"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

გეო-გეო-ფან

dato gugava: დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა... საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა გაიბრწყინოს... კიდევ ერთხელ, სისხლი აგვიდუღოს ჩვენც და ყმაწვილებს, უფრო და უფრო ხშირად რომ ჩანან სამეზობლო მოედნებზე ოვალური ბურთით ხელში... მოუთმენლად ველით შაბათს... ველით კანონზომიერი იმედითა და გახშირებული პულსით... გარდა იმისა, რომ მეტოქე რუსეთია და ამით ყველაფერია ნათქვამი, ამ მატჩში ევროპის ერთა თასის ბედიც წყდება: გამარჯვებული, 2007-2008 წლების ერთა თასის მფლობელი, ევროპის მეშვიდე გუნდი და ამასთან, მსოფლიო რაგბის ელიტის თვალში პრესტიჟულობის მფლობელიც ხდება...

აღნიშნულ ვითარებაში, სრული იმედი გვქონდა, რომ პრინციპული მატჩისთვის, რაგბის კავშირი და გუნდის ხელმღვანელობა ყველაფერს გააკეთებდა საუკეთესო და გამობრძმედილი მოთამაშეების ჩამოსაყვანად... წინა სამატჩო პერიპეტიებისა და გუნდის შემადგენლობის განაცხადის გაცნობის შემდეგ კი, გაჩნდა კითხვები, რომლებზეც პასუხი, ვფიქრობ, ბევრს აინტერესებს...

ირაკლი გიორგაძის ტრავმა ძალიან დასანანია... მაგრამ რას ნიშნავს, ის ფაქტი, რომ თურმე კლუბები არ უშვებენ ზირაქაშვილს და მაჩხანელს (საქართველოს 2007 წლის საუკეთესო მორაგბეს) ეროვნული ნაკრების სეზონის გადამწყვეტ მატჩში, რომელშიც ევროპის ერთა თასის მფლობელი უნდა გამოვლინდეს... ნუთუ კავშირმა მოლაპარაკებების ყველა რესურსი ამოწურა.

საერთოდ ასად არ არის ნახსენები და ვერსად ვერ ამოვიკითხე, რა ბედის ეწიათ და რატომ არ არიან გუნდის განაცხადში ჩვენი, ყველა დროის საუკეთესო ჰუქერი აქვსენტი გიორგაძე, შარშანდელი სეზონის ერთ-ერთი ვარსკვლავი ბესიკ უდესიანი, რუსების ტრადიციული რისხვა მალხაზ ურჯუკაშვილი, "ანტილოპა" ბესიკ ხამაშურიძე და გამოცდილი ვეტერანი გია ლაბაძე.

მსოფლიო თასის ზემოხსენიებული 7-8 უძლიერესი მონაწილის გარეშე, კრასნოიარსკში შესაძლოა, მოგება გართულდეს... იქნებ, რამე მოვიმოქმედოთ დროზე...

საქართველოს გამარჯვება სჭირდება!

geo-geo-fan@hotmail.com



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com