"სარბიელი"
# 78
სამშაბათი, 8 აპრილი, 2008 წელი

გიორგი შაშიაშვილი: მკაცრი მწვრთნელი გვინდა

ილია ნანობაშვილი

რაც ავსტრიის მაქსბუნდესლიგის მეორე ეტაპი დაიწყო, გიორგი შაშიაშვილის "შტურმმა" კანტიკუნტი ქულებიღა აიღო, რაც ლიდერობიდან მეხუთე ადგილზე ჩასვლად დაუჯდა. ავსტრიაში სამი ტურიღა დარჩა სათამაშო და ძნელად სავარაუდოა, გრაცელებმა უეფას თასზე გასვლა მოახერხონ - "შაშის" გუნდს ბოლო ლურსმანი "ზალცბურგმა" ჩააჭედა,

3:0 მოუგო.

გიორგის გუშინ ავსტრიაში დავუკავშირდით, "შტურმზე" უფრო სანაკრებო ამბები გვაინტერესებდა და

აქედან დავიწყეთ...- ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი არ ვახსენოთ, არ გამოვა...

- წარმოუდგენელი იყო ასეთი მარცხი. რაღა უნდა ვილაპარაკო, ანგარიშიდანაც ჩანს, როგორ ვითამაშეთ. უკვე მერამდენედ გავაწბილეთ გულშემატკივარი... კლაუს ტოპმიოლერიც მოხსნეს და ახლა ძალიან მაინტერესებს, ვინ იქნება მისი შემცვლელი.

- და შენი აზრით, ამ კონკრეტულ მომენტში უცხოელი მწვრთნელის ჩამოყვანა უფრო მართებულია თუ ქართველის.

- ისე არ გაიგოთ, თითქოს ეროვნებას ვანიჭებდე მნიშვნელობას, მაგრამ ნაკრებს უკეთესი შედეგები ქართველი მწვრთნელების ხელში ჰქონდა.

- როგორი წარმოგიდგენია ახალი მწვრთნელი, რა სჭირდება ნაკრებს ყველაზე მეტად.

- აუცილებლად მკაცრი უნდა იყოს და კვალიფიკაციაზე აღარც ვლაპარაკობ. რაც შეიძლება, მალე უნდა ჩასწვდეს ქართულ ფეხბურთს, მის თავისებურებებს. დღეს საქართველოში არ არის იმდენი მაღალი დონის მოთამაშე, რომ სუპერნაკრების გაკეთება შეიძლებოდეს, ამიტომაც ახალმა მწვრთნელმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რა კონტინგენტთან მოუწევს მუშაობა, რისი იმედი უნდა ჰქონდეს... იმედია, არჩევანში არ შევცდებით.

- "შტურმზეც" ვთქვათ - გუშინ "ზალცბურგთან" უშანსოდ წააგეთ...

- მეორე წრე მთლიანად ჩაგვივარდა და უეფას თასზეც ვერ გავდივართ. იმანაც იმოქმედა, რომ ხუთი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მიდის და ცოტა დაიძაბა სიტუაცია გუნდში. "ზალცბურგთან" კი არც უნდა მეთამაშა, ფეხი მტკიოდა და ასი პროცენტით მზად არ ვიყავი, მაგრამ მაინც გავედი მინდორზე.

- შენ ხომ არ აპირებ კლუბის შეცვლას.

- ჯერ არ ვიცი. აქ კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაქვს სათამაშო და გავიგე, "შტურმს" ხელშეკრულების გაგრძელება უნდა ჩემთან, თუმც თუ უკეთესი გუნდის ვარიანტი მექნება, წავალ. ჯერჯერობით კი სეზონი არ დამთავრებულა და სერიოზული წინადადებები არ მიმიღია.

- ამასწინათ გვითხარი, "შტურმი" სამი ქართველი ფეხბურთელითაა დაინტერესებული და ერთ-ერთი გიორგი მაკარიძეაო...

- მაკარიძეზე კიდევ ითქვა და ვნახოთ, იქნებ ზაფხულში შეიძინონ კიდეც. დანარჩენ ორ ქართველზე კი ვერაფერს გეტყვი, კონკრეტულად გვარები არ გაუხმაურებიათ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

 

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com