|
|
"სარბიელი"
უკეთესი ფეხბურთელი და ადამიანი
პაპუნა კედია
თეო უოლკოტი 16 მარტს არის დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 19 წელიწადს, სულ რამდენიმე კვირაა, რაც გადააბიჯა, მაგრამ უკვე კაცია და, რაც ყველაზე საინტერესოა, ზუსტად იცის, პატარა ბიჭიდან კაცად როდის გარდაისახა - იმ დღეს, როდესაც მთელი სიმამაცე მოიკრიბა და არსენ ვენგერთან პირდაპირი საუბარი გაბედა. "ხანდახან საშინლედ მწყდებოდა გული - უამბო არსენალელმა ვარსკვლავმა ერუ ტუცთ წა ერუ ცწკდვ-ს - რა თქმა უნდა, იყო პერიოდები, როდესაც კარგ ფორმაში არ გახლდით და ძირითად შემადგენლობაში თამაშს არ ვიმსახურებდი, მაგრამ იყო ისეთი დღეებიც, როცა თავს საუცხოოდ ვგრძნობდი, მაგრამ არ მათამაშებდნენ. ეს ძალიან ძნელი გადასატანი გახლდათ. ამიტომაც, ერთ მშვენიერ დღეს მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და არსენ ვენგერთან მივედი, რათა მეკითხა, კიდევ რა უნდა მექნა, რათა "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში მოვხვედრილიყავი. დიახ, მწვრთნელი საუბარზე მე გამოვიწვიე და, შესაბამისად, ლაპარაკიც მე უნდა დამეწყო. ეს საკმაოდ რთული საქმე გამოდგა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მიხარია, რომ შევძელი. და ყველაზე კარგი ის გახლდათ, რომ ვენგერმა ჩემი მისვლა ძალიან კარგად მიიღო. ის მიხვდა, რომ 18 წლის ბიჭისგან უმაღლესი რანგის მწვრთნელთან მისვლა და ძირითად შემადგენლობაში თამაშზე ლაპარაკის გაბედვა დიდი საქმე იყო". საუბარი, რომლის შესახებაც უოლკოტი ყვება, ამ სეზონის დასაწყისში შედგა, თუმცა მას შემდეგ ფეხბურთელი ავტომატურად ძირითადის წევრად როდი ქცეულა. რა სტატუსი მიიღო იმ საუბრის შემდეგ თეო უილკოტმა. ამერიკელები რომ იტყვიან, "მიდი, გახდი"-ს სტატუსი. უოლკოტი შეიქნა მოთამაშედ, რომლსაც მწვრთნელი ენდობა და ფიქრობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მისი საქმეში ჩართვა შეიძლება. "ჩემი დღევანდელი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. განა ბევრი 19 წლის ბიჭი აკეთებს იმას, რასაც მე ვაკეთებ. - ამბობს ფეხბურთელი - ბოლოს და ბოლოს "არსენალის" სათადარიგოთა სკამზე ჯდომაც კი დიდი პატივია. ხოლო როდესაც სათადარიგოთა სკამიდან ვდგები, რათა მოედანზე შევიდე, ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ გუნდსაც და მაყურებელსაც იმედს ვუსახავ, ემოციას ვიწვევ. სხვა ამბავია, რომ ამაზე გაჩერება არ შეიძლება და ყველა ღონე უნდა ვიხმარო, რათა ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი გავხდე". მიმომხილველები ამბობენ, რომ "არსეალში" თეო უოლკოტის გამოჩენის შემდეგ, ვენგერმა, ლამის ცხოვრებაში პირველად, შეურია გუნდის თამაშში ბურთის შორს გადაგდება, გრძელი პასი. უოლკოტი: "ვენგერი შემადგენლობას ნელ-ნელა მაგუებდა. ახლა ეს დონე უკვე ათვისებული მაქვს და შემდეგ საფეხურზე მინდა ასვლა". და რას ნიშნავს ეს "შემდეგი საფეხური". ზოგის აზრით, უოლკოტის შემთხვევაში ეს სხვა არაფერია, თუ არა "მეთოფეთა" რიგებში ტიერი ანრის გაცარიელებული ადგილის შევსება. დიახ, ემანუელ ადებაიორმა ლონდონელებს დაკუნთული, მებრძოლი ცენრფორვარდი შემატა, მაგრამ სწრაფი, გამჭოლი თავდამსხმელი ვენგერის გუნდს მეტისმეტად აკლია. "ვენგერმა მირჩია, ჩემი სტილით მეთამაშა, მაგრამ უფრო აგრესიული გავმხდარიყავი. აგრესიულობა უხეშობას და ჩხუბს კი არ ნიშნავს, აქ შეტევის გამძაფრება იგულისხმება. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებას ვასრულებ. მგონი ვხვდები, რაც აქვს შეფს ჩაფიქრებული, მას უნდა, მომავალ სეზონში უკვე ჩამოყალიბებულ ფორვარდად გარდავიქმნა და, მართალი გითხრათ, მეც ამისთვის ვემზადები. რასაკვირველია, გუნდის გულისთვის სადაც საჭიროა, იქ ვითამაშებ, მაგრამ მაინც თავდამსხმელის მომავალი მიჩანს. რაც შეეხება ჩემი და ტიერი ანრის შედარებას, ამას საკუთრივ მე ვერასოდეს გავბედავ, რადგან ტიერი შეუდარებელი ვარსკვლავია. "არსენალში" რომ მიმიღეს, პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო: ანრისთან მივირბინე და ჩემთან ფოტოს გადაღება ვთხოვე. მაგრამ მაშინ ვარსკვლავების გარემოცვაში მოხვედრამ დამთრგუნა, ახლა კი პრემიერლიგას და გარემოს შევეგუე. თან, ვიცი, რომ ამპლუით ვენგერი მეც ანრის მსგავსად აღმიქვამს - ფრთიდან მაწყებინებს შეტევას. როგორც ზემოთ გითხარით, ვფიქრობ, მომავალში უფრო წინაც გამწევს, მაგრამ ჯერჯერობით მიფრთხილდება. მეუბნება, რომ ვარჯიშებზე დამაგვირგვინებელ დარტყმას მივაქციო მეტი ყურადღება, განსაკუთრებით კი მარცხენა ფეხით მუშაობა მაქვს დასახვეწი". თეო უოლკოტი "არსენალში" "საუთჰემპტონიდან" რომ გადავიდა, 16 წლისა გახლდათ. უფრო სწორედ კი, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში იყო ყველაზე ძვირი 16 წლის ბიჭი. მისგან უკვე მაშინ ელოდნენ ძალიან ბევრს. მერე, ჯერ "არსენალის" ძირითადში თამაში სად იყო, სვენ-გორან ერიკსონმა თეო ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ წაიყვანა, მაშინ ხომ სულ ადუღდა ყმაწვილის გამო ყველაფერი. "მაშინ, როგორც ჩანს, ყველას დაავიწყდა, რომ არც "არსენალის" შემადგენლობაში მქონდა ნათამაშები და არც მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყველა რაღაც განსაკუთრებულს ითხოვდა ჩემგან - გულწრფელად ყვება უოლკოტი, რომელსაც იმ სეზონის ბოლოს მხრის ტკივილმაც დარია ხელი - და როდესაც ჩემი მხრის ამბავი გახმაურდა, მოწინააღმდეგეებმა კი სწორედ იმ მხარში დაიწყეს დაჯახება, მივხვდი, რომ კოშმარში ვიყავი. ხანდახან საშინელი ტკივილი დამეტაკებოდა ხოლმე. კიდევ კარგი, ეს წარსულშია. მოკლედ, 2006-დან საკმაოდ ძნელი ორი წელიწადი გავიარე, მაგრამ ვგონებ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს უკეთესი ფეხბურთელიც ვარ და უკეთესი ადამიანიც". ამ ორი წლის განმავლობაში თეო უოლკიტს მხარში ყველაზე მეტად მშობლები, ლინი და დონი ედგნენ. უოლკოტების ოჯახი ჩრდილოეთ ლონდონში, ხუთოთახიან სახლში ცხოვრობს. "ჩემი გულისთვის მამაჩემმა სამსახური დაკარგა - ყვება არსენალელი - "საუთჰემპტონში" რომ ვიყავი, ჰარი რედნაპმა "ლიდსთან" თამაშის წინ მითხრა, დღეს მოედანზე უნდა შეგიყვანოო და მეც იმწუთას მამაჩემს დავურეკე. მამაჩემმა სამსახურში უფროსს იმ დღით განთავისუფლება სთხოვა, მან კი პირდაპირ ამ სიტყვებით არა, მაგრამ ფაქტობრივად ასე უთხრა, აირჩიე, შვილი ან სამსახურიო. მამას პასუხი დიდხანს ნამდვილად არ უძებნია და როდესაც ეს ისტორია მაგონდება, გაორმაგებული ძალით ვთამაშობ ხოლმე".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |