"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

კალა და მილანი

კახა შალამბერიძე

გუშინ მილანის სასტუმრო აწგკ თუფთწტ-ში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კომპანია "კალა კაპიტალის" პრეზენტაცია გამართეს, რომელსაც "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი და ფეხბურთელებიც დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე ზურაბ ნოღაიდელმა კომპანიის მიზნებზე ისაუბრა...

- "კალა კაპიტალი" კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში დაფუძნდა და საქართველოს ეკონომიკურ სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ინტერესთა სფერო სამ სექტორს - მშენებლობას, ენერგეტიკას და საბანკოს მოიცავს...

...ცოტა ხნის წინ თბილისში 80 ჰექტარი ტერიტორია შევიძინეთ, რათა მილიარდნახევრიანი პროექტი "არსენალ სიტი" განვახორციელოთ. ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები, კომერციული დაწესებულებები, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები აშენდება. მოსალოდნელია, რომ "არსენალ სიტი" საქართველოს სამშენებლო ბიზნესში ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება, რომელიც 25 ათას სამუშაო ადგილს შექმნის".

პრეზენტაციის ბოლოს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს პროექტი დიდად წაადგება გაჭირვებულ ქართველ ხალხს...

"ქართველი ვარ და საქართველოს დახმარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პროექტი გაჭირვებულ ხალხს დაეხმარება. ბავშვების დახმარებაც მსურს და მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მოხდება პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიზანი სწორედ გაჭირვებული ბავშვებისთვის დახმარების გაწევა და მათი პირობების გაუმჯობესებაა".

"მილანი" სერია ფ-ს მომდევნო ტურში სტუმრად ტურინის "იუვენტუსს" ეთამაშება და, ცხადია, ჟურნალისტებმა ქართველ მცველს მომავალ მატჩზეც დაეკითხნენ...

"დისკვალიფიკაციის გამო "იუვენტუსთან" ვერ ვითამაშებ. ჩემი აზრით, არბიტრმა როზეტიმ ყვითელი ბარათი დაუმსახურებლად მომცა. ვეცდებით, ტურინელები დავამარცხოთ, ვინაიდან 3 ქულა აუცილებლად გვჭირდება. შაბათს ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველის, ვინაიდან გამარჯვების შემთხვევაში, დასახული მიზნის მიღწევის საშუალება გაგვიჩნდება. დარწმუნებული ვარ, ჩემი თანაგუნდელები მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯებიან".

კალაძეს რონალდინიოს "მილანში" სავარაუდო გადასვლაზეც კი დაეკითხნენ, რაზეც ჩვენი ნაკრების კაპიტანმა თქვა, ამჟამად ბრაზილიელს ყველაზე დიად ფეხბურთელად მივიჩნევო. ანდრეი შევჩენკოზე კი...

"შევჩენკოს დაბრუნებას გუნდში ყველა მიესალმება, მაგრამ ეს ორივე მხარეზეა დამოკიდებული. მას ტელეფონით ვესაუბრები ხოლმე და, ცხადია, უკმაყოფილოა, რადგან "ჩელსიში" თამაში არ უწევს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com