|
|
"სარბიელი"
ყველანი ვიქცეთ უნგრელ ბარმენებად!
გიორგი დარჯანია
აგერ, მერამდენედ დაისვა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობის საკითხი და ყოველთვის, ეს კითხვა მთავარ კითხვად იქცევა ხოლმე. ეს ბუნებრივიცაა... და ყოველთვის, როდესაც ეს კითხვა დღის წესრიგში დგება, მთელ ყურადღებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისკენ მივაპყრობთ, რაკი ფედერაციის პრეზიდენტი ის პერსონაა, ამ კითხვაზე პასუხი რომ უნდა გაგვცეს. გუშინ ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს, ცხადია, ამ სანაკრებო თემაზე სასაუბროდ დავურეკეთ, იქამდე კი საკლუბო პრობლემებზეც დავეკითხეთ - გუშინ ფედერაციის პრეზიდენტს კლუბების ხელმძღვანელებთან ჰქონდა შეხვედრა...- უმაღლესი და პირველი ლიგების კლუბების მეპატრონეებს შევხვდით. ეს ადამიანები ფეხბურთის სიყვარულის გამო ინვესტიციებს დებენ ფეხბურთში და ჩვენი მიზანია, მათ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. მაგალითად, ზოგიერთ კლუბს მიწის ნაკვეთის დაკანონების პრობლემა აქვს, ზოგს სტადიონის იჯარის... ერთი სიტყვით, არსებობს ინდივიდუალური პრობლემებიც და ყველასთვის საერთოც. - ახსენეთ, კლუბების მეპატრონეები ფეხბურთის სიყვარულის გამო ახორციელებენ ინვესტიციებსო. არადა, ალბათ, უმჯობესია, მათთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შეიქმნას... - სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შეიქმნას. მუდმივი კონსულტაციები გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. აგრთვე აქტიური კონტაქტი გვაქვს ინგლისურ საკონსულტაციო ჯგუფ აქქშ-სთან. ჩვენი ამოცანაა, მომგებიანი ბიზნეს-გარემოს შექმნა. - მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სახელმწიფოს აქტიური დახმარების გარეშე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ვერ ჩამოყალიბდება... - რა თქმა უნდა. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აქამდეც გვქონდა და მომავალშიც ასე იქნება. ფეხბურთს ხომ სოციალურ-საზოგადოებრივი მნიშვნელობაც გააჩნია. ამ საკითხზე კონსულტაცია კვლავ გაგრძელდება და მომდევნო ორშაბათს კლუბების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს. - ბოლო დღეებია, მთავარი კითხვა საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობაა. ამ მხრივ რაიმე სიახლე ხომ არ არის. - ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ, სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ. აუცილებელია, რომ ის პრობლემები, რაც კლაუს ტოპმიოლერს მუშაობისას შეექმნა, ახალ მწვრთნელს აღარ ჰქონდეს. იმას ვგულისხმობ, რომ მწვრთნელი პირველივე დღიდან თანმიმდევრულ პოლიტიკას უნდა ატარებდეს. არ შეიძლება, რომ ფეხბურთელის ესა თუ ის მოქმედება გულშემატკივარში ეჭვს იწვევდეს. არ შეიძლება, რომ პირადული წყენა ვინმემ საერთო საქმის საზიანოდ გამოიყენოს. - რას გულისხმობთ. - პირველ რიგში, ქართულ მენტალიტეტთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაგალითად, იმას, რომ ფეხბურთელისთვის ნაკრებში გამოძახება უმთავრესი მოტივაცია უნდა იყოს. იძახებენ. დამატებითი მოტივაცია არ უნდა სჭირდებოდეს. ტოპმიოლერისთვის ეს გაუგებარი იყო. მაგალითად, თქვენ არ გაგჩენიათ ეჭვი, როდესაც ოთხშაბათის სანაკრებო მატჩში ტრავმირებული ფეხბურთელი პარასკევს კლუბში 90 წუთს თამაშობს.! - ანუ პასუხისმგებლობა ფეხბურთელებზეც უნდა გადანაწილდეს... - ვიმეორებ, ამგვარი ეჭვი ჩნდება. ასეთ მაგალითსაც მოვიტან. წინა საუკუნის 50-იან წლებში როდესაც უნგრეთის დიდ ნაკრებში ფერენც პუშკაში და სხვა დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ასეთი ამბავი მოხდა: ერთ-ერთი საშინაო მატჩის მერე უნგრეთის ნაკრების ფეხბურთელები ბარში შევიდნენ ლუდის დასალევად. ბარმენმა და იქ მყოფმა სხვა ადამიანებმა ნაკრების ფეხბურთელები ბარიდან გაყარეს! დასალევად არ უნდა დადიოდეთო. ხოლო ჩვენთან, როდესაც ფეხბურთელი ნაკრებში უთამაშებლობის მიზეზად ტრავმას ასახელებს, ორ დღეში კი კლუბში 90 წუთს თამაშობს, მით უმეტეს უნდა დავინტერესდეთ, რაშია საქმე. - ხომ არ ფიქრობთ, რომ მენტალურ პრობლემებში ჩაწვდომას აღმოსავლეთევროპელი მწვრთნელი უფრო შეძლებს. - შესაძლოა, ასე იყოს, მაგრამ ადრეც ვთქვი, რომ მწვრთნელის შერჩევას პასპორტის მიხედვით არ ვაპირებთ. ხოლო ვინ იქნება ახალი მწვრთნელი, ამას ახლო მომავალში გადავწყვეტთ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |