"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

ხასხასა ტეხასური: დალასმა თავი გადაირჩინა

ივანე კობიაშვილი

2006 წელს "დალასმა" პლეი ოფის ფინალი წააგო "მაიამისთან" მას შემდეგ, რაც პირველი ორი თამაში ჰქონდა მოგებული...

2007 წლის პლეი ოფში პირველ ნომრად განთესილი გავიდა, მაგრამ იქ 13-წლიანი უქმობის შემდეგ გამსხლტარ "გოლდენ სტეიტთან" შერცხვა და გავარდა...

2008 წელს... ახლა ამ ამბიციურ გუნდს სულაც უპლეიოფოდ დარჩენის ურეალურესი საფრთხე დაემუქრა.

ნფრწწყსწქ-ის მფლობელი მარკ კუბანის შვილობილს ბოლო წლებში ჩემპიონობა სწყუროდა და პლეი ოფში ვერმოხვედრა შიგნიდან ააფეთქებდა. ყოველი სეზონის ასე ცუდად დასრულება უიღბლობაში კი არა, უსუსურობაში ჩამოერთმეოდათ ტეხასელებს.

მაგრამ "დალასმა" შეძლო თავის გადარჩენა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი თამაში მოიგო, პლეი ოფში მოხვედრა სათუოდ აღარ უნდა გაუხდეს. დირკ ნოვიცკის და კომპანიას დიდი თავგადასავალი გადახდათ ფინიქსში, სადაც იქაურ "სანზთან" მთელი შეხვედრის განმავლობაში ისე აგებდნენ, ხსნა არსაიდან უჩანდათ, მაგრამ ბოლოს მაინც მოატრიალეს ჩარხი. ბებერმა ჯეისონ კიდმა შეტევაში დიდად ვერ ასარგებლა თანაგუნდელები, მისი რეპუტაციის მოთამაშისგან 8 ქულა 7 პასი გაოცებისგან პირს არავის დააღებინებს. სამაგიეროდ, კიდმა დაცვაში იჩაუქა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება გააკეთა და პირდაპირ, სისხლი გაუშრო "ფინიქსის" ლიდერ სტივ ნეშს, ვინაც 14 ქულად და 10 პასი კი გაახერხა, მაგრამ კიდის გადამკიდეს 17 ტყორცნიდან 13 გაუცუდდა.

მატჩის ფინალი ამერიკული კინოს კანონების დაცვით განვითარდა. უკანასკნელი მეოთხედი, რომ დაიწყო, "ფინიქსი" 89:78 იგებდა და იქვე მასპინძელთა გოდოლა ცენტრმა შაკილ ონილმა ორიანით 13 ქულამდე ჩაძირა "დალასი". მაგრამ აქ სტუმრებმა ისეთი ჯოჯოხეთური დაცვის კედელი ამოიშენეს, ჩიტი ვერ გადაფრინდებოდა. კიდმა გააწამა ნეში, მანამდე სამწამიანში ბობოქარი ამარე სტუდემაიერი კი საერთოდ წაიშალა მოედნიდან. "ფინიქსიც" შეტევაში აირია და უამრავი სროლა გაატანა ქარს. დალასელები კი დირკ ნოვიცკის მეთაურობით მეთოდურად ბომბავდნენ მასპინძელთა კალათს და 8-წუთიანი მონაკვეთი 16:0 მოუგეს "ფინიქსს". ამ ხნის განმავლობაში მასპინძლებმა მიყოლებით 12 სროლა გააფუჭეს (5 სტუდემაიერმა), ხოლო რომ გამოფხიზლდნენ და ბოლოს და ბოლოს ჩაგდება მოახერხეს, უკვე გვიან იყო, "დალასი" წინ გასულიყო და უკან მოხედვას არ აპირებდა.

კიდევ ვთქვათ, "მავარიკსისთვის" ეს უმნიშვნელოვანესი მოგება იყო. ტეხასელები ორი გამარჯვებით გაექცნენ მდევრებს - "დენვერსა" და "გოლდენ სტეიტს" და ასე გადაირჩინეს თავი. ამ ორს კი დალასელებივის რკინის ნერვები არ აღმოაჩნდათ და თავიანთი წილი მატჩების წაგება მოახერხეს. "გოლდენ სტეიტს" ნამდვილად საპატიო მიზეზი მოეძებნება, მისი მძლეველი "ნიუ ორლეანი" გადასარევ ფორმაშია და საგიჟეთად ქცეულ დასავლეთს დამაჯერებლად ლიდერობს. აი, "დენვერმა" კი ტუტუცურად დათმო ზედიზედ მეორე მატჩი პლეი ოფს გარეთ დარჩენილ გუნდთან - ჯერ "საკრამენტოს" აჩუქა, ახლა კი იმდენი გულუხვობა გამოიჩინა, რომ კონფერენციის უსუსტეს გუნდსაც უწილადა გამარჯვება. დენვერელ მეგავარსკვლავებს, ალენ აივერსონსა და კარმელო ენტონის, გაგეცინებათ და, ამ გაგანია საპლეიოფო ციებცხელებაში ცივი წყალი გადაასხეს სიეტლელმა ახალბედებმა, კევინ დურანტმა და ჯეფ გრინმა. "დენვერს" ყველა ლოგიკით ძირითად დროში, პირველ ტაიმშიც კი უნდა მოეთავებინა საქმე, მაგრამ დაცვაში თამაში დაეზარა, "გადარბენ-გადმორბენა" ბურთაობა ატეხა და შედეგად მიიღო 126:126 დასრულებული ძირითადი დრო, მეორე ოვერტაიმში მარცხი და კარგი პანღური.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com