ერთი მატჩი ფრედ დაასრულა და ერთიც მოიგო. ეს ერთადერთი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 1996-ში "მანჩესტერთან" მოიპოვა.

"ჩელსიმ" პრემიერლიგაში შაბათს "სიტის" სტუმრად 2:0 მოუგო. ავრაამ გრანტმა დიდიე დროგბა და რიკარდუ კარვალიუ დაასვენა. დღეს ორივე ძირითად შემადგენლობაში იქნება. "ფენერბაჰჩე" ძლიერი გუნდია კარგი მწვრთნელით. ფეხბურთელობისას ზიკოს ქომაგი ვიყავი. მათი დამარცხება იოლი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სასურველი ანგარიშით მოვიგებთ" - განაცხადა გრანტმა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com