"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

კასანოს ფიქრები

კოკი კანდელაკი

ესპანური "რეალის" საკუთრებაში მყოფმა ანტონიო კასანომ განაცხადა, მადრიდში დაბრუნება არ მინდა, "სამპდორიაში" თავს ბედნიერად ვგრძნობ და აქ დარჩენა მსურსო.

"გენუა მომწონს, თავისი ხალხითა და "სამპდორიას" ფანებით. "რეალში" დაბრუნება არ მინდა. მადრიდელებმა ეს იციან. მსურს თუ არა, რობერტო მანჩინის "ინტერში" გადასვლა. არა, "სამპდორიაში" თავს კარგად ვგრძნობ და აქ დარჩენას ვაპირებ. "ტორინოსთან" შეხვედრაში სულელურად მოვიქეცი და ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია სამართლიანად მომცეს. კიდევ ერთხელ ყველას ბოდიშს ვუხდი, ძველი შეცდომების გამეორებას არ ვაპირებ" - თქვა "ხულიგანმა".

სერია ფ-ს დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი და "სამპდორია" რომელიმე ევროტურნირის საგზურისთვის იბრძვის. გენუელებს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსიც აქვთ. ვალტერ მაცარის გუნდი მომავალ ტურში გადარჩენისთვის მებრძოლ "რეჯინას" სტუმრობს.

ანტონიო კასანო: "ჩვენთვის მომავალი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სერიოზული მიზნებისთვის ვიბრძვით და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. რასაკვირველია, ძალიან მინდა, ევროტურნირებზე ისევ ვითამაშო, ხოლო "სამპდორიას" მაისურით ამას სიამოვნებით გავაკეთებ".

"ხულიგანმა" ეროვნულ ნაკრებზეც ილაპარაკა და აღნიშნა, თუ რობერტო დონადონი ევრო 2008-ზე წამიყვანს, უნდა მათამაშოს კიდეც, სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ ვაპირებო.

"მე ან ფრანჩესკო ტოტი ნაკრებს უფრო ვჭირდებით, ვიდრე ალესანდრო დელ პიერო. თუ "სკუადრა აძურაში" მიმიწვევენ, მინდა, ყველა მატჩში მივიღო მონაწილეობა. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ" - დასძინა კასანომ.

შეგასხენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, იტალიაში გამოკითხვა ჩაატარეს - "ვინ გსურთ იხილოთ ევრო 2008-ზე, ანტონიო კასანო თუ ალესანდრო დელ პიერო." ქომაგთა უმრავლესობამ უპირატესობა "იუვენტუსის" ვეტერან კაპიტანს მიანიჭა. რაც შეეხება ტოტის, "რომას" კაპიტანს "სკუადრა აძურაში" 2006 წლის მუნდიალის მერე არ უთამაშია და, როგორც იცით, აღარც აპირებს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com