"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

ალესანდრო დიდი

პოლ უოტსონი

საფეხბურთო სამყაროსთვის საინტერესოა, თუ რა შემადგენლობით წავა ევრო 2008-ზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები. ერთ-ერთი მთავარი კითხვა კი ასეთია - წაიყვანს კი "სკუადრა აძურას" მთავარი მწვთნელი რობერტო დონადონი ვეტერან ალესანდრო დელ პიეროს ავსტრია-შვეიცარიაში მასთან არცთუ კარგი ურთიერთობის ფონზე. "სკუადრა აძურას" ფანების უმეტესობა "პინტურიკიოს" მხარესაა, მით უმეტეს, რომ იგი მშვენიერ ფორმაშია და ახლახან ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივაც "იუვენტუსის" რეკორდსმენი გახდა. ცნობილი ჟურნალისტი პოლ უოტსონი კი იმედს იტოვებს, რომ პრესა დელ პიერო სათანადოდ დააფასებს და აღიარებს

"იუვენტუსისა" - "პარმას" 31-ე ტურის შეხვედრა ტრაგიკული შემთხვევის გამო გადაიდო და მასთან ერთად გადაიდო ალესანდრო დელ პიეროს 553-ე მატჩი "ბებერი ქალბატონის" მაისურით, მაგრამ კვირას, "პალერმოსთან" მატჩში, ალესანდრო ან, თუ გნებავთ, "ალექს დიდი" "ბიანკონერის" მაისურით ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენი მაინც გახდა. მან გაეტანო შირეას მიღწევა გააუმჯობესა. მისმა გუნდმა სიცილიელებთან კი წააგო, მაგრამ თავად "პინტურიკიო" ბრწყინვალე გახლდათ - მაღალი შეფასება, ორი გოლი და შეზანზარებული ხარიხა - აი მისი მონაგარი.

აპენინურმა არამდგრადმა პრესამ ტრადიციულად ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო და რა ხანია, ალექსი ჩამოწერა - უკვე წარსული კაციაო. თუმცა მიმდინარე სეზონში 33 წლის დელ პიერო ჩინებულად თამაშობს.

ამ ნიჭიერი თავდამსხმელისთვის ჯილდოები და ტიტულები უცხო არ არის, მაგრამ გახდე "იუვენტუსის" ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი და ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელი, შენს პოზიციას იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთიორად ამყარებს და უკვდავყოფს. ფაქტია, დელ პიეროს სახელი იტალიურ ფეხბურთთან და მით უმეტეს, კონკრეტულად "ბებერ ქალბატონთან" ასოცირდება.

ჩემი თაობისთვის და მათთვის, ვინც ფეხბურთს ბოლო ერთი-ორი ათწლეულია აკვირდება, "იუვენტუსის" დელ პიეროს გარეშე წარმოდგენა ძალიან ძნელია. "პადოვას" ახალგაზრდულ გუნდში წამოჩიტულს, "ბიანკონერიში" 15 წელი აქვს გატარებული და "ბებერი ქალბატონის" სიმბოლოს წარმოადგენს. ფეხბურთი ვარსკვლავებით სავსეა, მაგრამ "პინტურიკიო" იმითაც გამოირჩევა, რომ ეს თამაში ძლიერ უყვარს, თავისი კლუბის ერთგული და თავმდაბალი ადამიანია.

ადვილი იქნება დელ პიეროს დიდების მომენტების ჩამოთვლა, მაგრამ მის ხასიათს ერთი მცირე ეპიზოდი უკეთ გადმოგვცემს. კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ ალექსი ულაპარაკოდ დარჩა გუნდში და მას უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. ბევრი ვარსკვლავი სერია ი-ში თამაშს არ ისურვებდა ან ამას უხასიათოდ გააკეთებდა. "პინტურიკიო" კი პირიქით, მთელი შემართებით ირჯებოდა და საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

მისი კარიერა დასასრულისკენ ნამდვილად მიდის, მაგრამ ბოლო პერიოდის გამოკითხვებმა ნათლად აჩვენა, რომ იტალიელთა უმრავლესობას დელ პიეროს ევრო 2008-ზე ხილვა სურს და ალექსი ამას იმსახურებს კიდეც. ავსტრიასა და შვეიცარიაში წარმატება ბრწყინვალე გვირგვინი იქნება იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მებრძოლისა და სიმბოლოს სანაკრებო კარიერისთვის.

ისე ჩანს, 35 წლის პაველ ნედვედი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს კონტრაქტს კლუბთან. ასე რომ, თუ ალექსი ისურვებს, ალბათ მასაც ვიხილავთ მწვანე მინდორზე კიდევ რამდენიმე სეზონი განმავლობაში. თუმცა, დიდი შანსია, ალესანდრო დელ პიეროს ისტორიის ბოლო თავზეც ვიყოთ მისულნი, ეს ისტორია კი ნამდვილად შთამბეჭდავი და ეპოქალურია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com