|
|
"სარბიელი"
ტივტივა ცუდად თამაშობს
ილია ნანობაშვილი
ვისაც უნდა მოეგო, მოიგო - საქართველოს ჩემპიონატში ბოლო წლებში თითქმის სულ ასეა, რაც უფრო ფინიშისკენ მიდის, მით უფრო იოლად იმარჯვებდნენ ფავორიტები. ცუდია, რომ კლასში ამხელა განსხვავებაა, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია, ერთი გუნდი თამაშამდე რომ წაგებაშეგუებულია. ცოტა რამ სტატისტიკაზე: ტურის შვიდი მატჩიდან ხუთი მასპინძლებმა მოიგეს. ერთადერთი შეხვედრა დასრულდა მინიმალური სხვაობით. შეიცვალა ჩემპიონატის ბომბარდირიც. დინამოელმა მიხეილ ხუციშვილმა "ბათუმთან" დუბლი შეასრულა და ერთი ბურთით გადაასწრო თანაგუნდელ გიორგი მერებაშვილს. კვლავ გაიტანა "ზესტაფონის" ბრაზილიელმა ჟილვან ვიეირამ, ვინც წინა ტურებში თუ ჰეთ თრიქსა და დუბლს გამორჩა, ამჯერად კი "სიონთან" კინკილას გამორჩა და ისიც პენალტით. აღსანიშნი ფაქტია ლევან ცქიტიშვილის დაბრუნება საქართველოს ჩემპიონატში, ის 10-წლიანი განშორების შემდეგ ისევ თბილისურ კლუბში თამაშობს, ოღონდ არა "დინამოში", არამედ "ლოკომოტივში" და რასა იქმს "ლოკომოტივი". ცუდად აქვს საქმე, რაკიღა ახლა რუსთავის "ოლიმპთან" წააგო და ბოლოდან მესამე, გასავარდნ ადგილზეა. ვაკელთა და რუსთაველთა ჯახი ისეთი იყო, არც ფრე გაგვიკვირდებოდა და არც სტუმართა უფრო ეშხიანი ანგარიშით მოგება - ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა, განსაკუთრებით თვალშისაცემი კი "ლოკომოტივის" კიდევ ერთი სახელიანი ფეხბურთელის, რატი ალექსიძის ბურთაობა იყო, აი, "ცქიტოს" კი დიდად ღირებული არაფერი შეუქმნია. ზუგდიდში 0:5 განადგურებულ გორის "დილას" უმაღლესში დარჩენის თეორიული შანსიღა დარჩა, ოთხი გუნდიდან ("ლოკომოტივი", "ბათუმი", "სპარტაკი", "მერანი") ერთი გადარჩება გავარდნას, ერთს საპლეიოფო მატჩი მოუწევს პირველლიგელთან, ორი კი ქვედა ეშელონში ჩაეშვება. ეს ოთხეული შორიახლო დგას ერთმანეთთან და ბოლო ტურებში მართლაც რომ ექვსქულიანი თამაშები ექნებათ ერთმანეთში. საინტერესოა, რომ გასულ შაბათ-კვირას ხუთივემ ("დილას" ჩათვლით) წააგო. ცხრილის ზედა ნაწილში ავიხედოთ, სადაც "დინამო" ისევ ორქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს და მომდევნო ორ ტურში აქვს ძნელი მატჩები - ჯერ "ამერთან", მერე კი მთავარ მდევარ "ვიტ ჯორჯიასთან". ნესტორ მუმლაძის გუნდმა მიჯრით მე-14 შეხვედრა მოიგო ჩემპიონატში და ამ 14-ში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უადვილესი შაბათს ჰქონდა "მერანთან". ჩემპიონობის მკრთალი შანსი "ზესტაფონსაც აქვს, რომელმაც აქამდე ამაოდ უცადა დინამოელთა და ვიტელთა წაფორხილებას, მაგრამ ვინ იცის, დარჩენილ ტურებში ისეთი ამბები მოხდეს, ფეროელები მოულოდნელად გალიდერდნენ. თემურ მახარაძის გუნდი "სიონთან" მე-20 წუთზე კაცმეტი დარჩა, რაკიღა სტუმრებს გიორგი კვიტაიშვილი გაუძევეს. იბრძოლეს ბოლნისელებმა, 10 კაცით ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაახტები. გამარჯვებების სერია გააგრძელა "ამერმა", მაგრამ დაუგვიანდა, ჩემპიონატში მესამე ადგილს ვეღარ შესწვდება და წინა წლების მსგავსად, თასს უფრო მიეძალება. უხერხული შედარებაა და "ამერის" სიტუაცია "ლივერპულისას" წააგავს, ვინც ფინიშამდე კარგახნით ეთიშება საჩემპიონო რბოლას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში ბარე ორ ინგლისურ კლუბზე უკეთ გამოიყურება. ამერელებმა პირველი ტაიმის ბოლოს გაუტანეს გოლები საშიშ ზონაში მყოფ "სპარტაკს". ნელ-ნელა შევიდა გოლების ეშხში რევაზ გოცირიძე, ვინც ანგარიში გახსნა, მეორე კი დენის დობროვოლსკიმ გაიტანა ლამაზი დარტყმით. მეზობლების მატჩებში "მესხეთმა" "ბორჯომს" 2:0 მოუგო, ორივე ბურთი დავით ინასარიძემ შეაგდო და აკი ნამატჩევს პეტარ სეგრტის ქებაც დაიმსახურა - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა მესხთა მეგოლეს ქფტ წა ერუ ქფესრ უწოდა, თუმც 21-წლამდელებში ნამდვილად ვერ გამოადგება: ინასარიძე 30 წელს გადაცილებულია...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |