"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

სიცილიური თრილერი

გიორგი კაკაბაძე

სერია ფ-ს 32-ე ტური "პალერმოსა" და "იუვენტუსის" დრამატული მატჩით დამთავრდა. სიცილიელებმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით ამ, თრილერის მაგვარ შეხვედრაში 3:2 იმარჯვეს, არადა, "ბიანკონერი" უკეთ გამოიყურებოდა და სულ მცირე, ქულას იმსახურებდა.

ტურინელთაგან საუკეთესო გუნდის კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო იყო, რომელმაც დუბლი გაახერხა და ერთხელ ხარიხას გაარტყა ბურთი. ასევე კარგად ითამაშა მოჰამედ სისოკომ, რამაც "იუვეს" მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ძალიან გაახარა.

"მეტოქემ სამჯერ დაარტყა კარში, ჯიჯი ბუფონმა ვერც ერთი ვერ მოიგერია და წავაგეთ. არადა, დიდი შემართებით ვთამაშობდით და მომენტებიც გვქონდა, ვერც ამაურის გოლებმა გაგვტეხა. 0:2-ის მერე თავისუფლად შეიძლებოდა, 4:2 ყოფილიყო ჩვენ სასარგებლოდ, მაგრამ რას იზამ, ეს ფეხბურთია. ბოლომდე ვიბრძოლეთ, სხვანაირად არ შეგვიძლია. შეტევებში წავედით, "პალერმო" საკუთარ კარს მივაჯაჭვეთ, მაგრამ გოლი აქეთ გავუშვით. რაც შეეხება სისოკოს, თავადაც ნახეთ, რა დამაჯერებლად ითამაშა. მას დიდი პოტენციალი აქვს" - თქვა რანიერიმ.

"პალერმოს" მწვრთნელი სტეფანო კოლანტუანო: "პირველ ტაიმში ვდომინირებდით, მაგრამ მეორე ნახევარში "იუვენტუსმა" სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა და შეიძლებოდა, წაგვეგო. საბედნიეროდ, მაინც შევძელით მოგება, რაც ცუდი პერიოდის უკან მოტოვებაში დაგვეხმარება. ახლა "კატანიასთან" სიცილიური დერბისთვის მზად ვართ".

ბედის ირონიით, "ბებერი ქალბატონის" პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ სწორედ "პალერმოსთან" მატჩამდე, ოფიციალურად დაადასტურა, ამაურით დაინტერესებულნი ვართო და ბრაზილიელმაც "იუვეს" ორი გოლი გაუტანა. ამაური მალე იტალიის მოქალაქეობას მიიღებს და გამორიცხული არ არის, "სკუადრა აძურაშიც" ვიხილოთ.

"მას შეეძლო, სხვა გზები ეპოვა ჩვენთვის თავის მოსაწონებლად" - ღიმილით აღნიშნა რანიერიმ.

ამაური: "სიმართლე რომ ვთქვათ, "იუვენტუსი" მეორე ტაიმში ბრწყინვალე იყო და წაგება არ დაუმსახურებია, მაგრამ ფეხბურთში ასეა: ხან გაგიმართლებს, ხან - არა. წინა ტურში "ნაპოლისთან" ბოლო წუთზე წავაგეთ, ახლა კი პირიქით, მატჩის მიწურულს მოვიგეთ. ღვთის წყალობით, დღეს კარგად ვითამაშე და ორი გოლიც გავახერხე, თან "იუვესთვის" აქამდე არ გამეტანა. ვიცი, რომ ტურინელები ჩემით დაინტერესებულნი არიან, მაგრამ ახლა მხოლოდ "პალერმოზე" ვფიქრობ".

დაბოლოს, მატჩის 24-ე წუთზე მასპინძელი რობერტო გუანა და სტუმარი პაველ ნედვედი ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ. ორივე მყისვე შეცვალეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მთელი ღამე გაატარებინეს. საბედნიეროდ, გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ სერიოზული არაფერია და ორივე მწყობრშია. მსგავსი, მაგრამ უფრო მსუბუქი ტრავმა ტიაგუ მენდეშმაც მიიღო, თუმცა მას თავი გადაუხვიეს და პორტუგალიელმა შეხვედრა ასე ჩაამთავრა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com