|
|
"სარბიელი"
საქმეში ლიპი ჩაერია: მსოფლიოს ჩემპიონმა პროცენტი დაასახელა
ვაჟა ხუციშვილი
მანჩესტერი - რომა (2:0) სავარაუდო შემადგენლობები მანჩესტერი: ვან დერ სარი; ბრაუნი, პიკე, ევრა, ოში; ნანი, სქოულზი, კარიკი, გიგზი; რონალდუ, რუნი მწვრთნელი: ალექს ფერგიუსონი რომა: დონი; პანუჩი, მექსესი, ჟუანი, ტონეტო; დე როსი, პიზარო; ტადეი, პეროტა, მანსინი; ვუჩინიჩი მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი მსაჯი: ტომ-ჰენინგ ოვრებო (ნორვეგია)
მსოფლიოს ჩემპიონი მარჩელო ლიპი ნახევარფინალში "რომას" გასვლას არ გამორიცხავს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ "მანჩესტერი" დღეს მსოფლიოს უძლიერესი გუნდია და ჰყავს საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ. "თუ "რომას" გაუმართლებს, გოლს მალევე გაიტანს და მისი ფეხბურთელები 150 პროცენტით დაიხარჯებიან, ვინ იცის, ეგებ სასწაული მოხდეს და ორბურთიანი სხაობა გააბათილონ - თქვა ლიპიმ - თუმც "მანჩესტერი" დღეს პლანეტის უძლიერეს გუნდად მიმაჩნია, რონალდუ კი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ. რომაელებმა ორი გოლი ლიონშიც გაიტანეს და მადრიდშიც, ასე რომ, შეუძლებელი არაფერია. ფრანჩესკო ტოტის საქმე კი სიმონე პეროტამ და დანიელე დე როსიმ უნდა იკისრონ". "რომას" ნახევარმცველის როდრიგო ტადეის აზრით, ნახევარფინალში გასასვლელად მისმა გუნდმა "ოლდ ტრეფორდზე" განსაკუთრებული თამაში უნდა აჩვენოს და ფეხბურთელმა ლიპის პროცენტებს კიდევ 50 დაუმატა: "თითოეულ ჩვენთაგანს თავდაუზოგავი ბრძოლა მოუწევს, ასი კი არა, საკუთარი შესაძლებლობის ორასი პროცენტი უნდა გავიღოთ. რა თქმა უნდა, ცუდია, ტოტი რომ არ გვეყოლება, მაგრამ ამ სეზონში მის გარეშე არაერთხელ გვითამაშია და მოგვიგია. ზოგი ამბობს, პირველ მატჩში ფრანჩესკო რომ ყოფილიყო, "რომა" "მანჩესტერს" დაამარცხებდაო, მაგრამ ტოტი აქ არაფერშუაშია. იმიტომ წავაგეთ, რომ ასპროცენტიანი შანსები ვერ გამოვიყენეთ". "მანჩესტერის" მცველის უესლი ბრაუნის თქმით, საქმე სანახევროდაა გაკეთებული და ბოლომდე მიყვანა სჭირდება: "სტუმრად ორბურთიანი სხვაობით მოგების გამო ხალხს უკვე ნახევარფინალში ვგონივართ, მაგრამ კიდევ ერთი მატჩია სათამაშო. "რომას" გოლის გატანა არ ესწავლება, ამიტომ ისევე ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ, როგორც პირველ შეხვედრაში. მოთმინება და საგოლე მომენტების გამოყენება გვმართებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გვექნება". რომაელთა ჩერნოგორიელი ფორვარდი მირკო ვუჩინიჩი იმედიანადაა: "რომ არ გვჯეროდეს, რომ ორბურთიანი სხვაობის გაბათილება შეგვიძლია, მანჩესტერში წასვლას აზრი არ ექნებოდა. ურთულესი ამოცანის წინაშე ვართ, მაგრამ ნახევარფინალში გასვლის შანსებს მაინც თანაბრად ვაფასებ. ტრავმირებული ტოტის მაგივრად ვითამაშებ, რომლის სრულფასოვნად შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ თავს არ დავზოგავ და ვიმედოვნებ, რომ გავიტან". შარშან "ოლდ ტრეფორდზე" შვიდი გოლის გამშვებმა ალეშანდერ დონიმ კი განაცხადა: "შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და ვფიქრობ, რომ გახსნილი, ლაღი თამაში გამოვა", ხოლო ფილიპ მექსესმა თქვა: "ნაადრევად ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ, მიუხედავად იმისა, რომ "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერის" წინააღმდეგ თამაში და მოგება ძალიან ძნელია". კვირას, პრემიერლიგაში "მანჩესტერი" "მიდლსბროს" სტუმრად დაუზავდა - 2:2. ალექს ფერგიუსონის გუნდი რონალდუს გოლით იგებდა, მაგრამ აფონსო ალვეშისგან ორი გაუშვა და ქულა უეინ რუნიმ გადაურჩინა. "რომამ" "ჯენოას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. დამხვდურები ტადეის და ვუჩინიჩის გოლებით დაწინაურდნენ, თუმც გენუელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრეს. ბოლოს დე როსიმ პენალტი გაიტანა და რომაელებს მოაგებინა. "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაში შინ უკვე მესამე წელია, არ აგებს - ბოლო ცამეტი მატჩიდან ათი მოიგო და სამი ფრედ დაასრულა. "რომა" ევროთასებზე ინგლისს ათჯერ ეწვია და მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ამ სეზონში ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ერთმანეთს. "ოლდ ტრეფორდზე" მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს, რომში კი შეხვედრა 1:1 დასრულდა. "მანჩესტერს" ტრვმის გამო ნემანია ვიდიჩი დააკლდება, რიო ფერდინანდის თამაში კი საეჭვოა. რომაელებს ტოტის გარდა მატეო ფერარიც ვერ დაეხმარება, ხოლო სიმონე პეროტამ დისკვალიფიკაცია მოიხადა და ძირითად შემადგენლობაში იქნება ტრავმამოშუშებულ ჟუანთან ერთად.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |