|
|
"სარბიელი"
ანრი მიშელმაც გაიჟღერა... ფედერაციის მწვრთნელის კონტურები
ილია ნანობაშვილი
ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი - ყველაზე აქტუალური კითხვა, ბევრი მითქმა-მოთქმა, ვარაუდები... და მაინც, ცოტა რამ გამოიკვეთა: 1. მწვრთნელი უცხოელი იქნება; 2. კვალიფიციური, სახელიანი; 3. ასაკოვანი, ანუ სადღაც 65 წელს გადაცილებული არ უნდა იყოს; 4. კომუნიკაბელური და არაკონფლიქტური; 5. არ არის აუცილებელი, სანაკრებო გამოცდილება ჰქონდეს; 6. დისციპლინის მოყვარული. შევიტყვეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით 30 კაცს შორის არჩევს სასურველ სპეციალისტს. ისინი შედარებით სკეპტიკურად უყურებენ დანიელ პასარელასა და ივო შუშაკის კანდიდატურებს, ასევე ძალიან საეჭვოა მორტენ ოლსენისა და ლუის ვან გაალის ვარიანტები. ფედერაციას ოლსენი ძალიანაც მოსწონს, მაგრამ მას დანიის ნაკრებთან მოქმედი კონტრაქტი აქვს და რაკი საქართველოს 10 მაისამდე მწვრთნელი უნდა ჰყავდეს, დაგვეთანხმებით, ძალიან ცოტა დროა საიმისოდ, რომ ოლსენმა "დინამიტებთან" კონტრაქტი გაწყვიტოს და ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოს. რაც შეეხება ვან გაალს, მას, როგორც იტყვიან, კბილებით აკავებენ "ალკმაარში" და დიდი შანსია, დარჩეს კიდეც. თანაც, ვან გაალი მაინცდამაინც არაა მოხიბლული ქართული ვარიანტით. პლუს, "ჰამბურგი" და "გალათასარაი" ეპატიჟებიან... გაიჟღერა ანრი მიშელის გვარმაც. 60 წლის ფრანგი სპეციალისტი 2004 წლის დასაწყისშიც განიხილებოდა საქართველოს ნაკრების თავკაცად, თუმც საქართველოს ფეხბურთის წინამორბედმა ფედერაციამ მას ალენ ჟირესი არჩია, მიშელი კი კოტ დივუარში წავიდა და ჯერ აფრიკის თასის ფინალში გაიყვანა გუნდი, მერე კი 2006 წლის მუნდიალზე ხარისხიანი (თუმც უშედეგო) ფეხბურთი ათამაშა. ბოლო წლებში მუსიე ანრი მაროკოს ნაკრებში მუშაობდა, მაგრამ წლეულს აფრიკის თასზე ჯგუფიდან ვერ გაიყვანა გუნდი და ახლა თავისუფალია... მიშელის ძველ მიღწევებს კი აქ ნუ ჩამოვთვლით - საფრანგეთის ნაკრებში მიღწეულ წარმატებებს ვგულისხმობთ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |