|
|
"სარბიელი"
ბოლო გაჩერება: კრასნოიარსკი ცხელი გულით ყინვიან ციმბირში
ბაჩო სვანიძე
12 აპრილს შუაგულ ციმბირში, კრასნოიარსკში დანიშნული საერთათასო რუსეთ-საქართველოს მატჩისთვის ჩვენი "ლელოები" გუშინწინ თბილისი-კიევი-მოსკოვი-კრასნოიარსკის მარშრუტით გაფრინდნენ. გუშინ კი საშაბათო მატჩისთვის შეკრება დაიწყეს. რუსეთში ისედაც შესუსტებული შემადგენლოიბთ ჩასულ ქართველებს, შეიძლება ითქვას, გზაშივე კიდევ ერთი ძირითადი რაზმელი გამოაკლდათ. საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა მიიღო "ლელოების" მორკინალმა ლევან "ჩაქუჩა" დათუნაშვილმა და რუსეთში ვერ ჩავიდა. მის მაგივრად მწვრთნელმა ტიმ ლეინმა ფრანგული "დომონის" მეორეხზაზელ გიორგი ნემსაძეს უხმო. გუშინ კრასნოიარსკში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძეს დავუკავშირდით და ჩვენების ამბების გამოვკითხეთ- მგზავრობამ ძალიან დაგვღალა. ამდენი გადაჯდომით და მთელი დღე ჰაერში ყოფნით ძლივს ჩამოვაღწიეთ. გუშინ ნამგზავრზე ბიჭებმა დაისვენეს, დღეს კი პირველად ივარჯიშეს. კრასნოიარსკში ძალიან ცივა და თოვს კიდეც. - რუსეთის რაგბის კავშირის წარმომადგენლები დაგხვდნენ. - დიახ, სასტუმრომდე მოგვაცილეს. ჩვენ მათ არაფრით ვაწუხებთ. სავარჯიშო მოედანი და ავტობუსიც ჩვენით დავიქირავეთ. რატი ურუშაძის ყოფილი კლუბის "ენისეი-სიბტიაჟმაშის" ხელმძღვანელობა დაგვეხმარა. საფარი საშინელ მდგომარეობაშია, მიწაზე დაყრილ ნახერხზე უწევთ ბიჭებს ვარჯიში. ყველა მოედანი ასეთ დღეშია, მხოლოდ ცენტრალური სტადიონი, სადაც მატჩი გაიმართება, შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან დრენაჟი და მინდვრის გათბობის სისტემა აქვს. სხვათა შორის, ცენტრალურ სტადიონზე 15 ათასი კაცი ეტევა და, როგორც ამბობენ, ბოლომდე გაივსება. - ესე იგი, ქალაქში უკვე იგრძნობა, რომ რუსეთ-საქართველოს მატჩია. - დიახ, აქაურ საკაბელო არხებზე ატრიალებენ ანონსებს, აფიშებიც გაკრულია და ქუჩებში ტელე-ბილბორდებზეც ტრიალებს ვიდეორგოლები. დიდი აჟიოტაჟია-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ სერიოზულად რომ ემზადებიან, ფაქტია. - ჩვენების ვარჯიშს ხომ არ დაესწრნენ რუსები. - არა, მოედნის მომსახურე პერსონალის გარდა არავინ შეგვინიშნავს. - გუნდში როგორი ვითარებაა. - ნორმალური, ბიჭები, როგორც ყოველთვის, საბრძოლო განწყობაზე არიან, ერთი სული აქვთ, როდის მოვა მატჩის დღე. ზოგიერთს მიკროტრავმა კი აქვს, მაგრამ საშიში არაფერია...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |