"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

რეკლამა და ფეხბურთი

კოკი კანდელაკი

ზოგი ამბობს, რომ ფეხბურთი 22 ადამიანის თამაშია, გამარჯვებულები კი ყოველთვის გერმანელები არიან. ზოგი დარწმუნებულია, ფეხბურთში ყველაფერი ლოგიკურად რომ იყოს, ყოველთვის ბრაზილია მოიგებდაო. ზოგიც ჩემპიონთა ლიგაში კაკას გატანილ გოლებს ითვლის და მის საოცარ თამაშზე ლაპარაკობს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რეალურად რა უჯდება "მილანს" თავისი ლიდერის შენახვა. დღესდღეობით ფეხბურთი ის სპორტია, რომელსაც 22 მილიონერი თამაშობს და მათ ორი მილიარდერი აკვირდება...

2007 წელს კაკა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ ფაქტობრივად ყველა პრესტიჟულმა გამოკითხვამ აღიარა. "ოქროს ბურთის" მოქმედი მფლობელის შენახვა "მილანს" წელიწადში 9 მილიონი ევრო უჯდება, იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

მეორე ადგილზე კაკას თანამემამულე რონალდინიოა. "ბარსელონას" ვასკვლავს პირველობამდე სულ რაღაც ნახევარი მილიონი ევრო აკლია. მეხუთე ადგილზე კი მისი თანაგუნდელი ტიერი ანრია.

საუკეთესოთა ათეულში დარჩენილ 7 ადგილზე ინგლისის პრემიერლიგის მოთამაშეები არიან, რაც გასაკვირი არც არის. პრემიერლიგაში საშუალო ხელფასი ხომ სამჯერ მეტია, ვიდრე სერია ფ-სა და პრიმერადივიზიონში. ისე, ამ "ბრწყინვალე შვიდეულიდან" ინგლისელი მხოლოდ სამია.

ეს ყველაფერი მხოლოდ მედლის ერთი მხარე გახლავთ. როცა საქმეში რეკლამა ერთვება, რადიკალურ ცვლილებებს ვხედავთ. თუ ფეხბურთელთა ხელფასებს რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებსაც დავუმატებთ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაკა ათეულშიც ვერ მოხვდება. პირველ ადგილზე კი, იცით, ვინ არის. "ლოს ანჯელეს გელექსის" ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექემი, რომელიც ხელფასის ოდენობით საუკეთესოთა 50-ეულშიც კი ვერ ხვდება და მას ისეთი, შედარებით ნაკლებად პოპულარული ფეხბურთელებიც უსწრებენ, როგორიც სოლ კემპბელია.

მეორე ადგილზე ამ შემთხვევაშიც რონალდინიოა. ათეულში ჩნდებიან სერია ფ-ს მოთამაშეები. მეექვსე ადგილზე "იუვენტუსის" ქარიზმატული ლიდერი ალესანდრო დელ პიეროა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნამდვილი ტალანტი არსად იკარგება - არც სერია ი-ში. საუკეთესოთა ათეულში პრემიერლიგას შვიდის ნაცვლად 5 წარმომადგენელი ჰყავს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com