"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

ფრანკ რაიკარდმა ქომაგებს ფილტვების გაკერვა სთხოვა

ვაჟა ხუციშვილი

ბარსელონა - შალკე (1:0)

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ვალდესი; ძამბროტა, პუიოლი, მილიტო, სილვინიო; ხავი, ი. ტურე, ინ

ისევე, როგორც "შალკესთან" პირველი მატჩის წინ, ფრანკ რაიკარდს და "ბარსელონას" თავს ფანების რისხვა ამჯერადაც დაატყდა.

გელზენკირხენში თამაშამდე "ბარსამ" პრიმერადივიზიონში სტუმრად "ბეტისთან" წააგო, რამაც ქომაგების გაბრაზება გამოიწვია.

ახლა, "შალკესთან" საპასუხო შეხვედრამდე გუნდმა შინ "ხეტაფეს" ვერ მოუგო - უგოლოდ დაუზავდა და გულშემატკივრებმა სტვენით ფილტვები დაიხეთქეს.

გაწბილებულმა ფრანკ რაიკარდმა განაცხადა, რომ "ბარსას" სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში სჭირდება ფანების მხარდაჭერა: "ასეთ დროს "ბარსელონას" ყველაზე მეტად ქომაგები უნდა დაეხმარონ. ერთად დადგომა გვმართებს. გუნდმა "ხეტაფესთან" გულიანად ითამაშა, მაგრამ ბურთმა კარში შესვლა არ ინება. ცხადია, საწყენია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ შრომა უნდა გავაგრძელოთ. სტვენით და ლანძღვა-გინებით საქმე არ გამოსწორდება."

"კარგად მესმის ფანებისა და მათ დიდ პატივს ვცემ - თქვა კლუბის პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ - მაგრამ ჯერ არც ჩემპიონობის შანსი დაგვიკარგავს და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც ვიბრძვით".

"ძალიან გულდაწყვეტილი ვარ - აღნიშნა ხავიმ - "ხეტაფესთან" უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, გოლი ვერ გავიტანეთ და "რეალთან" სხვაობის შემცირება ვერ მოვახერხეთ".

სამუელ ეტოო: "მაინც მჯერა, რომ პრიმერადივიზიონის მოგებაც შეგვიძლია და ჩემპიონთა ლიგისაც".

დღეს, "შალკესთან" კვლავ არ იქნება რონალდინიო, გაბრიელ მილიტოს თამაში კი საეჭვოა, რადგან "ხეტაფესთან" დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა, გერმანული მედია სეზონის ბოლოს მირკო სლომკას მოხსნას უწინასწარმეტყველებს. წლეულს უკვე მეორედ აგორდა ეს თემა. თებერვალში, ჩემპიონატში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ და "პორტუსთან" მერვედფინალის საპასუხო მატჩის წინ, სლომკა კინაღამ დაითხოვეს. "შალკემ" პორტუში პენალტებით მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა, სლომკამ კი ადგილი შეინარჩუნა. გაუგებარია, მაინცდამაინც "ბარსასთან" მნიშვნელოვან შეხვედრამდე რატომ ამოატივტივეს მწვრთნელის საკითხი. ალბათ, "პორტუსთან" მატჩამდე მუქარამ რომ გაჭრა, ახლაც იგივე ხერხს მიმართეს, კარგად გვაქვს დაცდილიო. "შალკეს" დირექტორატის ინკოგნიტო წევრმა "ბილდს" გაუმხილა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდში სლომკას დატოვების ძალიან მცირე შანსი არსებობს. მედიამ სავარაუდო შემცვლელიც დაასახელა - "ჰანოვერის" ყოფილი თავკაცი პიტერ ნოირურერი, რომელიც წელიწადნახევარია, უსაქმოდაა.

"შალკემ" შაბათს შინ "ჰანზა" 1:0 დაამარცხა, მეორე ადგილზე გადაბრძანდა და დღეს "ჰანზადან" "ბარსელონაზე" გადართვა მოუწევს.

"თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გელზენკირხენში მეორე ტაიმში, გოლის გატანის შანსი გვექნება" - განაცხადა ჰაიკო ვესტერმანმა, რომელმაც შაბათის მატჩში მსუბუქი ტრავმა მიიღო, მაგრამ უკვე მომჯობინდა.

მცველები მლადენ კრსტაიჩი და კრისტიან პანდერი გუნდს ბარსელონაში გაჰყვნენ, თუმც მათი თამაში საეჭვოა, ხოლო ჯერმეინ ჯონსმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

"ბარსელონამ" ორრაუნდიან მატჩებში სტუმრად პირველი შეხვედრა 34-ჯერ მოიგო და მხოლოდ ორჯერ ვერ მოახერხა მეორე ეტაპზე გასვლა. გერმანულ კლუბებს ოცჯერ უმასპინძლა, თოთხმეტ მატჩში იმარჯვა, ხუთი წააგო და მეტოქეს ერთხელ დაუზავდა.

რაც შეეხება ესპანეთში "შალკეს" სტუმრობას, შვიდიდან ორი მოიგო, ამდენივე ფრედ დაასრულა და სამჯერ დამარცხდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com