|
|
"სარბიელი"
თუ მოიგებს, წააგებს?
პაპუნა კედია
"კარდიფ სიტის" საქმე ფრიად უცნაურადაა - ევროპული ფეხბურთის მმართველები ფიქრობენ რა ქნან იმ შემთხვევაში თუ ეს უელსური გუნდი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასს მოიგებს. სავარაუდოდ, კარდიფელებს უეფას თასზე არ დაუშვებენ. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი 17 მაისს გაიმართება. "კარდიფ სიტი" "პორტსმუთს" უნდა შეხვდეს. თუ უელსელები გაიმარჯვებენ, გახდებიან 1927 წლის შემდეგ პირველი არაინგლისელები, რომლებიც ამ ჯილდოს აღმართავენ, მაგრამ ვაგლახ - ფეხბურთის ასოციაციის წეს-კანონის თანახმად, იმისათვის, რომ უეფას თასზე ითამაშო, თუ უელსელი ბრძანდები, უელსური შეჯიბრების მოგებაა საჭირო. შეგახსენებთ, რომ კვირას, ნახევარფინალში "კარდიფ სიტიმ" 1:0 "ბარნსლის" მოუგო. ინგლისური ფეხბურთის მმართველებმა ადრე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ არსებული წესის შეცვლას აპირებენ, მაგრამ, როგორც ხედავთ, საქმე საქმეზე მიდგა, წესი კი კვლავ ძველებური აქვთ. ამასობაში, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ სიტუაციის განმუხტვა სურს. "ჩვენმა პრეზიდენტმა აღმასკომს გამონაკლისზე დაფიქრება სთხოვა - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას უეფას პრესმდივანმა უილიამ გეილარდმა - ჩვენი აზრით, ფრიად სამწუხარო იქნება, თუ უელსური კლუბი ინგლისის თასს მოიგებს, მაგრამ უეფას თასზე მაინც ვერ ითამაშებს. ეს უსამართლობა იქნებოდა". თუმცა, იმავე გეილარდმა თქვა, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალამდე უეფა არაფერს გადაწყვეტს - ხომ შეიძლება, "პორტსმუთმა" გაიმარჯვოს და პრობლემა ავტომატურად მოიხსნას. აღსანიშნავია, რომ "კარდიფ სიტი", როგორც უელსის თასის გამარჯვებული, რეგულარულად გამოდიოდა თასების მფლობელთა თასზე. უელსური გუნდის მწვრთნელი დეივ ჯონსი: "თუ ჩვენ თასს მოვიპოვებთ ან "პორტსმუთი" პრემიერლიგაში მეექვსე ადგილს დაიკავებს და უეფას თასზე იქიდან გავა, ყველანაირი ლოგიკით ჩვენც გვერგება ევროპულ შეჯიბრებაში მონაწილეობა. პლატინიმ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მხარს დაგვიჭერს და მართალიც იქნება. უეფას თასზე ჩვენი გაშვება პოლიტიკურადაც ბრძნული ნაბიჯი იქნება, რადგან კარდიფში ორი თუ სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და უკლებლივ ყველა გამოვა საპროტესტოდ".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |