"სარბიელი"
# 79
ოთხშაბათი, 9 აპრილი, 2008 წელი

სადაც შენი დაიკვეხო... კანზასმა ვარსკვლავი ჩააქრო

ივანე კობიაშვილი

ამ დღეებში სამხრეთ ტეხასის საკალათბურთო ცენტრ სან ანტონიოში დიდი ხმაური იყო. ნბა-ს იქაურ გუნდ "სან ანტონიო სფურზის" ძველი დარბაზი "ალამოდოუმი" დიდ საკალათბურთო ჯახებს მასპინძლობდა. ოღონდ ამჯერად არა ნბა-ს, არამედ ქვეყნის სტუდენტური ჩემპიონატის ოთხთა ფინალს.

ამერიკაში ნბა-ზე არანაკლებ უყვართ მჩქეფარე და დაუდეგარი სტუდენტური კალათბურთი და აუდიტორიაც არანაკლები ჰყავთ. სან ანტონიოში ოთხივე გუნდს ჩაჰყვა სტუდენტთა მრავალათასიანი არმია და წარმოიდგინეთ, ნახევარფინალებსაც და ფინალსაც, არც მეტი არც ნაკლები, 43-43 ათასი კაცი დაესწრო, მეტისთვის უბრალოდ დასადგომი ადგილიც ვერ მოიძებნა.

"ჩრდილოეთ კაროლინა", "მემფისი", "კანზასი" და უკლა (კალიფორნია-ლოს ანჯელესის უნივერსიტეტი) - აი, ის რჩეული ოთხეული, რომელიც ასეულზე მეტი საუნივერსიტეტო გუნდიდან შეირჩა. მათგან პირველსა და მეოთხეს იმდენჯერ მოუგიათ ჩემპიონატი და იმდენად მდიდარ ტრადიციები აქვთ, რომ ლეგენდარულებიც კი ეწოდებათ. მაგრამ 5 აპრილს ორივე ლეგენდარულმა ნახევარფინალშივე დაასრულა საკუთარი ისტორიის ტანიანი წიგნისთვის მორიგი ოქროს ფურცელზე მუშაობა - უკლა-ს "მემფისმა" გამოუყვანა წირვა, "ჩრდილოეთ კაროლინა" კი "კანზასმა" შემუსრა. ამ მეორე შეხვედრამ თითქოს თავიდანვე დაკარგა ინტერესი, როცა კანზასელებმა "ლეგენდარულელთა" ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს და პირველ ნახევარში (სტუდენტურ ჩემპიონატში მატჩი ორი 20-წუთიანი ტაიმებისგან შედგება) 40:12 დაწინაურდნენ. ჩრდილოკაროლინელებმა არშერცხვენაღა მოახერხეს - პირველ ტაიმში ჩამორჩენა 38-დან 17 ქულამდე შეამცირეს და მეორეში 5 ქულამდეც კი მიუახლოვდნენ მეტოქეს, მაგრამ სენსაცია არ მოხდა, წლეულს აშკარად უკეთეს ფორმაში მყოფმა "კანზასმა" 18 ქულით, 84:66 იმარჯვა.

მეორე ნახევარფინალი უფრო დაძაბული გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში, პირველი ტაიმი მაინც. "მემფისი" შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდა და მეორეში მოათავა საქმე - 78:63. "კანზასის" ლიდერმა და ნბა-ს მომავალი დრაფტის სავარაუდო პირველმა ნომერმა დერიკ როუზმა უკლა-ს 25 ქულა ჩაუგდო, ნამატჩევს კი იქაურობა ტრაბახით აიკლო - დაწყებამდეც დარწმუნებულები ვიყავით გამარჯვებაში, აქ ამისთვის ჩამოვედით და საერთოდაც, უძლიერესები ვართო. ამ აკრობატ ჯეელს საკუთარი თავისა და გუნდის უძლეველობის რწმენა ალბათ იმის გამოც გაუჯდა, რომ მისმა "მემფისმა" სეზონში 39 თამაშიდან 38 მოიგო და სტუდენტური ლიგის ყველა დროის რეკორდიც დაამყარა.

მაგრამ მჯობნის მჯობნიც მალე მოიძებნა, სულ რაღაც ორ დღეში: ფინალი 7 აპრილს შედგა და სტუდენტთა სოლიდარობის გრძნობით თვით ნბა-ც კი დადუმდა, იმ დღეს მთელი ამერიკა მხოლოდ ჯეელთა კალათბურთს უყურებდა. ფინალი გამოვიდა უკომპრომისო და უდრამატულესი, სწორედ ისეთი, ფინალს რომ ეკადრება. ბრძოლა ოვერტაიმშიც კი გადაიზარდა, როცა კანზასელმა მარიო ჩალმერსმა ყურთასმენის წამღებ გნიასში ძირითადი დროის დამთავრებამდე ორი წამით ადრე 63:60 ანგარიშზე სამქულიანით გაათანაბრა. "კანზასის" ისტორიაში ეს იყო უმნიშვნელოვანესი სროლაო, ამბობდა ამ გუნდის თავკაცი ბილ შელფი.

"როუზი" და "მემფისი" კი იმის გამო დაისაჯნენ, რომ ძირითად დროშივე არ გაიფორმეს ჩემპიონობა. "კანზასმა" დამატებითი ხუთწუთეული 12:5, თამაში კი 75:68 მოიგო და ბოლო ოც წელიწადში პირველად იჩემპიონა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com