"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

უელსური დრაკონისგან ქერცლიც აღარ დარჩა

ზურაბ მიგრიაული

სარასენზი 19:10 ოსფრისი

სარასენზი: 1ლ: ლაიონელი; 1გ: ჯეკსონი; 3ს: ჯეკსონი; 1ა: ჯეკსონი

ოსფრისი: 1ლ: ჯეიმსი; 1გ: ჰუკი; 1ს: ჰუკი

ტულუზი 41:17 კარდიფ ბლუზი

ტულუზი: 4ლ: მედარდი, კანავოე, კლერკი, ბუილუ; 3გ: ელისალდი; 3ს: ელისალდი; 2ა: ელისალდი, ემონსი

კარდიფ ბლუზი: 2ლ: სპეისი, ბლეირი; 2გ: ბლეირი; 2ს: ბლეირი

ლონდონ აირიში 20:9 პერპინიანი

ლონდონ აირიში: 1ლ: დანაჰეი; 5ს: ჰეივანტი

პერპინიანი: 3ს: მონტგომერი

გლოსტერი 3:16 მანსტერი

გლოსტერი: 1ს: ლამბი

მანსტერი: 2ლ: დულინგი, ჰაულეტი; 2ს: ოჰარა

გასულ უქმეებზე განახლდა ჰაინეკენის თასის გათამაშება. ტურნირმა მეოთხედფინალურ ჯახებს უწია და რაღა თქმა უნდა, იმატა ინტრიგამ და დაძაბულობამ.

ოთხი მატჩი ორ დღეზე გადანაწილდა და მათგან ყველაზე საინტერესო გამოდგა ლონდონის "სარასენზისა" და უელსის "ოსფრისის" შეხვედრა. უელსის ნაკრების მორაგბეებით გადაჭედილ "ოსფრისში" ბევრი წლევანდელი ექვსი ერის ტრიუმფატორი რაგბობს და ლონდონში სტუმრობისდა მიუხედავად ფავორიტად ეს გუნდი მოიაზრებოდა. ანგარიშიც სწორედ უელსელებმა გახსნეს ჯეიმს ჰუკის საჯარიმოთი, მაგრამ ეს იყო და ეს, 75 წუთამდე მათ ბურთი ხეირიანად აღარც უნახავთ. მასპინძლები გლენ ჯეკსონის ზუსტი საჯარიმოების წყალობით პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ. შესვლაზე შესულმა ფრანცისკო ლაიონელმა 42-ე წუთზე ლელოც გაუტანა სტუმრებს, ამ ყველაფერს იმავე ჯეკსონმა გარდასახვა, საჯარიმო და არეკნიც დაურთო, რასაც "ოსფრისმა" პოლ ჯეიმსის გვიანი ლელოთი უპასუხა, მაგრამ, ვაგლახ, ეს საკმარისი არ გამოდგა გამარჯვებისთვის.

"სარასენზის" მხარდამხარ იმარჯვა მეორე ლონდონურმა კლუბმა "ლონდონ აირიშმაც". ფრანგულმა "ტულუზმა" კი სახლში კიდევ ერთი უელსელი, "კარდიფ ბლუზი" მიიღო და პირწმინდად დაჩაგრა. კარდიფელ "მუსიკოსებთა" რბევა პირველივე წუთიდან დაიწყო მაქსიმ მედარდმა. მის ლელოს ჟან-ბაპტის ელისალდმა საჯარიმოები მიაყოლა და გამარჯვებულის ვინაობაც ადრეულადვე გაირკვა. საბოლოოდ ფრანგებმა საკმაოდ ადვილად მოიგეს და თუ ასე გააგრძელეს, "ტულუზის" თანავარსკვლავედის ჩაქრობა ნებისმიერ ევროგრანდს გაუჭირდება.

მეოთხე მატჩში ირლანიდიის სიამაყე "მანსტერმა" შანსი არ დაუტოვა ინგლისურ "გლოსტერს". სტუმართაგან დიდებულად გაისარჯა ირლანდიის ნაკრების გამთამაშებელი რონან ოჰარა. წლეულს ირლანდიელებს ახალზელანდიელი ვარსკვლავი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვე დაგ ჰაუტლეტიც უმაგრებთ უკანა ხაზს, რითაც ისედაც ზემძლავრი გუნდი შეტევაში უფრო აგრესიული გახადა. ჰაულეტმა ამ შეხვედრაში ლელოც შეაწია თანაგუნდელებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com