"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

ინტერმა კბილები გამოაჩინა

კოკი კანდელაკი

შაბათს "რომამ" შინ "ჯენოას" 3:2 მოუგო და "ინტერთან" სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. კვირას კი "ნერაძურის" ბერგამოში "ატალანტასთან" ელოდა რთული სტუმრობა და ბევრს მიაჩნდა, რომ არცთუ კარგ ფორმაში მყოფ მილანელებს კვლავ დაუცდებოდათ ფეხი, მაგრამ...

"ჩვენსა და "რომას" შორის სხვაობა ქულაღა იყო და ბევრი თვლიდა, რომ ნერვიულობისგან თავს დავკარგავდით. ამის ნაცვლად ჩვენი ძალა და ხასიათი კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ძლიერი მეტოქე დამაჯერებლად დავამარცხეთ. ეს მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი" - განაცხადა "ინტერის" არგენტინელმა ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ.

"ნერაძურის" მწვრთნელი რობერტო მანჩინი: "გვანერვიულებს თუ არა "რომა". გულწრფელად გეუბნებით - არა. სკუდეტო ჩვენს ხელშია და მთავარია, არ დავკარგოთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული და არა "რომაზე". წინა სეზონში ჩვენი ფანები ათასგვარი რეკორდით გაბრუვდნენ, მაგრამ ამგვარი რამეები 50 წელიწადში ერთხელ ხდება და ახლა სხვა ვითარებაა. მთავარია, კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ, თან "ატალანტას" დარ ძლიერ მეტოქესთან. ნახევარმცველები ნელ-ნელა მწყობრში დგებიან და დაცვაშიც მშვენივრად გავისარჯეთ".

"ინტერს" თავდასხმაში არ ჰყავდა ტრავმირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი და დავიდ სუასო. "მანჩომაც" გადაწყვიტა, გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავ მარიო ბალოტელისთვის მიეცა შანსი და არც უნანია - მილანელთა ორი გოლიდან ერთი სწორედ მან გაიტანა.

"მარიო ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდაა. თუ ასე გააგრძელებს, დიდი მომავალი ელის და ჩვენც სწორად დავტვირთავთ" - დასძინა მანჩინიმ.

"სამწუხაროა, რომ ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომელთა თავიდან არიდებაც თავისუფლად შეგვეძლო. "ატალანტასთვის" "ინტერთან" წაგება არახალია, მაგრამ მეტი ყურადღებით თამაში გვმართებდა და ვინ იცის, რა მოხდებოდა. გარდა ამისა, პატრიკ ვიეირას გოლი, წესით, არ უნდა ჩათვლილიყო. იმ ეპიზოდში მაქს პელეგრინოს აშკარად ეუხეშნენ" - ეს კი ბერგამოელთა თავკაც ჯიჯი დელ ნერის სიტყვებია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com