"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

ცხრა გოლი, კიტრი და რასინგი

გიორგი ვაშაკიძე

ესპანური პრიმერის მორიგი ტურის გამორჩეული ამბების მიმოხილვას ტრადიციულად ქვემოთ გთავაზობთ, თუმც რომ წაიკითხავთ, ყურადღებას მიაქცევთ, გრანდებზე, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონაზე" არაფერია ნათქვამი. რატომ. ორივემ უსახური ფრე "გააგორა" და იმიტომ: "რეალმა" პალმა დე მალიორკაში 1:1, "ბარსელონამ" კი შინ "ხეტაფესთან" 0:0.

ცხადია, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შოთა არველაძის მეორე თამაში იქნებოდა "ლევანტეში", "ვალიადოლიდათან" შოთა მწვრთნელმა 73-ე წუთზე შეუშვა მინდორზე მატიე ბერსონის ნაცვლად და ჩვენც ვიმედოვნებთ, ეგებ ესპანელებს მასზე რამე დასცდენოდათ, მაგრამ...

პირენეელთა აზრით, აი, რა იყო პრიმერას

31-ე ტურში გამორჩეული, ინებეთ...იყო რვა, გახდა ცხრა

ცხრა გოლი ერთ თამაშში - კვირას მადრიდულ "ვისენტე კალდერონზე" წლევანდელი ჩემპიონატის ახალი რეკორდი დამყარდა. "ატლეტიკომ" და "ალმერიამ" სამი კვირის წინანდელი "მალიორკა" - "უელვა" (7:1) მოხსნეს. მე-17 წუთისთვის გუნდებს უკვე 4(!) გოლი ჰქონდათ გატანილი და "ალმერია" შესვენებაზე 3:4-ით რომ გავიდა, მერეღა მიხვდა, რომ მსაჯს მისი ორი ფეხბურთელი გაეძევებინა. თერთმეტნი უძალიანდებოდნენ "ატლეტიკოს", ცხრამ კი, რა გასაკვირია, ვერაფერი გააწყო. საბოლოოდ - დუბლი კუნ აგეროსგან და 3:6.

კიტრი ბეტიკო

ახალგაზრდა კასტო ესპინოზა "ბეტისმა" სეზონის წინ განაცხადში მესამე მეკარედ შეიყვანა, თუმც უკვე ზედიზედ მეხუთე მატჩია, კარში შეუცვლელად დგას, სათადარიგოთა სკამზე კი თვით პორტუგალიის ნაკრების გოლკიპერი რიკარდუ გადასვა. საინტერესო ისიცაა, რომ კასტოს, რაც კარში დგას, ჯერ ბურთი არ გაუშვია. ახლაც, "ბეტისმა" "სარაგოსას" სტუმრად 3:0 მოუგო, მეკარემ კი იმისთანა ბურთები აიღო, თქვენი მოწონებული. სარაგოსელებმა შვიდჯერ "დაბომბეს" ბეტიკო ("ბეტისის" გიჟმაჟმა ფანებმა სწორედ ასე მონათლეს თავიანთი ახალი კერპი), მაგრამ მან შვიდჯერვე ბრწყინვალე ნახტომებით უკუაგდო დარტყმულები, მათ შორის ფრანსელინო მატუზალემის ჯარიმიდან სახიფათოდ გასროლილი... და, რა შუაშია კიტრი. ეს ბოსტნეული, უბრალოდ, "ბეტისის" მეტსახელია. ხოლო რატომ შეარქვეს ასე, ვერაფერს მოგახსენებთ.

უიღბლო ჟოანი

"სევილიასთან" მატჩი, კერძოდ, მასპინძელთა მარჯვენაფლანგელ ნახევარმცველ ხესუს ნავასთან დუელი მწარედ დაამახსოვრდება ვილიარეალელ ჟოან კაპდევილას. ის მარცხენა მცველია, ესპანეთის ნაკრების შეუცვლელი წევრი, მაგრამ გუშინწინ ნავასმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავბედი აწყევლინა. მოკლედ, ნავასმა აიკლო კაპდევილა, მისმა უსწრაფესმა გარღვევებმა და საჯარიმოში ჩაწოდებულებმა ფურიაროხელს არაქათი გამოაცალა და დიეგო კაპელი, სეიდუ კეიტა და ლუიშ ფაბიანო უფრო მარჯვენი რომ ყოფილიყვნენ, მანუელ პელეგრინის "ვილიარეალი" დიდი ანგარიშით მარცხს ნაღდად ვერ ასცდებოდა. და, თითქოს მეტოქისგან დაჩაგვრა არ ეყოფოდაო, ქვა აღმართში დაეწია - არბიტრმა პერეს ლასამ მატჩის ბოლოსკენ კაპდევილას ხელით თამაში შენიშნა, შენიშნა და მეორედ გასაფრთხილებლად ყვითელი დაუძრო, რომელსაც ავტომატურად წითელი მოჰყვა.

რასინგი ლიგაში.

კი "იქაჩება" სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგაში მოახვედრად სანტანდერის "რასინგი", მაგრამ კვირის თამაშით და მით უფრო, "დეპორტივოსთან" მარცხით იქ არაფერი ესაქმება. ახლა სანტანდერელებმა მდგომარეობა ერთობ გაირთულეს, მართალია, მარსელინო გარსია ტორალის ბიჭები ცხრილში მეხუთე ადგილზე არიან, მაგრამ სანუკვარ მეოთხე ადგილზე მყოფი "ატლეტიკო" მათ უკვე 3 ქულით გაექცა, ასევე ლიგაში თამაშის მოსურნე "სევილია", "ესპანიოლი" და "ბილბაო" კი სანტანდერელებს "კუდზე დაასხდნენ". ლაკორუნიელმა ხისკომ, ვისაც ბოლო ორ მატჩში უკვე 5 გოლი მოუგროვდა, როგორც ჩანს, გაიფიქრა, არ ვიცი, არ მაინტერესებს მათი მიზნები, ჩემი სურვილი "დეპორის" პრიმერაში დარჩენააო და "რასინგს" დუბლი მიართვა, ერთიც კიდევ არგენტინელმა მცველმა ფაბრიციო კოლოჩინიმ გაიტანა. "რასინგმა" წლეულს პირველი თამაში წააგო საკუთარ "ელ სარდინეროზე".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com