|
|
"სარბიელი"
ნიკა ცქიტიშვილის სერიფლი დასრულდა?
ირაკლი პერტაია
სეზონის ომახიანად დამწყებ ნიკოლოზ ცქიტიშვილს სერია ფ-ში საქმეები აეწეწა. თუ ის თავიდან ტერამოული "სივილიას" ძირითადი ცენტრი იყო, ახლა შემადგენლობაშიც კი ვეღარ ხვდება. ტერამოელებმა ამას წინათ შეიმატეს ამერიკელი ცენტრი და ქართველისთვის განაცხადში ადგილი აღარ დარჩა. სერია ფ-ში არაევროკავშირელ მოთამაშეებზე ლიმიტია დაწესებული და, როგორც ჩანს, "სივილიას" მწვრთნელმა ქართველს ამერიკელი ამჯობინა. ამის გამო ნიკამ მიჯრით მეორე მატჩი გამოტოვა. ტერამოელებმა სერია ფ-ს მოირგ ტურში "სკავოლინის" 95:93 სძლიეს, თუმც, როგორც ვთქვით, ცქიტიშვილი განაცხადშიც არ ყოფილა. გასულ კვირაში არ უთამაშია მანუჩარ მარკოიშვილის "ბკ კიევს", უკრაინის ჩემპიონატში ორკვირიანი დასვენებაა და კიეველები სლოვენიაში არიან შეკრებაზე. ქვემოთ იმ ლეგიონერებზე მოგითხრობთ, რომლებმაც გასულ კვირაში ითამაშეს. ესტონეთი გიორგი ცინცაძემ დაამტკიცა, რომ გაიზარდა და ძველებურად არასტაბილური მოთამაშე აღარაა. თუკი რომელიმე ქართველ ლეგიონერს ჩავარდნა არ ჰქონია ამ სეზონში, ეს, უპირველესად, ცინცაძეა. გიორგი ისეთივე წარმატებით თამაშობს ესტონურ "როკში", როგორც მთელი სეზონის განმავლობაში ირჯებოდა - ამის ნათელი მაგალითი ამ ქვეყნის ჩემპიონატის გასული ტურის მატჩია, რომელშიც "როკმა" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "პირიტა". "როკერები" ბოლო მეოთხედის წინ 10 ქულას აგებდნენ, მაგრამ გიორგი ცინცაძის ჩაუქობითა და გუნდური შეუპოვრობით მაინც გატეხეს მეტოქე და "პირიტას" იქით აგემეს ათქულიანი მარცხი. ცინცაძემ 37 წუთი ითამაშა და 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მან 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან მას დაუგროვდა 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქართველი მატჩში საუკეთესო გამხდარიყო. მორიგი ორმაგი დუბლი გამოაცხო ესტონეთის ჩემპიონატში მოთამაშე მეორე ქართველმა სერგო ათუაშვილმა. მისი ტტუ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის და ქართველი ცენტრის მისვლით ცოტა მოფერიანდა. ბოლოსწინა ტურში ტტუ-მ გასვლაზე მოიგო, გასულ შებათს კი იმავეს გამეორებამდე ცოტა დააკლდა - "ფაუსტოსთან" 67:73 წააგო. ათუაშვილმა 37 წუთი ითამაშა და 17 ქულით მატჩის ბომბარდირი ხომ გახდა და ამასთან 13 მოხსნაც გაჩარხა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა "ფაუსტოს" დასახმარებლად. ესპანეთი ტაირონ ელისის "კახასოლი" შინ პრიმერადივიზიონის ერთ-ერთ მოწინავე გუნდ "პამერასთან" 80:97 დამარცხდა. გაქართველებულმა ამერიკელმა მარჯვედ კი ითამაშა, 17 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი გაჩარხა, მაგრამ საერთო საქმეს ამან ვერ უშველა. "კახასოლი" მე-16 ადგილზე ჩამოქვეითდა და პრიმერადივიზიონიდან გავარდნის საფრთხე ისევ ემუქრება. საბერძნეთი ვლადიმერ ბოისა განაგრძობს 5-ქულიან მატჩებს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მრავალი საამსეზონო მატჩის დარად, ახლაც 5 ქულა მოიმკა. მისმა "არისმა" სალონიკში როდოსის "კოლოსი" დაამარცხა, ვოვამ 20 წუთი დაყო მოედანზე და 5 ქულას 3 მოხსნა და 1 პასიც მიაბა. ნბა ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" ოფიციალურად არა, მაგრამ ფაქტობრივად კი გაინაღდა პლეი ოფის საგზური. საამისოდ "ქორებმა" დარჩენილი ოთხიდან 1 მატჩში უნდა იმარჯვონ, თუმც, ასეც რომ არ მოხდეს, მათი კონკურენტი "ინდიანა" და "ნიუ ჯერსი" არ არიან ყველა თამაშის მომგებნი. სამწუხარო ისაა, რომ ქართველი ცენტრის წვლილი ამ წარმატებაში არცთუ მნიშვნელოვანია. ზაზამ გასულ კვირაში სამი მატჩი ითამაშა და მთლიანობაში 21 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |