|
|
"სარბიელი"
ნადალი დაბოლოებას სწავლობს
კახა ლომაშვილი
რაფაელ ნადალს ისევ რაღაც დააკლდა გამარჯვებამდე. ამჯერად ეს რაღაც ერთი ნაბიჯიღა იყო, რადგანაც ესპანელს წლეულს თავის პირველ ტიტულამდე მარტო ნიკოლაი დავიდენკოს დამარცხება სჭირდებოდა. პირინეელი მატჩის უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ პირიქით კი გამოვიდა და რუსმა მთლიანობაში ძალიან დამაჯერებლად დაჩაგრა მსოფლიოს მეორე ჩოგანი. უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნადალი ჰარდზე სულ უფრო სტაბილურად ჩოგნაობს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ის სტაბილურად ვერ ახერხებს ტურნირის მოგებას. რაფა წლეულს მაგარ საფარზე უჩვეულოდ თანაბრად თამაშობს - სეზონის სამივე დიდი ტურნირის (ავსტრალიის ღია პირველობა, ინდიან უელსისა და კიბისკეინის მასტერსები) მინიმუმ ნახევარფინალს უწია და ორჯერ ფინალშიც იყო, მაგრამ ნავსი მაინც ვერა და ვერ გატეხა და სეზონის პირველ წარმატებას ალბათ ისევ თავისთვის საყვარელ გრუნტზე იზეიმებს. ახლა კი უშუალოდ მატჩს მივუბრუნდეთ, რომელიც საკმაოდ თანაბრად დაიწყო - მეჩოგნეებმა მალევე გაცვალეს ბრეიკები და ინიციატივისთვის დაიწყეს ბრძოლა. თავიდან თითქოს ესპანელმა იყოჩაღა და მეტოქეს კინაღამ კიდევ ერთი მოწოდება აართვა, მაგრამ დავიდენკომ შეძლო თავის დაცვა და უკვე იქით შეუტია ესპანელს. რუსი უფრო წარმატებული გამოდგა და დაწინაურდა თუ არა, იმდენად შთამბეჭდავად ათამაშდა, რომ ამის შემდეგ ნადალი ძირთადად სტატისტის როლში იყო. მოსკოველმა პირველი სეტი სათავისოდ დაინარჩუნა და მეორეშიც მალევე დაწინაურდა. რაფა ბევრს ეცადა, მაგრამ ცალკე თავისმა შეცდომებმა, ცალკე კი რუსის თითქმის იდეალურმა თამაშმა სიტუაციის შემობრუნების საშულება აღარ მისცა. შედეგად დავიდენკომ კარიერაში მასტერსის სერიის რიგით მეორე ტიტული გაინაღდა და ტურნირის 24-წლიან ისტორიაში პირველ რუსად იქცა, კიბისკეინური თაკარა მზის ქვეშ რომ უხეირია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |