"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

სულ თქვენ ხომ არ უნდა მოიგოთ!: ბულგარელ მსაჯს ქართული მედლები ებევრა

ლექსო მაისურაძე

ფინურ ტამპერეში 1-6 აპრილს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მშვენიერი შედეგი აჩვენეს, 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის გარდა 3 საპეკინო ლიცენზიაც დაისაკუთრეს. შეგახსენებთ, ფინეთში ჩემპიონები გიორგი გოგშელიძე (96კგ) და დავით მოძმანაშვილი (120კგ) გახდნენ, ვერცხლი კი კობა კაკალაძემ (66კგ) და რევაზ მინდორაშვილმა (84კგ) მოიპოვეს. ქართველი ქომაგი მოჭიდავეებისგან მედლებით განებივრებულია, თუმც ამხელა წარმატებას ბევრი არც ელოდა. სხვა თუ არაფერი, ოლიმპიადა კარს არის მომდგარი და ერთი, რომ სალიცენზიოდ გააფთრებული ბრძოლები მიდის და მეორეც, ყველა ფალავანი საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს ეროვნულ გუნდში და ამისთვის მაქსიმუმს აკეთებს. სწორედ ამიტომაც თავისუფლების ასეთი გამოსვლა ორმაგად ფასობს.

ნაკრებს ახლა საოლიმპიადოდ 2 ლიცენზია დარჩა მოსაპოვებელი მსუბუქ წონებში (55 და 60 კილოგრამებში) და ამის გაკეთებას აპრილში შვეიცარიასა და პოლონეთში სალიცენზიო ტურნირებზე ეცდება. ამ ეტაპზე ერთადერთი ქვეყანა რუსეთია, რომელსაც შვიდივე წონაში აქვს ჩინეთის საგზური. ჩვენ მსგავსად 5 ლიცენზია კი რამდენიმე ნაკრებს მოუპოვებია.

გუშინ ნაკრების თავკაც ზაზა თურმანიძეს განვლილ ევროპის ჩემპიონატზე და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ...- 55 კგ-ში ბესო გუჩაშვილმა ერთი შეხვედრა მოიგო და მერე ბულგარელ მსოფლიოს ჩემპიონ რადოსლავ ველიკოვთან წააგო. თავის მხრივ ბულგარელიც დამარცხდა და გუჩაშვილს ბრძოლის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცა.

60კგ-ში მიხეილ ქურდიანმა თავიდან ორი მეტოქე ჩამოიცილა და დამამშვიდებელშიც იჭიდავა. ამ წონებში ლიცენზიას ევროპაზე დარწმუნებით არ ველოდით, თუმც არა უშავს, წინ შვეიცარიის და პოლონეთის ტურნირებია. ჩვენ აქამდე სალიცენზიო ტურნირზე არ გვიჭიდავია და ხუთი ლიცენზია ისე მოვიპოვეთ.

- შვეიცარიასა და პოლონეთშიც გუჩაშვილი და ქურდიანი იჭიდავებენ.

- დიახ, ამ ეტაპზე ეს ბიჭები გამოვლენ და იქ საგზურის მოპოვების კარგი შანსიც ექნებათ. ერთგან საუკეთესო ოთხეული მიიღებს ლიცენზიას მეორეგან კი სამეული.

- კობა კაკალაძეს (66 კგ) ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა...

- კარგად იჭიდავა, საკმაოდ რთულ ბადეში იყო, მაგრამ დამაჯერებლად მივიდა ფინალამდე და იქ თურქ მსოფლიოს ჩემპიონ შაჰინ რამაზანთან წააგო, არადა, მაგ ბიჭს შარშან ბალავაძის ტურნირზე აჯობა. კობამ ამჯერადაც ყველაფერი გაიღო, შემართულმა იჭიდავა, ხასიათიც გამოავლინა, მაგრამ რას ვიზამთ, სპორტია და ყველაფერი ხდება...

რაც შეეხება გელა საღირაშვილს (74კგ), ნამდვილად სუსტად გამოვიდა და ამ ეტაპზე საქებარს ვერაფერს ვიტყვი. ალბათ ის მომენტიც იყო, რომ ლიცენზია უკვე აქვს. ვნახოთ, მომდევნო ტურნირებზე რას იზამს.

რეზო მინდორაშვილისგან ლიცენზიას მართლაც ველოდით. მთელი ჩემპიონატი კარგად ჩაატარა და ფინალში გამარჯვებაც შეეძლო, თუმც საკუთარი ძალების ვერ ირწმუნა. მერე კი გამოცოცხლდა და მაგრადაც მიაწვა, მაგრამ დრო აღარ დარჩა. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ გიორგი კეტოევი ძალიან ძლიერი მოჭიდავეა და მისი დაჩაგვრა იოლი არ არის.

- გიორგი გოგშელიძემ (96კგ) ევროპის ჩემპიონატი მოიგო და თან თავისთვის უხერხული მეტოქე, რუსი გაცალოვი დაამარცხა, რამდენად იმოქმედებს ეს მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე.

- გიორგი რომ ლიცენზიას აიღებდა, ამაზე ერთი წამითაც არ ვეჭვობდით - მთავარი ის იყო, რომ ძირითად კონკურენტ გაცალოვს აჯობა. მანამდეც ყველა დაპირისპირება თავდაჯერებულად ჩაამთავრა და ფინალში უკრაინელ ფალავანს მინიმალური შანსიც არ მისცა. ეგ იყო, რომ ძალიან ნერვიულობდა, თუმც ეს დაბრკოლებაც დაძლია და ღირსეულად გაიმარჯვა.

- დავით მოძმანაშვილის ჩემპიონობა ბევრისთვის სიურპრიზი იყო, ელოდით მისგან გამარჯვებას.

- მართლა ვერ ვიფიქრებდი, რომ დათო ევროპის ჩემპიონი გახდებოდა. ისე, ტურნირის წინ ლერი ხაბელოვმა თქვა, ამ ბიჭს იმხელა პოტენციალი აქვს, ბოლომდე თუ გამოავლინა, პირველობა შეუძლიაო. დათომ საწყისი ჭიდაობის მერე დააამტკიცა, რომ თავის წონაში ლიდერი იყო. ფინალამდე ისე მივიდა, თითქმის ყველა ძლიერი კონკურენტი ჩამოიცილა, ფინალშიც საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო. უბრალოდ, ამ დონეზე საჭიდაოდ სათანადო გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ რაც უფრო წინ მიდიოდა, რწმენა ემატებოდა და კიდევაც იჩემპიონა. ვერც ვიტყვი, რომელიმე მეტოქესთან მაგრად გაუჭირდა-მეთქი, იმდენად კარგად გამოვიდა.

- წლების მანძილზე წარმატებულ გამოსვლებს, შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მცირე ჩავარდნა მოჰყვა, ახლა კი ეს გამარჯვებები რას მივაწეროთ.

- ჩვეულებრივი მომენტია. სპორტი ასეა, წარმატებებს რაღაც პერიოდში ჩავარდნა მოსდევს, თუმც ეგ არაფერი. მთავარია, რომ მთლიანობაში საკმაოდ სტაბილურები ვართ და 14 წლის მანძილზე ჩვენი ბიჭები სულ საპრიზო სამეულებში ტრიალებენ. ერთ ამბავს გავიხსენებ, ამ ევროპაზე ერთ-ერთი ბიჭი ბულგარელმა მსაჯმა დაგვიჩაგრა და მე არაფერი ვუთხარი. მერე გვერდზე რომ გავუარე, მკითხა, რატომ არ გააპროტესტეო. შეგნებულად მოვიქეცი ასე. ბულგარელმა კი, გეყოფათ, სულ თქვენ ხომ არ უნდა წაიღოთ მედლებიო. ჩვენს წარმატებებს საზღვარგარეთაც აფასებენ. ფინეთში ასე რომ გამოვედით, არც გაჰკვირვებიათ.

- როგორია ნაკრების გეგმები, მომზადებას სად გააგრძელებთ.

- აპრილში შვეიცარიის და პოლონეთის სალიცენზიო ტურნირებზე გამოვალთ და მერეც სხვადასხვა ტურნირებში მივიღებთ მონაწილეობას. ვფიქრობთ, რუმინეთში გამოსვლას. ასევე შეიძლება, სომხეთში, წახკაძორში მოვემზადოთ, იქ ევროპის ჩემპიონატამდე ვვარჯიშობდით და ძალიან წაგვადგა. იდეალურ პირობებში ვიყავით. ვნახოთ...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com