|
|
"სარბიელი"
შტურმმა პიტმანი შტურმით აიღო
კახა ლომაშვილი
საშუალო წონაში ციფ-ს ვერსით ჩემპიონმა, გერმანელმა ფელიქს შტურმმა აშკარად დაჩაგრა ქამრის პრეტენდენტი ავსტრალიელი ჯემი პიტმანი და ტიტულიც დაიტოვა. დიუსელდორფში თანამემამულეთა თვალწინ მოჩხუბარი ჩემპიონი უბრალოდ ვალდებული იყო, გულშემტკივრებისთვის ნამდვილი სპექტაკლი დაედგა. შტურმმაც არ შეირცხვინა თავი, მწვანე კონტინეტიდან ჩამოსულ სტუმარს მართლა შტურმი მოუწყო და უსასტიკესადაც გალახა. 28 წლის გერმანელმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა და ბევრს დაანახა, რომ ისევ შეუძლია თავის წონაში ერთ-ერთ საუკეთესოდ იქცეს. არადა, რაც 2004-ში ოსკარ დე ჰოიასთან მსაჯთა არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, მისი საქმეები სულ უკან-უკან წავიდა. თუმც ეტყობა, შტურმს ისევ დაუბრუნდა ძველი მოტივაცია, რაც გერმანელმა გასულ უქმეებზე საქმით დაამტკიცა. "შეცდომებიდან სწორი დასკვნები გავაკეთე. ნახევარი წელია, რაც ისევ სერიოზულად მივუდექი ვარჯიშს და დღეს ყველას დავანხე, რა შემიძლია" - ამაყად განაცხადა ნამატჩევს გამარჯვებულმა. შეიძლება, ამ ერთი მოგების შემდეგ გერმანელს ასეთი ყოყლოჩინობის უფლება არც ჰქონდეს, მაგრამ პიტმანი ისე დაჩეჩქვა, გასაკვირი არაა, დიდ გულზე რომ მოსულა. ავსტრალიელმა მხოლოდ მეორე რაუნდში გაიფაფხურა, როცა ერთ მომენტში შტურმი კუთხეში მიიმწყვდია, მაგრამ ეს სამწუთეული მაინც იმით მორჩა, რომ გერმანელმა მეტოქე პირველად დაანოკდაუნა. პიტმანი ფიცარნაგს მეორედ მეხუთე რაუნდში ჩაახუტეს, მაგრამ ოზი აქაც წამოდგა. აი, ის კი გასაკვირია, როგორ გაუძლო ავსტრალიელმა მეექვსე რაუნდს, რადგანაც შტურმმა რამდენიმე უძლიერესი კომბინაცია გაატარა და წესით, საქმე აქვე უნდა მოეთავებინა. მაგრამ მეექვსეში თუ არა, მეშვიდე რაუნდის დასაწყისში კი მართლა ყველაფერი დასრულდა, როცა გერმანელმა მესამედ დაანოკდაუნა მეტოქე და მთავარმა მსაჯმაც პიტმანი შეიცოდა - ბრძოლა გააჩერა და შტურმს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაუთვალა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |