|
|
"სარბიელი"
რუსეთი საკუთარ თავს და საქართველოს უნდა გადაახტეს
ბაჩო სვანიძე
კლოდ სორელს გუშინ შევეხმიანეთ, როდესაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ რუსთა გაფართოებულ შემადგენლობას წერდა - სორელმა დაგვიდასტურა, რომ აქამდე გამოქვეყნებული შემადგენლობა ზუსტი არ იყო. რა შეხსენება უნდა, მაგრამ მაინც: 12 აპრილს 2007-08 წლების ერთა თასის ფინალის ტოლფასი მატჩია - რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ. შეხსენება არც იმას უნდა, რომ კლოდ სორელი ადრე საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა და მსოფლიოს თასზე პირველად სწორედ მან გაიყვანა, ახლა კი ჩვენი მთავარი მეტოქის თავკაცია... - რუსეთ - საქართველო აქამდეც პრინციპული დაპირისპირება იყო, ახლა კი ევროპის ერთა თასის გადამწყვეტი მატჩიცაა. თქვენ, როგორც საქართველს ნაკრების ყოფილი და ახლა რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ყველაზე კარგად ხართ გარკვეული ვითარებაში... - რა თქმა უნდა, ვიცი და ჩათვალეთ, რომ ეს იქნება ერთა თასზე ყველაზე პრინციპული და საინტერესო მატჩი. მე, როგორც პროფესიონალი მწვრთნელი, ყველანაირად ვეცდები, საქართველოს ნაკრების სუსტი წერტილები გამოვიყენო და მატჩი ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ. - სუსტ წერტილებში საქარველოს ნაკრების შესუსტებულ შემადგენლობას გულისხმობთ. - მე არ ვიცი, რატომ არ გამოუშვეს ფრანგულმა კლუბებმა წამყვანი ლეგიონერები. ასეთ პრობლემას მეც ვაწყდებოდი, როდესაც საქართველოში ვმუშაობდი. სხვათა შორის, საქართველოსთან მატჩისთვის ექვსი ახალბედა მორკინალი გამოვიძახე, რომლებისთვისაც საქართველოს ნაკრები ავტორიტეტია და, ცოტა რა იყოს, მორიდებით უყურებენ. - და მაინც, რუსეთის ნაკრებს ახლა აღმასვლა აქვს. ერთა თასის ჩემპიონიც ამ მატჩში ირკვევა. ფავორიტი რუსეთია. - ასე არ ვფიქრობ. მიუხედავად წარმატებული მატჩებისა, რუსეთი თავის თავს უნდა გადაახტეს, რომ საქართველოს მოუგოს. ძალიან მსურდა, ქართველები ძირითადი შემადგენლობით ჩამოსულიყვნენ და ჩვენ გაგვემარჯვა. ამით დავამტკიცებდით, რომ რუსული რაგბი სწორი მიმართულებით ვითარდება. ვფიქრობ, რუსეთის ნაკრებმა გაიარა გზა, რომელმაც მსოფლიოს თასზე უნდა გაიყვანოს. საქართველოს ნაკრებს ვუყურებ, როგორც ყველაზე მკაცრ გამომცდელს ამ საქმეში. რადგან აქამდე ჩვენ ქართველების დარ სერიოზულ გუნდს არ შევხვედრივართ. - საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად ახლა ლევან ცაბაძე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს თასზე არ წაიყვანეთ და ამით ურთიერთობა დაგეძაბათ. საინტერესოა, როგორ შეხვდებით მას... - როგორც მწვრთნელს, "ლეონსიოს" დიდი პოტენციალი აქვს. დიდი სიამოვნებით შევხვდები და გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას. იმედი მაქვს, ისიც ასევე შემხვდება და ასევე ფიქრობს. - ჩვენ მაინც გკითხავთ, თუ საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, რუსული რაგბისთვის მძიმე დარტყმა იქნება. - მეც გაგიმეორებთ. ფავორიტი საქართველოა, რადგან მსოფლიოს თასზე ითამაშა. გააჩნია უამრავი უსაზღვრო რესურსი და შესაძლებლობა. რუსეთში კი ახლა ვიწყებთ გუნდის კეთებას. მე მიხარია, რომ ჩემი გუნდი სწორედ საქართველოსთან გამოიცდება - იმ საქართველოსთან, სადაც უამრავი დაუვიწყარი წელი მიმუშავია და ძალიან მიყვარს. - როდესაც შარშან რუსეთის ნაკრები თბილისში ჩამოიყვანეთ, მაშინ თქვით, რომ საქართველოში აღარავის დაჭირდით. აქედან გულდაწყვეტილი წახვედით. - მე პროფესიონალი მწვრთნელი ვარ, სადაც სამუშაოს შემომთავაზებენ და დავთანხმდები, იქ ბოლომდე უნდა ამოვწურო ჩემი თავი. მე, შეიძლება, მინდოდა საქართველოში დარჩენა, თუმც ამის პერსპექტივა ვერც დავინახეთ, მაგრამ ჩემი გულიდან საქართველოს ვერავინ ამოშლის. საქართველო ძალიან მიყვარს, მიყვარს ჩემი ქართველი მეგობრები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გული ძალიან დამწყდა, რომ თქვენგან წამოსვლა მომიხდა. მაგრამ ჩამოსვლა ყოველთვის მინდა და ჩათვალეთ, რომ ყოველთვის სასურველი სტუმარი ვიქნები.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |