"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

ვის გავაკეთებინოთ კომპიუტერი?

ილია ბაბუნაშვილი

"სარბიელმა" ორიოდ დღის წინ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა: გაზეთის ორი თანამშრომელი ტელეფონს მიუჯდა და 400 ნომერი აკრიფა. კითხვაზე, სადაური უნდა იყოს საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ისინი რესპონდენტებს პასუხის სამ ვარიანტს სთავაზობდნენ: ქართველი, უცხოელი და სულერთია. გამოკითხვის შედეგი ასეთი გამოვიდა: 53%-მა ქართველთა მწვრთნელად ქართველი ისურვა, 34,5%-მა უცხოელი, 10%-მა თქვა, სულერთიაო და გამოჩნდა კიდევ 10 ადამიანი, რომელთაც პასუხისგან თავი შეიკავეს.

ბუნებრივია, ეს გახლდათ სრულიად დილეტანტურად შედგენილ-შესრულებული აქცია, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც დამაფიქრებელი იყო... რასაკვირველია, ისეთი ხალხისთვის, ვისაც ფიქრი ჯერ კიდევ აქვს ჩვევად.

ახლა კი იმის შესახებ, მე რატომღა დავხარჯე მელანი: მოკლე წერილში (თუ გნებავთ, მხოლოდ და მხოლოდ რეპლიკაში), რომელსაც აქ გთავაზობთ, გამოკითხვის ანალიზს არ ვაპირებ. ასე ვთქვათ, მიზნად არ ვისახავ იმაზე ფიქრს, ვინ რა მოტივით გასცა ასეთი ან ისეთი პასუხი, უბრალოდ, საკუთარი შეხედულება მინდა გაგაცნოთ:

ღვინო კახელის დაწურული მირჩევნია, მანქანა გერმანელი ან იაპონელი კონსტრუქტორის აწყობილი, საკომპიუტერო საქმეში მიჯობს, რჩევა შიქ-ის თანამშრომელს ვკითხო, კუნ-ფუს მასწავლებლად კი, სავარაუდოდ, ჩინელს ავიყვანდი... სხვა სიტყვებით, შევეცდებოდი, სპეციალისტი იმ სამყაროდან მომეწვია, სადაც ჩემთვის საჭირო დარგი განვითარებულია.

რაც შეეხებათ ქართველებს. როდესაც ვსვამ კითხვას, ვთქვათ, საკომპიუტერო საქმე შიქ-ის ექსპერტს ჩავაბარო თუ რომელიმე თბილისელს ან ქუთაისელს, ზუსტად უნდა ვიცოდე, ვინ თბილისელ-ქუთაისელზეა ლაპარაკი, თორემ ზოგადად ამ კითხვის დასმაც კი უხერხულია... ანუ, თუ ღვთის მადლით, ვიღაც ძალიან ძლიერი აქვე გვყავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დავსვათ ეს კითხვა, თუ არა და, ასეთი რამ გამოგვივა: ავტომობილის ნაწილი საიდან სჯობს მოვიტანოთ, ქარხნიდან თუ....

ამიტომ, ვფიქრობ, ზოგადად ქართველზე ლაპარაკსა და პატრიოტული ორთქლის გამოშვებას სჯობს, კონკრეტული ქართველების გვარები ჩამოვთვალოთ... თუ გნებავთ, ჯერ ყველამ თავისთვის.

და, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაასახელებთ ისეთ კაცს, რომელიც, თავადაც კარგად გეცოდინებათ, რომ ჩემი და თქვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს "საფეხბურთო ჯიხურად" უპირებს ქცევას.

ხოლო რაც შეეხება უცხოელს, იმედი მაქვს, რომ საქართველოში საზღვარგარეთიდან სპეციალისტის მოწვევის აბსოლუტურად ჯანსაღი იდეა (შეგახსენებთ, უცხოელი მწვრთნელი თვით ინგლისელებმა მიიწვიეს) არასწორად შერჩეული კანდიდატების გამო ინფლაციას ჯერ კიდევ არ განიცდის.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com